დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური რვა მატჩით დასრულდება – დღის და საერთოდ, ტურის გამორჩეული მატჩია “ბარსელონა” – “მანჩესტერ სიტი”. პეპ გვარდიოლას დაბრუნება “კამპ ნოუზე” საინტერესო სანახავი იქნება და დიდ ინტრიგას იწვევს. გარდა ამისა, სხვა ბევრი ფაქტორიცაა, რის გამოც აღნიშნული შეხვედრა ცენტრალურია.
თუმცა, უყურადღებოდ არც დანარჩენი შვიდი თამაშის დატოვება ივარგებს – მივყვეთ თანმიმდევრობით.
A ჯგუფი
პსჟ - “ბაზელი”
A ჯგუფში “პარი სენ ჟერმენი” შვეიცარიის უძლიერეს გუნდ “ბაზელს” დაუხვდება. პარიზელთათვის მიმდინარე სეზონი კარგად არ დაწყებულა, თუმცა ბოლო დროს სიტუაცია გამოასწორეს და მიჯრით სამი თამაშის მოგება მოახერხეს. თავის მხრივ, “ბაზელი” კარგ ფორმაშია – ერთი ეგაა, ურს ფიშერის გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგა მეტისმეტად რთულად სათამაშოა და ამიტომაცაა, რომ ორ ტურში კინკილა ქულა მოიპვეს, თორემ შიდა ჩემპიონატში ყველას და ყველაფერს უგებენ. საერთოდ, “ბაზელმა” ბოლო 11 საგარეო თამაშიდან ათი მოიგო და ერთადერთხელ დამარცხა: სამი კვირის წინ, “არსენალთან”.
სხვათა შორის, მათ არც ფრანგულ გუნდებთან აქვთ უარყოფითი ბალანსი: 4 მოგება, 4 ფრე, 3 მარცხი (საფრანგეთში: 2 ფრე, 2 წაგება). თავის მხრივ, პსჟ შვეიცარიულ გუნდს ისტორიაში პირველად ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ უნაი ემერის გუნდს სეზონის სტარტზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ესპანელსაც ბევრი კრიტიკა შეხვდა, დღევანდელი შეხვედრის უდაო ფავორიტია.
სხვათა შორის, “პარი სენ ჟერმენს” საკუთარ მოედანზე ბოლო 41 თამაშიდან ერთადერთი წაგება აქვს. წესით, დიდი შანსი წარმატების არც “ბაზელს” უნდა ჰქონდეს. შვეიცარიელები ყველაზე მეტად ედინსონ კავანის უნდა უფრთხოდნენ, რომელიც დიდებულ ფორმაშია – უკანასკნელ 11 თამაშში “ელ მატადორმა” 15 გოლის გატანა შესძლო.
დღევანდელ მატჩში უნაი ემერი ხავიერ პასტორეს მოისაკლისებს, ხოლო მისი ვიზავი აკანჯის.
სავარაუდო შემადგენლობები:
პარიზი, “პარკ დე პრენსი”
19 ოქტომბერი, 22:45 საათი
პსჟ (4-3-3): არეოლა; ორიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი; ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი; ლუკასი, კავანი, დი მარია
მწვრთნელი: უნაი ემერი
“ბაზელი” (4-2-3-1): ვაცლიკი; ლანგი, სუხი, ჰოეგი, ტრაორე; ჯაკა, ზუფი; ბიარნსონი, დელგადო, სტეფენი; დუმბია
მწვრთნელი: ურს ფიშერი
მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)
“არსენალი” – “ლუდოგორეცი”
ლონდონის “არსენალი” იმდენად ბრწყინვალე ფორმაშია, რომ ძნელად სავარაუდოა მას “ემირეითს სთედიუმზე” ბულგარეთის ჩემპიონმა “ლუდოგორეცმა” რამე დააკლოს. არსენ ვენგერის გუნდს ბოლო 6 თამაში მოგებული აქვს და პრემიერლიგას “სიტისთან” ერთად ლიდერობს. ბრწყინვალე ფორმაში არიან ალექსის სანჩესი და ტეო უოლკოტი, რომლებიც მესუტ იოზილთან ერთად “მეთოფეთა” შეტევებს წარმართავენ.
