ფეხბურთი

3:18 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: სამი დამატებითი დრო, ერთი პენალტების სერია და ოთხი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 1/2 ფინალში

ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის ოთხივე განმეორებითმა შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. გენკში გამართულ დაპირისპირებაში ბრძოლამ 90 წუთს გასტანა, გელზენკირხენში და მანჩესტერში 120 წუთს, ხოლო სტამბოლში კიდევ უფრო დიდხანს და გამარჯვებული ვინაობა პენალტების სერიამ გამოავლინა.

ქომაგების აბსოლუტური უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ ბელგიაში ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედს” მომდევნო ეტაპზე გასვლა არ გაუჭირდებოდა და “ანდერლეხტის” ბარიერს იოლად დაძლევდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ბელგიურ კლუბს ძირითად დროში ვერაფერი დააკლეს.

საწყისი 20 წუთი მთლიანად მასპინძლების იყო და მე-10 წუთზე ჰენრიხ მხიტარიანმა ანგარიში გახსნა. “იუნაიტედს” სულ მალე მეორე ბურთის გატანა შეეძლო, მაგრამ სტუმართა მეკარემ რუბენმა ივარგა და ჯერ პოგბას აჯობა, ხოლო შემდეგ ლინგარდს.

მე-20 წუთიდან მოყოლებული ბელგიელებიც გამოცოცხლდნენ და რომერომ ორი კარგი ბურთის აღება მოახერხა, მაგრამ 32-ე წუთზე ისიც ვერაფერს გახდა და ჰანიმ ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლომდე ორივე გუნდს ჰქონდა მომენტი, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევრის დასაწყისი დაახლოებით თანაბარი გახლდათ და თამაში ორმხრივ შეტევებში მიდიოდა, თუმცა რაც დრო გადიოდა, მასპინძელთ უპირატესობა უფრო მეტად იკვეთებოდა და რუბენის კართანაც მეტი მომენტი იქმნებოდა. ესპანელმა კიპერმა რამდენჯერმე იხსნა საკუთარი გუნდი, ხოლო რამდენიმე მომენტში მარკუს რეშფორდს, პოლ პოგბას და ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიზანმა უმტყუნა. ძირითადი დრო “წითელი ეშმაკებისთვის” ცუდად დამთავრდა: იბრაჰიმოვიჩმა მძიმე ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ანტონი მარსიალი გამოვიდა.

“მანჩესტერი” დამატებით დროში კიდევ უფრო მიაწვა მეტოქეს და საბოლოოდ 107-ე წუთზე გატეხა: მარუან ფელაინიმ მეტოქის საჯარიმოში მარკუს რეშფორდს თავით დაუგდო ბურთი, რომელმაც მშვენივრად დაამუშავა და რუბენს შორეულ კუთხეში გაუტანა.

დარჩენილ დროში “ანდერლეხტმა” შეტევა სცადა და ერთი-ორჯერ მეტნაკლებად სახიფათოდ შეუტია კიდეც, თუმცა გოლის გასატანად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და შემდეგ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედი” გავიდა.

“ამსტერდამ არენაზე” 2:0-ის წაგების შემდგომ “შალკე” ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, თუმცა გერმანელებმა ბოლომდე იბრძოლეს და 56-ე წუთისთვის გორეცკას და ბურგსტალერის გოლებით ეს ჩამორჩენა აღმოფხვრეს, ხოლო მე-80 წუთზე ველტმანის გაძევების შემდგომ “აიაქსი” კაცნაკლული დარჩა და უკვე თავად აღმოჩნდა ურთულეს მდგომარეობაში.

“ხუმარებს” სულ ცოტა დააკლდათ, რომ ყველაფერი ძირითად დროში დაესრულებინათ, მაგრამ 94-ე წუთზე ბენედიკტ ჰიოვედესს ანდრე ონანამ საოცარი ბურთი აუღო და “აიაქსი” გავარდნისგან იხსნა.

დამატებითი დრო გასაკვირი არაა, რომ მასპინძლების აქტიურობით დაიწყო და 101-ე წუთზე კალიჯურიმ უპირატესობის მომტანი გოლიც გაიტანა. თუმცა, 10-კაციანი “აიაქსი” არ დანებდა და 111-ე წუთზე ნიკ ვიერგევერმა ნასტასიჩის შეცდომის შემდგომ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ხოლო 120-ე წუთზე შეტევაში წასული “შალკე” იუნესმა მეორე ბურთით დასაჯა და ამსტერდამული გრანდი 1/2 ფინალში გავიდა.

“ბეშიქთაშის” და “ლიონის” დაპირისპირებაში კი, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გამოდგა საჭირო. ძირითად დროში მასპინძელთაგან დუბლი ანდერსონ ტალისკამ გაიფორმა, ხოლო ფრანგებისგან ერთი ბურთი ალექსანდრე ლაკაზეტმა შეაგდო.

