სხვა

0:40 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოკ-ის მორიგი ვერდიქტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ანტისადოპინგო წესების დარღვევაში მხილებულია კიდევ ორი რუსი სპორტსმენი - შვიდჭიდელი ტატიანა ჩერნოვა და მორბენალი მაქსიმ დილდინი.

სოკ-ის სადისციპლინო კომისიის ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო დოპინგ-სინჯების გადამოწმების შედეგები. ორივე სპორტსმენს დაუმტკიცდა ტურინაბოლის გამოყენება.

ჩერნოვას ჩამოერთვა 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მძლეოსნურ შვიდჭიდში მიღებული ბრინჯაოს მედალი და შესაბამისი დიპლომი. რაც შეეხება დილდინს, ის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოდიოდა 400 მეტრზე რბენაში და 4X400 მეტრზე ესტაფეტაში.

სოკ-მა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას სთხოვა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების შედეგებში, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს კი დაევალა უმოკლეს ვადაში დააბრუნოს დისკვალიფიცირებული სპორტსმენების ოლიმპიური მედალი და დიპლომები.

სოკ-ის სადისციპლინო კომისიამ, დოპინგ-სინჯების გადამოწმების საფუძველზე, აქამდე რუსეთს ჩამოართვა 2008 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული 14 მედალი (1 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო) და 2012 წელს აღებული 9 მედალი (3 ოქრო, 6 ვერცხლი). გარდა ამისა, ანტისადოპინგო წესების სხვადასხვა დარღვევისთვის, რუსეთმა ასევე დაკარგა კიდევ 4 ოლიმპიური მედალი (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო). ჯამში, რუს სპორტსმენებს ჩამოერთვათ 27 ოლიმპიური მედალი.

www.geonoc.org.ge

0.133838