ჩოგბურთი

13:45 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ტიმი არ დაინდო, ზვერევი პირველ მასტერსს შეუტევს

რომის მასტერსის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალის მძლეველი დომინიკ ტიმი არ დაინდო და 59 წუთში 6:1, 6:0 დაამარცხა. 20 მაისს სერბმა ორი თამაში მოიგო. წინა დღეს გადადებულ შეხვედრაში მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ხუან-მარტინ დელ პოტროს საბოლოოდ 6:1, 6:4 სძლია, საღამოს კი ავსტრიელს იოლად მოუგვარა საქმე.

ნოვაკი მიმდინარე წელს ATP-ის ტურნირის ფინალში მეორედ გავიდა. ჯოკოვიჩმა იტალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალი მერვედ მოიგო, ამ ტურნირზე მოგება-წაგების ბალანსი 41-6-ზე აქვს და მეხუთედ შეეცდება ჩემპიონი გახდეს.

სერბი მასტერსის 31-ე ტიტულის მოგებას შეეცდება, მისი მეტოქე კი ამ დონის ტურნირის ახალბედა ფინალისტი ალექსანდრ ზვერევი იქნება. გერმანელმა ნახევარფინალში ჯონ ისნერი მძიმე ბრძოლაში 6:4, 6:7, 6:1 დაამარცხა. წარმატებული ასპარეზობა ზვერევს დაუფასდა და ლაივ-რეიტინგში უკვე მე-14 ადგილზე იმყოფება, იმ შემთხვევაში თუ 20 წლის გერმანელი ჯოკოვიჩს დაამარცხებს ათეულის წევრი გახდება. იტალიის ღია პირველობის ფინალი 21 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.16522