საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაძლია. ავთო ასათიანის გუნდმა A ჯგუფი მოიგო მეორე შესარჩევ ეტაპზე თამაშის უფლება დამსახურებულად მოიპოვა.
გადამწყვეტ მესამე ტურში საქართველოს ნაკრებს შვეიცარიასთან ხელს ფრეც აძლევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამარჯვება მაინც მოახერხა – 6:3. შეიძლება ითქვას, ყველაფერი საწყის 8 წუთში გაირკვა, როდესაც ირაკლი თოდუამ და არჩილ სებისკვერაძემ (დუბლი) სამბურთიანი უპირატესობით დააწინაურეს თავისი გუნდი. ტაიმი ასე დასრულდა.
თითქოს საგანგაშო არაფერი იყო, მაგრამ მეორე ტაიმის პირველი ერთი წუთი მასპინძლებისთვის საგანგაშო გამოდგა: სანტონამ და ფაკინეტიმ სხვაობა მინიმუმდე შეამცირეს, თუმცა ეს იყო და ეს. შემდგომ საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა დაიბრუნა და საბოლოოდ, სამბურთიანი სხვაობით მაინც იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო გოლი მეკარემ, ზვიად კუპატაძემ გაიტანა, რომელმაც ამ შესარჩევ ციკლში თავის გამოჩენა ორჯერ შეძლო.
საბოლოოდ, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო. სამი თამაში, სამი გამარჯვება, 9 ქულა, 20 გატანილი და 3 გაშვებული გოლი. მეორე ადგილზე გავიდა შვეიცარიის ნაკრები 6 ქულით, მესამეზე ისრაელი 3 ქულით, ხოლო შოტლანდიამ თბილისი უქულოდ დატოვა.
ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპი 3-დან 12 აპრილის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები I ჯგუფში ითამაშებს, მისი მეტოქეები კი, ჰოლანდია, ბელარუსი და იტალია იქნებიან. აღშნიშნულ ჯგუფს ბელარუსი უმასპინძლებს. რაც შეეხება ყველაზე ძლიერ მეტოქეს, ის უდაოდ იტალიაა – “სკუარა აძურას” ფუტსალში დიდი ტრადიცია აქვს და 2014 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა.
რაც შეეხება მთავარი შესარჩევი ეტაპის სისტემას – შვიდი 4 გუნდიანი ჯგუფი იქნება, საიდანაც ქვეჯგუფის გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მიიღებენ. ხსენებულ 7 ნაკრებს დაემატება მასპინძელი სლოვენია, ხოლო დანარჩენი ოთხი ადგილი შემდეგნაირად გათამაშებდება: შესარჩევი ეტაპის მეორეადგილოსნები და ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი, ანუ ჯამში 8 ნაკრები დაწყვილდებიან და პლეი-ოფის პრინციპით ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ბოლო 4 მონაწილეც გაირკვევა.
უშუალოდ ფინალური ეტაპი კი სლოვენიაში, 2018 წლის 30 იანვრიდან 10 თებერვლამდე გაიმართება.
შვეიცარია – საქართველო 3:6 (0:3)
გოლები: 0:1 თოდუა (01:26), 0:2 სებისკვერაძე (07:22), 0:3 სებისკვერაძე (08:23), 1:3 სანტონა (20:47), 2:3 ფაკინეტი (21:00), 2:4 ჭანუკვაძე (28:00), 2:5 თოფურია (28:54), 3:5 ფაკინეტი (32:07), 3:6 კუპატაძე (35:35)