ფეხბურთი

23:31 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგის" რეალობა ზღაპარს აღარ ჰგავს (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XXV ტურის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ “რედ ბულ ლაიპციგის” ზღაპარი დასრულდა და ყველაფერი რეალობაში იქცა. რალფ ჰასენჰუტლის გუნდი უკვე არათუ “ვერცხლის სინზე” აცხადებს პრეტენზიას, არამედ სეზონის ბოლომდე ჩემპიონთა ლიგის ზონაში რომ მოხვდეს, ძალიან დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოუწევს.

“ლაიპციგმა” ამჯერად მორიგი უღიმღალო მატჩი “ვეზერშტადიონზე” ჩაატარა, სადაც ადგილობრივ “ვერდერთან” განადგურდა – 0:3. აღსანიშნავია, რომ “მუსიკოსთაგან” სამივე გოლი ავსტრიელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს და ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთსა და იმავე მატჩში ერთი ქვეყნის სამმა წარმომადგენელმა გაიტანა გოლი. “ვერდერმა” მნიშვნელოვანი გამარჯვებით სიტუაცია კიდევ უფრო გაიუმჯობესა. საერთოდ, ბრემენელებმა ზედიზედ მეხუთე წაუგებელი თამაში ჩაატარეს და წესით ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეთ. აი, “ლაიპციგმა” კი, ბოლო სამ ტურში ერთი ქულა დააგროვა და მეორე ადგილის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას. სხვათა შორის, არც მეოთხეადგილოსანი “ჰოფენჰაიმია” ძალიან შორს და რედ ბულით შეგულიანებულ ბიჭებს დროულად გონზე მოსვლა მართებთ, სანამ გვიან არაა...

თავის მხრივ, “ჰოფენჰაიმმა” საკუთარ მოედანზე სანდრო ვაგნერის გოლით პრინციპული თამაში მოუგო ლევერკუზენის “ბაიერს” – გარდა იმისა, რომ “ჰოფე” ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყარად დამკვიდრდა, “ლევერკუზენი” ფაქტობრივად გზიდან ჩამოიცილა. არადა, ბოლო წლებში, “ფარმაცევტები” პირველი წრის ჩაგდების მერე, მეორე წრეში ახერხებდნენ სიტუაციის გამოსწირებას, მაგრამ როგორც ჩანს, წელს ასე არ იქნება. “ლევერკუზენს” ვეღარ ტაიფუნ კორკუტი შველის და უკვე ოთხი თამაშია არ მოუგია გუნდს. მოკლედ, “ბაი არენაზე” შეუძლიათ მომავალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყონ.

ბერლინის “ჰერტა” სტაბილური გუნდი რომ იყოს, მის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მაგრამ, ვაი, რომ არაა – პალ დარდაის შეგირდებმა წინა ტურში “დორტმუნდს” მოუგეს და უდიდესი მუხტი მიიღეს, მაგრამ აგერ ახლა, კიოლნში ჩავიდნენ და ენტონი მოდესტესთან წააგეს – დიახ, ფრანგმა დედაქალაქელებს სამი ბურთი შეუგდო და “თხები” ევროზონაში დააბრუნა. სხვათა შორის, მოდესტეს უკვე 22 გოლი დაუგროვდა და “კიოლნის” ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ბუნდესლიგაში ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხევდით.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ოდნავ ფერზე მოვიდა 2009 წლის ჩემპიონი “ვოლფსბურგი” – “მგლებმა” საკუთარ კედლებში აუტსაიდერი “დარმშტადტი” დაამარცხეს – 1:0. როგორც წინა ტურში “ლაიპციგთან”, ამჯერადაც სამქულიანი გოლი მარიო გომესმა გაიტანა. მოკლედ, გამოცდილმა გოლეადორმა “ვოლფსბურგს” პირადად მოუტანა 6 ქულა...

დღევანდელი სათამაშო დღის კიდევ ორი მატჩი ფრედ დასრულდა: “აინტრახტმა” და “ჰამბურგმა” ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს, ხოლო “აუგსბურგისა” და “ფრაიბურგის” შეხვედრაში ჯერ სტუმრები იგებდნენ, მერე მასპინძლებმა გაათანაბრეს.

“აუგსბურგი” – “ფრაიბურგი” 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ნიდერლეჩნერი (30, პენ), 1:1 სტაფილიდისი (38)

“კიოლნი” – “ჰერტა” 4:2 (3:0) VIDEO

გოლები: 1:0 ოსაკო (6), 2:0 მოდესტე (35), 3:0 მოდესტე (37), 3:1 იბიშევიჩი (50, პენ), 4:1 მოდესტე (63), 4:2 ბრუკსი (69)

“ჰოფენჰაიმი” – “ლევერკუზენი” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვაგნერი (62)

“ვერდერი” – “ლაიპციგი” 3:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 იუნუზოვიჩი (34), 2:0 გრილიტში (59), 3:0 კაინცი (90)

“ვოლფსბურგი” – “დარმშტადტი” 1:0 (1:0) VIDEO

გოლი: 1:0 გომესი (45)

“აინტრახტი” – “ჰამბურგი” 0:0 (0:0)

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 23 გოლი, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 22, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 21, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 14.

თეგებიბუნდესლიგა
0.405894