“არსენალი” ბულგარეთის გუნდებს არასდროს შეხვედრია, ხოლო “ლუდოგორეცს” ინგლისში თამაშის გამოცდილება გააჩნია – 2014 წელს, “ლივერპულთან” 1:2 წააგო ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
ბულგარეთის ჩემპიონს ევროსარბიელს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, 7 წაუგებელი მატჩი აქვს დაგროვილი და ურიგო ფორმაში არ იმყოფება. თანაც, გეორგი დერმენდჟიევის გუნდი ლონდონში სრული საბრძოლო შემადგენლობითაა ჩასული.
“არსენალს” კი ჟირუ, რემსი, აკპომი და უელბეკი დააკლდება, მაგრამ “მეთოფეები” იმდენად კარგ ფორმაში და იშტაზე არიან, რომ აღნიშნული დანაკლისი სერიოზულად არც უნდა მივიჩნოთ.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლონდონი, “ემიერეითს სთედიუმი”
19 ოქტომბერი, 22:45 საათი
“არსენალი” (4-2-3-1): ოსპინა; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; ჯაკა, კასორლა; უოლკოტი, იოზილი, აივობი; სანჩესი
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
“ლუდოგორეცი” (4-2-3-1): სტოიანოვი; მინევი, მოცი, პალომინო, ნათანაელი; დიაკოვი, ანიცეტი; მისიდიანი, მარსელინიო, ვანდერსონი; კაფუ
მწვრთნელი: გეორგი დერმენდჟიევი
მსაჯი: არტურ დიასი (პორტუგალია)
B ჯგუფი
“ნაპოლი” – “ბეშიქთაში”
იტალიის ვიცე-ჩემპიონ “ნაპოლის” შანსი აქვს მერვედფინალის საგზური მესამე ტურის მერე გაინაღდოს და თუ ასე მოხდა, ეს ჩემპიონთა ლიგის რეკორდი იქნება. თუმცა, ამისთვის ორი პირობა არსებობს: “ნაპოლიმ” უნდა მოიგოს და ამავე ჯგუფის მეორე თამაში ფრედ დასრულდეს. ისე კი, მაურიციო სარის ნაქებ გუნდს ბოლო დროს კრიზისი მოეძალა. ყოველშემთხვევაში იტალიის ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში ნეაპოლიტანელებმა წააგეს. ბოლოს “აძურიმ” სამი კვირის წინ მოიგო, ლიგაზე “ბენფიკასთან”.
“ბეშიქთაში” კი, სეზონს კარგად ატარებს და ჯერაც არ წაუგია. სხვათა შორის, არც ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც პირველ-ორ ტურში ორ ფრეს გამოჰკრა ხელი.
დღევანდელ შეხვედრას სარი დიდი დანაკლისით ხვდება – გუნდის საუკეთესო ბომბარდირი არკადიუშ მილიკი სანაკრებო მატჩების დროს სერიოზულად დაშავდა და მას მანოლო გაბიადინი შეცვლის. მის გარდა, ვერ ითამაშებს რაულ ალბიოლიც. თურქებს კი, ოგუზან ოზიაკუპი ვერ დაემხარებათ.
აღსანიშნავია, რომ “ნაპოლის” ესპანელი მეკარე პეპე რეინა დღეს ევროსარბიელზე საიუბილეო, 150-ე თამაშს ჩაატარებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ნეაპოლი, “სან პაოლო”
19 ოქტომბერი, 22:45 საათი
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰიუსაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, გაბიადინი, მერტენსი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; ბეკი, მარსელო, ტოშიჩი, ჩანერ ერკინი; ჰატჩინსონი, ინლერი; კვარეჟმა, ტალისკა, ადრიანო; თოსუნი
მწვრთნელი: შენოლ გიუნეში
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
“დინამო” – “ბენფიკა”
კიევის “დინამო” ლისაბონის “ბენფიკას” უმასპინძლებს და შეიძლება ითქვას, ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ბოლო იმედია – საწყის ორ ტუში უკრაინელებმაც და პორტუგალიელებმაც მხოლოდ ქულის მოპოვება მოახერხეს. არადა, “არწივები” ჩინებულ ფორმაში არიან – ყოველშემთხვევაში პორტუგალიის ჩემპიონატში რუი ვიტორიას გუნდმა ბოლო 19 თამაშიდან 18 მოიგო...
