ფეხბურთი

22:18 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყრილობა - ფიფასა და უეფას ჩინოსანთა კომენტარები

როგორც იცით, 11 აგვისტოს სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 27-ე ყრილობა გაიმართა. ამის შესახებ უკვე გვეწერა და სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის ნაუბარიც შემოგთავაზეთ. ახლა სხვა სიახლეებზეც.

2016 წლის ფინანსური შედეგები შეაჯამეს და 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ამასთან ერთად, სფფ-ის წესდებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, ცვლილებების შედეგად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი კატეგორიის წევრი ეყოლება - წევრი და ასოცირებული წევრი. ასოცირებული წევრი ხმის მიცემისა და კანდიდატების წარდგენის უფლების გარდა, ყველა იმ უფლებით ისარგებლებს რითაც წევრი. ცვლილება შეეხო მუდმივმოქმედ კომიტეტებს - მეტი ეფექტურობისთვის რამდენიმე კომიტეტი გაერთიანდა და მუშაობას მხოლოდ ის კომიტეტები განაგრძობს, რომელთა საქმიანობაც სასარგებლო იქნება ფეხბურთის განვითარებისთვის.

ცვლილება ასევე შეეხო 62-ე მუხლს, რის შედეგადაც დოპინგთან დაკავშირებული წესები ფიფას ანტი-დოპინგურ უახლეს რეგულაციებთან შესაბამისობაში მოვიდა. 71-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შედეგად კი, წესდებაში განსაზღვრული აღარ იქნება ლიცენზირებისათვის სავალდებულო ლიგები და მისი განსაზღვრის უფლებამოსილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს მიენიჭება.

ყრილობას ფიფას და უეფას წარმომადგენლები ოლივერ იუნგი და ევა პასკიე ესწრებოდნენ. მათ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და საკუთარ გამოსვლაში ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ღირსეულ მასპინძლობაზე და იმ რეფორმებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მიმართულებით ატარებს.

უეფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ევა პასკიემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისათვის, რასაც ის განვითარებისათვის ეწევა: "ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თქვენს მოხსენებაში მადლობა გადაუხადეთ უეფას იმ შესაძლებობისათვის, რასაც ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მასპიძნლობა ჰქვია, თუმცა მე გეტყვით, რომ ეს არასწორია. მადლობას უეფა გიხდით, რადგან თქვენ იყავით სამაგალითოები და უმაღლეს დონეზე უმასპინძლეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ტურნირს... რამდენიმე წლის წინ ჩვენ ნამდვილად ვერ ვიტყოდით, რომ ქვეყანაში ქალთა ფეხბურთი არსებობს, ახლა კი თქვენი აქტივობების შედეგად, უკვე ეროვნულ ჩემპიონატს ატარებთ, სადაც 9 გუნდი მონაწილეობს. 2020 წელს საქართველო ქალთა 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ტურნირების სამაგალითო მასპინძელი, რითაც შეგიძლიათ იამაყოთ,"- აღნიშნა მან.

ფიფას განვითარების პროგრამების კოორდინატორმა (ევროპა) ოლივერ იუნგმა ყრილობა მედიის წარმომადგენლებთანაც შეაჯამა: „ყრილობა ძალიან დადებითად ჩატარდა. მე, როგორც ფიფას წარმომადგენელი, პირველად ვიმყოფები თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში და აუცილებლად, კვლავ გეწვევით. ყრილობა ძალიან საინტერესო იყო, რადგან პრეზიდენტის მოხსენების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთის განვითარების სწორ გზაზე დგას. ამ შედეგებს მაშინაც ვხედავთ, როდესაც ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე ვსაუბრობთ. თუმცა ამ ყველაფერს დრო სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია მყარი საძირკველი იმისათვის, რომ მიაღწიო შენს მიზნებს. წარმატებას ვუსურვებ როგორც ქალთა, ისე კაცთა ეროვნულ ნაკრებებს. ფიფას და უეფას მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ მიზნებს მიაღწევთ და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი კვლავ იკაშკაშებს,“ - განაცხადა ოლივერ იუნგმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122487