ფეხბურთი

2:50 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვნებათაღელვა ტურინში: ბრწყინვალე დონარუმა და "მილანის" პროტესტი (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXIII ტური სუპერმატჩით გაიხსნა – შეხვედრა ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ამ გუნდთა დაპირისპირებას შეშვენის.

მაღალი ტემპი, დაძაბულობა, ლამაზ ეპიზოდთა სიუხვე, უდიდესი კულმინაცია მატჩის ბოლოს – “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე ზედიზედ 31-ე თამაში მოიგო, მაგრამ ძალიან ახლოს იყო, რომ ბრწყინვალე სერია შეეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელთა გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დიდწილად შეხვედრის არბიტრ დავიდე მასასკენ იშვერენ თითს, მაგრამ ფაქტია, “იუვემ” სამი ქულა დაიმსახურა. თავად განსაჯეთ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი მთელი თამაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა: კარისკენ 22-ჯერ დაარტყა (მაშინ, როცა “მილანმა” ხუთჯერ), კარში კი მასპინძლებმა 15-ჯერ დაარტყეს და 10 კუთხური მოაწოდეს. იგივე კომპონენტებში სტუმრების მონაგარი ასეთი იყო: შესაბამისად, 3 და 2.

ამ ციფრებიდანაც კარგად ჩანს, თუ რამხელა უპირატესობას ფლობდა “იუვენტუსი”, თუმცა რომ არა მსაჯის ბოლო დამატებულ წუთზე დანიშნული თერთმეტრიანი შეხვედრას მაინც ვერ მოიგებდა. ამის მთავარი მიზეზი კი, ჯანლუიჯი დონარუმა იყო, რომელმაც ფანტასტიური მატჩი ჩაატარა და საოცარი ბურთები აიღო. ვინც ეს თამაში ნახა, ამაში ნამდვილად დამეთანხმება. დონარუმამ, სამჯერ სამი ხედირას, ამდენჯერვე გონსალო იგუაინს, მირალემ პიანიჩსა და მარკო პიაცას ურთულესი ბურთები აუღო. რამდენჯერმე კი, (მეტწილად, პიაცამ) მცირედით ააცილეს კარს. ერთხელ ბურთი ხარიხასაც მოხვდა. ამის ფონზე “მილანმა” ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი გოლად აქცია: თამაშგარის ზღავრზე მყოფმა კარლოს ბაკამ ჟერარ დეულოფეუს პასი შეირგო და გაიტანა – სხვათა შორის, “როსონერიმ” კარში პირველად სწორედ გოლის ეპიზოდში, 43-ე წუთზე დაარტყა. თუმცა, სანამ კოლუმბიელი შეაგდებდა, მანამდე მასპინძლები უკვე იგებდნენ – დანი ალვეშის გადაცემის შემდეგ ალესიო რომანიოლი ხელოვნური თამაშგარის შექმნისას ჩარჩა და მეჰდი ბენატიამ ფორვარდისათვის შესაშური ოსტატობა გამოავლინა.

რაც შეეხება მატჩის კულმინაციას: ხოსე სოსამ სამ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. არგენტინელმა მეორე გაფრთხილება მსაჯის მესამე კომპესირებულ წუთზე მიიღო და შესაბამისად, მასას მის მიერვე დამატებულ წუთებზე კიდევ დამატება მოუწია. ზედ, მეოთხე დამატებული წუთის ბოლო წამი მიმდინარეობდა, როცა იგუაინმა ბრწყინვალე ვარდნაში დაარტყა (სხვათა შორის, “პიპიტამ” აღნიშნულ სტილში სამჯერ სცადა გატანა და სამჯერვე ახლოს იყო მიზანთან) და დონარუმამ გადაარჩინა აშკარა გოლს თავისიანები. ეპიზოდი გაგრძელდა და სტეფან ლიხშტაინერი საჯარიმოში აწვდიდა, როცა მატია დე შილიოს ბურთი ხელზე შეეხო. ამ დროს 16 წამი გადაცდენილი გახლდათ მსაჯის კომპესირებულ დროს, მაგრამ სოსას გაძევების გამო თამაში არ დაამთავრა. მასას კი, პენალტის დანიშვნაზე ბევრი არ უყოყმანია – ამას მოჰყვა მილანელთა პროტესტი, მატჩის მერე კარლოს ბაკა არბიტრს ხელითაც შეეხო... თერთმეტრიანის მოგერიება კი, მფრინავმა დონარუმამ ვერ მოახერხა და პაულო დიბალასთან ამჯერად დუელი წააგო.

მოკლედ, “იუვენტუსმა” ურთულეს ბრძოლაში გამოგლიჯა სამი ქულა “მილანს” მდევრებთან ქულათა სხვაობა გაზარდა. “მილანმა” კი, თავის მხრივ, 5 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

“იუვენტუსი” – “მილანი” 2:1 (1:1) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ბარძალი (ლიხშტაინერი 46), ბონუჩი, ბენატია (რუგანი 78), ასამოა; პიანიჩი, ხედირა; დანი ალვეში, დიბალა, პიაცა (კინი 89); იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; ძაპატა, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო; პაშალიჩი (პოლი 71), სოსა, ბერტოლაჩი; დეულოფეუ, ბაკა (კუცკა 55), ოკამპოსი (ვანგიონი 90)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 ბენატია (30), 1:1 ბაკა (43), 2:1 დიბალა (90, პენ)

გაფრთხილება: ბენატია (36), პიანიჩი (78), ხედირა (87) – პაშალიჩი (23), დეულოფეუ (39), ოკამპოსი (57), რომანიოლი (62), სოსა (89, 90)

გაძევება: სოსა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (15) – 5 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დავიდე მასა

ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 22 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 19, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 19, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 18, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 17, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 16.

თეგებისერია A
0.115521