მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ჯერჯერობით მუნდიალის საგზური მასპინძელ რუსეთთან ერთად ბელგიას, საუდის არაბეთს, იაპონიასა და ბრაზილიის ნაკრებს აქვთ მოპოვებული.
დიახ, ბრაზილია სამხრეთ ამერიკის ზონიდან ერთადერთია, რომელსაც თავი ქუდში აქვთ. დანარჩენი 3.5 ადგილისთვის ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული.
ყველაზე საინტერესო კი რა თქმა უნდა, არგენტინის ნაკრების ვითარებაა – “ალბისელესტე” მთელი შესარჩევი ციკლია არასტაბილურად თამაშობს და მილიონობით ქომაგს ძალიან ანერვიულებს. ჯერჯერობით შედეგი ვერც მთავარი მწვრთნელის ცვლილებამ გამოიღო. ხორხე სამპაოლის ხელმძღვანელობით არგენტინამ თავის აქტივს მხოლოდ ორი ქულა შემატა. ფრე მონტევიდეოში და იგივე შედეგი შინ მაჩანჩალა ვენესუელასთან. დიდი მოლოდინი იყო, რომ ლიონელ მესის, პაოლო დიბალასა და მაურო იკარდის ტრიო თავის სიტყვას იტყოდა – თუმცა, პირველ-ორ თამაშში მსგავსი არაფერი მომხდარა. სამივე თავის თავს არ გავდა, მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო შეკრებაზე საკმაოდ კარგ ფორმაში გამოცხადდნენ.
არგენტინის ნაკრებს 24 ქულა აქვს და ამ ეტაპზე საპლეი-ოფო, მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. წინ ორი ტურია. სამპაოლის და მის გუნდს რთული კალენდარი არ აქვთ, მაგრამ გამორიცხული არაფერია, არგენტინა სტაბილურობისგან შორსაა.
ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ახლა მეხუთე ადგილზეც არ იქნებოდა, რომ არა ჩილეს ნაკრების მოულოდნელი და საშინელი ჩავარდა. პიცის გუნდი ბოლო პერიოდში საკუთარ თავს არ გავს და მიუხედავად ფიფას კონფედერაციათა თასზე კარგი გამოსვლისა, ვერც შემოდგომას შეხვდა გუნდი კარგ ფორმაში. ეს დიდწილად, ლიდერების ცუდი ყოფითაცაა გამოწვეული – ალექსის სანჩესმა ბოლო დროს ფეხბურთზე მეტი დრო იმაზე ფიქრს დაუთმო, როგორ გაქცეულიყო “არსენალიდან” სხვაგან... არტურო ვიდალი კი საკუთარ თავს აღარ ჰგავს. გამოცდილმა ნახევარმცველმა პარაგვაისთან მშვენიერი ავტოგოლიც გამოაცხო. სხვათა შორის, “მეფე არტურომ” ნაკრებიდან წასვლაზეც ჩამოაგდო სიტყვა. “ლა როხას” შანსი ჯერ კიდევ აქვს – უბრალოდ, დარჩენილი ორი თამაში მოსაგებია: ეკვადორთან და ბრაზილიასთან.
ჩავარდნა აქვს ეკვადორის ნაკრებსაც. არადა, ეს გუნდი ერთი ხანობა მოწინავე პოზიციებს იკავებდა, მაგრამ ბოლო 4 ტურში ქულაც ვერ აიღო და უკვე მუნდიალზე გასვლის შანსი თითქმის მიზერული გაუხდა. სამაგიეროდ, აუტსაიდერის სტატუსიდან ამოძვრა პერუს ნაკრები და ახლა არც მეტი, არც ნაკლები, მეოთხე ადგილზეა! პერუმ მიჯრით სამი თამაში მოიგო და ასე თუ გააგრძელებს უდიდეს წარმატებას მიაღწევს.
სხვებთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაში არიან კოლუმბიისა და ურუგვაის ნაკრებები – ერთი მესამეზეა, მეორე – მეორეზე. “სელესტეს” 4 მატჩიანი მოუგებელი სერია (1 ფრე, 3 წაგება) ჰქონდა, მაგრამ ბოლო ტურში ასუნსიონში პარაგვაის ძლევით მეორე პოზიციაზე აღზევდა. აქედანაც ჩანს, რამდენად დაძაბული ვითარებაა ცხრილში და რამდენად არაპროგნოზირებადია კონმებოლის ზონა.
მუნდიალზე გასვლის შანსი ორ ნაკრებს აქვს დაკარგული: ბოლივია და ვენესუელა მაჩანჩალების როლში არიან, შესაბამისად, 13 და 8 ქულით.
თავში ვახსენეთ ბრაზილია – ბრაზილია უკვე რუსეთშია. “პენტაკამპეონელებმა” მთელი შესარჩევი ციკლი ერთი ამოსუნთქვით განვლო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიქრი უკვე დაწყებული აქვს.
დანარჩენს კი, ოქტომბრის თვე გაარკვევს. მთავარი ინტრიგა, რა თქმა უნდა, არგენტინის ნაკრებია. არგენტინის ნაკრები და ლიონელ მესი...
1. | ბრაზილია | 16 | 11 | 4 | 1 | 38:11 | 37 | |
2. | ურუგვაი | 16 | 8 | 3 | 5 | 28:18 | 27 | |
3. | კოლუმბია | 16 | 7 | 5 | 4 | 19:16 | 26 | |
4. | პერუ | 16 | 7 | 3 | 6 | 26:25 | 24 | |
5. | არგენტინა | 16 | 6 | 6 | 4 | 16:15 | 24 | |
6. | ჩილე | 16 | 7 | 2 | 7 | 24:23 | 23 | |
7. | პარაგვაი | 16 | 6 | 3 | 7 | 17:23 | 21 | |
8. | ეკვადორი | 16 | 6 | 2 | 8 | 24:24 | 20 | |
9. | ბოლივია | 16 | 4 | 1 | 11 | 14:34 | 13 | |
10. | ვენესუელა | 16 | 1 | 5 | 10 | 18:35 | 8 |