აზერბაიჯანის დედაქლაქში სტარტი აიღო მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირმა, სახელწოდებით “დიდი აბრეშუმის გზა”. ბაქოს რინგზე, 9 სხვადასხვა ქვეყნის მოკვირეებს შორის, ქართველებიც გამოვლენ.
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩვენი ნაკრები ტურნირზე 5 წონით კატეგორიაში 6 მონაწილით იასპარეზებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ფოთელი გიორგი გოგატიშვილი დაიცავს, 64-ში რუსთაველი უჩა მაისურაძე იასპარეზებს, 75 კილოგრამში თბილისელი გიორგი გიორგაძე და ჭიათურელი გიორგი ჯაფარიძე გამოვლენ, 81 კილოგრამში ფოთელი იაგო კიზირია, ხოლო 91-ში რუსთაველი ალექსანდრე დოკვაძე. ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ბონდო მამულაშვილი და ზაალ ჯავახაძე შეადგენენ.
ტურნირს ასევე ორი ქართველი მსაჯი ვასილ შავგულიძე და ალბერტ ამისულაშვილი მოემსახურება. ქართველი მოკრივეების კონკურენტები, მასპინძელი აზერბაიჯანელი მოკრივეების გარდა, ყაზახეთის, თურქეთის, უკრაინის, უზბეკეთის, ყატარის, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები იქნებიან. პირველობა დღეს დაიწყო და 18 მარტს დასრულდება.