ფეხბურთი

11:35 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: “17 წლის ასაკში “არსენალი” მიწვევდა, წელს “ვილიარეალი”, “ვალენსია”...

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს 17 წლის ასაკში ლონდონის “არსენალში” მოხვედრის შანსი ჰქონდა. ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა “სპორტ-ექსპრესთან” ისაუბრა. ჯანო ამ პარასკევს აღნიშნული გამოცემის ტრადიციული რუბრიკის “საუბრები პარასკევობით” გმირია.

“როცა 17 წლის ვიყავი, ჩემი შეძენა “არსენალს” სურდა, ასპროცენტიანი ვარიანტი იყო, თუმცა “სპარტაკმა” უარი თქვა. მე ეს ამბავი გვიან გავიგე. წელს იყო შემოთავაზებები “ვალენსიადან”, “ვილიარეალიდან”, “ოლიმპიაკოსიდან”, “ფრაიბურგიდან”. მათგან იყო ასეთი პირობა - არ უნდა გამეხანგრძლივებინა “სპარტაკთან” კონტრაქტი და იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავსულიყავი. გონივრული წინადადება იყო, თუმცა სარისკო - ნოემბერში ტრავმა რომ მიმეღო? ყველაფრის გარეშე დავრჩებოდი. ისე კი მთავარი ესეც არაა. “სპარტაკში” სხვა მწვრთნელი რომ ყოფილიყო, აუცილებლად წავიდოდი. ყოფილი მწვრთნელის, ალენიჩევის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, პირიქით, მას მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა რომ მენდო და შემადგენლობაში დამაყენა. უბრალოდ, ახლა ყველაფერი დალაგდა, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე გუნდისთვის. პირველ ადგილზე ვართ, შესანიშნავი შემადგენლობა, მასიმო კარერასთან სრული ურთიერთგაგება... რატომ უნდა წავსულიყავი” - განაცხადა ანანიძემ.

24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა “სპარტაკთან” კონტრაქტი ოქტომბერში გაახანგრძლივა და ახალი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.111236