ფეხბურთი

10:25 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჩვენი მიზანი ლა ლიგაში დაბრუნებაა" - პაპუნაშვილი "სარაგოსაში" წარადგინეს

ესპანეთის სეგუნდადივიზიონის ბინადარმა „რეალ სარაგოსამ“ გიორგი პაპუნაშვილი ადგილობრივი მედიის წინაშე წარადგინა. ამიერიდან, ქართველი არაგონულ გუნდში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო მასზე გვარის შემოკლებული ვერსია - „პაპუ“ იქნება გამოსახული.

რაც შეეხება ჟურნალისტებთან შეხვედრას - პაპუნაშვილმა ადგილობრივ მედიასთან ქართულ ენაზე ისაუბრა და მათ თარჯიმნის მეშვეობით პასუხობდა. პაპუნაშვილის განცხადებით, „სარაგოსას“ და მისი მიზანი ლა ლიგაში აღზევებაა.

„ჩემს თავზე საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, კარგი ფეხბურთელი ვარ და იმედია, აქ ყველაფერი კარგად იქნება. ნახევარმცველი ვარ, მაგრამ სადაც გუნდს დასჭირდება, იქ ვიქნები. სარაგოსაზე წარმოდგენა რა თქმა უნდა, მქონდა. თუმცა, აქ სულ სამი დღეა რაც ჩამოვედი და უახლოეს მომავალში ყოველი დეტალი მეცოდინება ამ ქალაქზე.

მე ვარ ამბიციური ფეხბურთელი და „სარაგოსაში“ გადასვლა სწორედ გუნდის ამბიციამ გადამაწყვეტინა. ვფიქრობ, ლა ლიგაში დაბრუნება შეუძლია და ეს არის ჩვენი მიზანი. ჩემი აზრით, გუნდს ამის ძალა გააჩნია, რომ ლა ლიგაში წელსვე დაბრუნდეს - „სარაგოსას“ ადგილი სეგუნდადივიზიონი არაა. ჩისკო ჩემი თანაგუნდელი იყო, მაგრამ „სარაგოსასთან“ არანაირი შეხება არ გვქონია. მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაკავშირებს. უახლოეს დღეებში კი, ესპანურის სწავლას დავიწყებ და ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ახლა ქართულად ვლაპარაკობ“, - განაცხადა პაპუნაშვილმა წარდგენისას.

შეგახსენებთ, გიორგი პაპუნაშვილმა „სარაგოსასთან“ 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.298727