ფეხბურთი

23:15 | 18.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: "მივულოცავ იმათ, ვისაც "სამტრედიის" მარცხი გაუხარდა"

საქართველოს ჩემპიონ “სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ “ყარაბაღთან” შეხვედრა (0:1) შეაფასა. ქართველი სპეციალისტის თქმით, მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.

“დღევანდელი თამაშით კმაყოფილი არ ვარ. პირველ რიგში მივულოცავ იმ ადამიანებს, ვისაც გაუხარდათ ჩვენი წაგება. როგორც აზერბაიჯანულ, ისე ქართულ მხარეს. სამწუხაროდ, საქართველოშიც არიან ასეთი ადამიანები. როდესაც 0:6 წააგებ ორი მატჩის ჯამში, არაფერია სასაუბრო – გვაჯობა მეტოქემ და დამსახურებულად მოიგო. არ ვიყავით მზად “ყარაბაღის” ბარიერის დასაძლევად. გოლიც ვერ გავიტანეთ, მაგრამ ვფიქრობ, მინიმუმ ერთი გოლის გატანა, როგორც თბილისში, ისე ბაქოში შეგვეძლო.

ვიტყოდი, რომ ორივე გუნდმა დღეს კარგად ივარჯიშა. სამწუხაროდ, ეს იმის გამო მოხდა, რომ პირველი შეხვედრა 0:5 წავაგეთ.

საქართველოში უფრო ძლიერი გუნდები რომ იქნებიან ფინანსურად მაშინ მოვა წარმატება. ახალ ველოსიპედს არ ვიგონებ, მაგრამ ასეა. ლეგიონერებზე არაფერს ვამბობ, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ, ჩვენთან ვათამაშოთ, მერწმუნეთ ამ ბარიერს გავივლიდით. ასეა, ყველა ქართული გუნდი ერთნაირ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდ,ა შეიძლება უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობით დაამარცხო მაღალი დონის მეტოქე, მაგრამ ამას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. “ყარაბაღის” გამარჯვება მხოლოდ ფინანსების დამსახურება არაა. ამ გუნდს ძალიან კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელებიც ჰყავს.

ვფიქრობ, რომ ქართულ გუნდებს მოტივაცია გაეზრდებათ და მომავალში, როდესაც აზერბაიჯანულ გუნდს შევხვდებით, დავამარცხოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ეს დასკვნა უდნა გამოვიტანოთ. არ ვგულისხმობ მხოლოდ “სამტრედიას”, არამედ ქართულ გუნდებს – “დინამოს”, “ტორპედოს”, ბათუმის “დინამოს”.

ფეხბურთში მუდმივი არაფერია. დღეს აზერბაიჯანულ ფეხბურთს აქვს პროგრესი და იგებენ, მაგრამ მოვა დრო და ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა კი, გილოცავთ წარმატებას." - განაცხადა ცეცაძემ.

აქვე, "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი სტუმარი ჟრნალისტების მიმართ არცთუ კეთილგანწყობილი იყო და მათ კითხვებს გვერდს უვლიდა. მაგალითად, კითხვაზე რითაა განპირობებული ქართული ფეხბურთის კრიზისი, ქართველი მწვრთნელის პასუხი ასეთი გახლდათ:

"გილოცავთ, გილოცავთ გამარჯვებას. ჩვენს საქმეს ჩვენვე მივხედავთ. უმჯობესი იქნება უფრო მახვილგონივრულ კითხვებს თუ დამისვამთ".

შეგახსენებთ, “სამტრედიამ” “ყარაბაღთან” ორი მატჩის ჯამში 0:6 წააგო და უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთშა.

0.169524