რუმინეთის ქალაქ ბრაილაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა 22-წლამდე მოკრივეთა შორის. კონტინენტის პირველობაზე თავიანთი პირველი ბრძოლები გამართეს საქართველოს ნაკრების წევრებმა ესკერხან მადიევმა და ლაშა გურულმა.
64 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რუსთაველმა გურულმა, თავისი სასტარტო შეხვედრა რუსი მეტოქის ანდრეი კირიჩენკოს წინააღმდეგ ჩაატარა და გამარჯვება იზეიმა. წარმატებული გამოდგა თბილისელი მადიევის მიერ ჩატარებული ბრძოლაც, რომლის მეტოქე ბულგარეთის სახელით მოასპარეზე რობერტ ჩამასანიანი იყო. საქართველოს ნაკრების წევრმა, მოწინააღმდეგე ხუთივე მსაჯის შეფასებით ერთხმად დაამარცხა.
მადიევისა და გურულის გარდა, ევროპის 22-წლამდელთა პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ნოდარ დარბაიძე, არტიუშ გომციანი, კონსტანტინე ხვისტანი, რატი ტლაშაძე და გიორგი ჭიღლაძე იცავენ. ჩემპიონატში, რომელიც 22 მარტს დასრულდება, ჩვენი მოკრივეების გარდა, სამვარსკვლავიანი ქართველი რეფერი ტარიელ გოგოჭურიც მონაწილეობს.
ქართველ მოკრივეებს რუმინეთში ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი შალვა დუნდუა და ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ბეჟან ჭიჭინავა ახლავთ. დელეგაციას, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური ხელმძღვანელობს.
საქართველოს კრივის ფედერაციის პრესსამსახური