კილიან მბაპეს სატრანსფერო საგას ბოლო მოეღო. “პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 18 წლის ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი საიჯარო კონტრაქტი გააფორმა, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ მის სატრანსფერო უფლებებს გამოისყიდიან და ხელშეკრულებას 2022 წლის 30 ივნისამდე გაუფორმებენ.
პარიზულ კლუბს მბაპესთან ახლავე სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება სურდა, თუმცა ნეიმარში გადახდილი 222 მილიონი ევროს შემდეგ, ფინანსურმა ფეირ-ფლეიმ ამის გაკეთების საშუალება აღარ მისცა.
შეგახსენებთ, რომ თინეიჯერი ფორვარდი “მონაკოს” ძირითად გუნდში გასულ სეზონში გამოჩნდა. მან “მონეგასკების” მაისურით 44-ჯერ ითამაშა, 26 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.