პენალტების სერია ძალიან ამაღელვებელი და ნერვების თამაში აღმოჩნდა. გუნდებმა საწყისი 6-6 დარტყმა ზუსტად შეასრულეს, ხოლო შემდეგ ტოსიჩმა ანტონი ლოპეშს ვეღარ აჯობა. ყველაფერი კრისტოფ ჟალეზე იყო დამოკიდებული, მაგრამ გამოცდილმა მცველმა ფაბრის კარს ზემოდან გადააცილა და ყველაფერი ახლიდან დაიწყო. თუმცა, ვერ ივარგა თურქების ვერც მეორე ცენტრალურმა მცველმა მიტროვიჩმა და მასაც ლოპეშმა აჯობა, ხოლო მაქსიმ გონალონსმა უკვე ზუსტად დაარტყა და “ლიონი” ევროპა ლიგისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ერთადერთი დუელი, სადაც ყველაფერი ძირითად დროში გადაწყდა “გენკის” და “სელტას” ჯახია. უგოლო ტაიმის შემდგომ, გალისიური კლუბი 63-ე წუთზე სისტომ დააწინაურა და ბელგიელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორი ბურთის გატანა სჭირდებოდათ. ტროსარდმა ერთი ბურთი ოთხ წუთშივე შეაგდო, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებს ბევრი მცდელობის მიუხედავად აღარაფერი გამოუვიდათ და 1/2 ფინალი ესპანური კლუბის გარეშე არ ჩაივლის.

ამრიგად, ევროპა ლიგის თასისთვის ბრძოლას ოთხი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი განაგრძობს: ესპანეთის, ინგლისის, ჰოლანდიის და საფრანგეთის.

ბეშიქთაში – ლიონი 2:1 (1:1) პენ: 6:7

სტამბოლი, “ვოდაფონ არენა”

ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი, ტოშიჩი, მიტროვიჩი, ადრიანო (ბეკი 77), გონული, ოზიაკუპი (უსალი 94), ჰაჩინსონი, ტალისკა, ბაბელი, კვარეზმა (არსლანი 117), ტოსუნი.
მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

ლიონი (4-3-3): ლოპეში, ნ’კულუ, დიაკაბი, მორელი (რიბუსი 120+2), ჟალე, ტუსარტი, გონალონსი, ტოლისო, ვალბუენა, კორნე (ფეკირი 77), ლაკაზეტი (გეჟალი 91).
მწვრთნელი: ბრუნო გენესიო

გოლები: 1:0, 2:1 ტალისკა (27; 58), 1:1 ლაკაზეტი (34)
გაფრთხილებები: ადრიანო, ტოშიჩი, გონული – გონალონსი
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

პენალტების სერია: 1:0 ბაბელი, 1:1 ფეკირი, 2:1 ტოსუნი, 2:2 ტოლისო, 3:2 ჰაჩინსონი, 3:3 გეჟალი, 4:3 არსლანი, 4:4 რიბუსი, 5:4 ტალისკა, 5:5 ვალბუენა, 6:5 უსალი, 6:6 დიაკაბი, 6:6 ტოშიჩი (მეკარე), 6:6 ჟალე (ააცილა), 6:6 მიტროვიჩი (მეკარე), 6:7 გონალონსი.

გენკი – სელტა 1:1 (0:0)

გენკი, “კრისტალ არენა”

გენკი (4-3-3): რაიანი, ბრაბეჩი (დეუესტი 81), კოლი, კასტანიე, ურონენი, ბერგი, პოზუელო, მალინოვსკი (ბოეტიუსი 72), ბუფელი (შრივერსი 72), ტროსარდი, სამატა.
მწვრთნელი: ალბერტ სტუივენბერგი

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, ხონი, მალიო, რადოია, პ.ერნანდესი, ვასი (ხოზაბედი 80), ასპასი, სისტო, გუიდეტი (ბივუ 42, რონკალია 91).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 0:1 სისტო (63), 1:1 ტროსარდი (67)
გაფრთხილებები: დეუესტი – პ.ერნანდესი, ხონი, მალიო
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

მანჩესტერ იუნაიტედი – ანდერლეხტი 1:1 (1:1) დ.დ. 2:1

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): რომერო, როხო (ბლინდი 23), ბაილი, ვალენსია, შოუ, კერიკი, ლინგარდი (ფელაინი 60), პოგბა, რეშფორდი, მხიტარიანი, იბრაჰიმოვიჩი (მარსიალი 91).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ანდერლეხტი (4-1-4-1): რუბენი, სპაჟიჩი, მბოჯი, აპია, ობრადოვიჩი, დენდონკერი, ჰანი (სტანკუ 64), ტიელემანსი, აჩეამპონგი, ჩიფჩუ (ბრუნო 64), ტეოდორჩუკი (ტელინი 79).
მწვრთნელი: რენე ვეილერი

გოლები: 1:0 მხიტარიანი (10), 1:1 ჰანი (32), 2:1 რეშფორდი (107)
გაფრთხილებები: ტიელემანსი, აპია
მსაჯი: უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

შალკე – აიაქსი 2:0 (0:0) დ.დ. 3:2

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

შალკე (4-2-3-1): ფერმანი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, კოლოშინაცი, რიტერი (ავდიჯა 112), ბენტალები, სტამბული (ჰუნტელაარი 53), გორეცკა (გეისი 84), მეიერი, კალიჯური, ბურგსტალერი.
მწვრთნელი: მარკუს ვეინზიერლი

აიაქსი (4-3-3): ონანა, დ.სანჩესი, დე ლიგტი, ვიერგევერი, დე ლიგტი, შონე (ვან დე ბიკი 74), კლაასენი, ზიეჩი, კლიუვერტი (დოლბერგი 61), იუნესი, ბ.ტრაორე (ტეტე 82).
მწვრთნელი: პიტერ ბოში

გოლები: 1:0 გორეცკა (53), 2:0 ბურგსტალერი (56), 3:0 კალიჯური (101), 3:1 ვიერგევერი (111), 3:2 იუნესი (120)
გაფრთხილებები: ბურგსტალერი, კოლოშინაცი, ნასტასიჩი – ველტმანი, ვიერგევერი, ზიეჩი
გაძევება: ველტმანი (80)
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

0.174845