ფეხბურთი

2:31 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" ევროპისკენ იყურება, "ინტერი" - უფსკრულისკენ (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXXIII ტური ლამაზად დაიწყო – ორ შეხვედრაში 14 გოლი გავიდა, რაც რა თქმა უნდა, ჩინებული შედეგია. მორიგი უფერული თამაში ჩაატარა მილანის “ინტერმა”, რომელიც ნელ-ნელა ევროპა ლიგის საგზურსაც კარგავს.

სტეფანო პიოლის შეგირდები ფლორენციაში ჩავიდნენ და ადგილობრივ გუნდთან ვერაფერი გააწყვეს. არადა, პირველი ტაიმი სტუმრებმა ივან პერიშიჩისა და მაურო იკარდის გოლებით მოიგეს კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა. ჯერ იყო და, ფედერიკო ბერნარდესკიმ თერმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა, “იებმა” მალევე მოახერხეს გატანა. დავიდე ასტორიმ და მატიას ვესინომ ორ წუთში ორჯერ აიღეს “ნერაძურის” კარი. მერე უკვე ხუმა ბაბაკარის ჯერი დადგა – სენეგალელმაც ვესინოს მსგავსად დუბლი გაიფორმა და 79-ე წუთზე ტაბლოზე უკვე 5:2 აენთო “ვიოლას” სასარგებლოდ. თითქოს, ეს ნიშნავდა, რომ პაულო სოუზას გუნდი სამ ქულას მარტივად მოიპოვებდა, მაგრამ მატჩის ბოლო ორ წუთში მაურო იკარდიმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა. თუმცა, დარჩენილი დრო “ინტერისთვის” საკმარისი არ გამოდგა და დამარცხდა. აქვე გეტყვით, რომ იკარდის მიმდინარე სეზონში 24 გოლი დაუგრივდა, რაც მისი პირადი რეკორდია. საინტერესოა, რომ იტალიის ჩემპიონატში ასეთი შედეგიანი მატჩი ბოლოს 2014 სექტემბერში გაიმართა. მაშინ “პარმა” – “მილანის” მატჩიც 5:4 დასრულდა. “ინტერს” 33 ტურის თავზე 56 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. ეს კი, ლომბარდიული გრანდის ამბიციებს ნამდვილად არ უნდა შეესაბამებოდეს. სხვათა შორის, იქვეა “ფიორენტინა”, რომელსაც ახლა აქტივში 55 ქულა გააჩნია.

ტური კი, ბერგამოში დაიწყო, სადაც არანაკლებ სანახაობრივი და დრამატული შეხვედრა ჩაატარეს “ატალანტამ” და “ბოლონიამ” – ბერგამოელები მიმდინარე სეზონს დიდებულად რომ ატარებენ, ძველი ამბავია. ჰოდა, მასპინძლებმა საქმეს ხელი თავიდანვე მოკიდეს და უკვე მე-14 წუთზე ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. ჯერ ანდრეა კონტიმ გახსნა ანგარიში, მერე კი, რემო ფროილერმა აუბა მხარი. მიუხედავად ცუდი სტარტისა, “ბოლონია” არ დანდებდა – მალევე მატია დესტრომ შემაცირა სხვაობა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ფედერიკო დი ფრანჩესკომ გაათანაბრა კიდეც. და მაინც, “ატალანტამ” ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. და ვინ გაიტანდა გადამწყვეტ გოლს? – რა თქმა უნდა, მატია კალდარა. ნიჭიერმა მცველმა მიმდინარე სეზონში მეშვიდე გოლი შეაგდო და ტოპ ჩემპიონატებში თავისი ამპლუის ფეხბურთელთაგან ყველაზე შედეგიანია. გარდა ამისა, წელს, “ატალანტას” მცველების ანგარიშზე 16 გოლია და ესეც წამყვან ჩემპიონატებში ყველაზე მაღალი შედეგია. “ატალანტა” კი ამასობაში მეოთხე ადგილზე აღზევდა ევროპა ლიგის საგზურთან ძალიან ახლოსაა...

“ატალანტა” – “ბოლონია” 3:2 (2:1)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 16 000

“ატალანტა” (3-4-1-2): ბერიშა; მაზიელო, კალდარა, ტოლოი (დ’ალესანდრო 63); კონტი, კესიე (კრისტანტე 22), ფროილერი, სპინაცოლა; კურტიჩი; პეტანია (გრასი 72), გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; მბაიე (კრაფტი 74), მაიეტა, გასტალდელო, მაზინა; ტაიდერი, ჯემაილი, ვივიანი (პეტკოვიჩი 83); დი ფრანჩესკო, დესტრო, კრეიჩი (ოკვოკვო 78)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 კონტი (3), 2:0 ფროილერი (14), 2:1 დესტრო (16), 2:2 დი ფრანჩესკო (61), 3:2 კალდარა (75)

გაფრთხილება: კალდარა (43), მაზიელო (78) – ჯემაილი (44), გასტალდელო (51), ბმაიე (57)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (3) – 7 (6) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: კარმინე რუსო

“ფიორენტინა” – “ინტერი” 5:4 (1:2) VIDEO

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 26 000

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი (სალსედო 54), სანჩესი, ასტორი; ტელო (კრისტოფორო 82), ბადელი, ვესინო, მილიკი; ბორხა ვალერო, ბერნარდესკი (ილიჩიჩი 57); ბაბაკარი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მედელი, მირანდა, ნაგატომო (ედერი 73); გალიარდინი, კონდოგბია (ბროჟოვიჩი 76); კანდრევა, ჟოაო მარიო, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 1:0 ვესინო (23), 1:1 პერიშიჩი (29), 1:2 იკარდი (34), 2:2 ასტორი (62), 3:2 ვესინო (64), 4:2 ბაბაკარი (70), 5:2 ბაბაკარი (79), 5:3 იკარდი (88), 5:4 იკარდი (90)

გამოუყენებელი პენალტი: ბერნარდესკი (52, მეკარე)

გაფრთხილება: ასტორი (75), სანჩესი (78, კრისტოფორო (90) – ჰანდანოვიჩი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (9) – 9 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:10 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: პაოლო ვალერი

ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 25 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 25, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 24, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 23, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 21, ჩირო იმობილე (“ლაციო”) – 18.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116039