“დინამოს” პორტუგალიელებთან თამაშის საკმაო გამოცდილება გააჩნია: 6 მოგება, 4 ფრე, 8 წაგება (შინ: 3 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება). თუმცა, “ბენფიკა” ცუდად უნდა აგონდებოდეს, რადგან 1991-1992 წლების სეზონში, თასების თასზე, ორი მატჩში ჯამში 1:5 განადგურდა.
დღეს, სერგეი რებროვს გარმაშის იმედი არ უნდა ჰქონდეს, ხოლო რუი ვიტორიას დანაკლისი გაცილებით დიდია: ანდრე ალმეიდა, ანდრე ჰორტა, რაფა და ჟონასი.
სავარაუდო შემადგენლობები:
კიევი, “ოლიმპიისკი”
19 ოქტომბერი, 22:45 საათი
“დინამო” (4-1-4-1): რუდკო; მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, ანტუნეში; რიბალკა; იარმოლენკო, სიდორჩუკი, ფედორჩუკი, გონსალესი; ჟუნიორ მორაეში
მწვრთნელი: სერგეი რებროვი
“ბენფიკა” (4-4-2): ედერსონი; სემედო, ჟარდელი, ლინდელოფი, გრიმალდო; ფეისა, სალვიო, პიცი, ჩერვი; გუედეში, მიტროღლუ
მწვრთნელი: რუი ვიტორია
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი)
C ჯგუფი
“სელტიკი” – “გლადბახი”
“სეტიკისა” და “გლადბახის” მატჩი ალბათ, უფრო მესამე ადგილისთვისაა, ვიდრე პლეი-ოფში გასასვლელი ბრძოლა. ყოველშემთხვევაში ამ ჯგუფს ორი ფავორიტი ჰყავს და ისინი ამ მატჩის მონაწილენი ნამდვილად არ არიან. აქამდე, ეს გუნდები ერთმანეთს ერთდართხელ, 2013 წლის ივლისში ამხანაგურად შეხვედრილან და მაშინ გლაზგოში, გერმანელებმა მოიგეს – 2:1.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში შოტლანდიელები ეროსარბიელზე სინ წაუგებლად თამაშობენ უკვე ოთხი შეხვედრაა. მათ შორის, სამი კვირის წინ, “მანჩესტერ სიტისთანაც” არ წააგეს (3:3). საერთოდ კი, ბრენდან როჯერსის გუნდს შინ ყველა ტურნირის ჩათვლით 21 თამაშია არ წაუგია. ამ გუნდის ფრანგი ფორვარდი მუსა დემბელე კი დიდებულ ფორმაშია: ახალგაზრდა შემტევმა ბოლო 17 მატჩში 15-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
“გლადბახი” კი, არცთუ ისე კარგ ფორმაშია და სამმატჩიანი მოუგებელი სერიით ჩავიდა გლზაგოში. ანდრე შუბერტს დღეს დრმიჩი, დომინგესი, კრისტენსენი, რაფაელი, აზარი, ჯონსონი და შულცი დააკლდება. დანაკლისი “ბორუსიას” მართლაც სერიოზილი აქვს.
რაც შეეხება “სელტიკს” მხოლოდ შვედი მცველი მიქაელ ლუსტიგი ვერ დაეხმარება.
სავარაუდო შემადგენლობები:
გლაზგო, “სელტიკ პარკი”
19 ოქოტმბერი, 22:45 საათი
“სელტიკი” (4-4-2): გორდონი; ლუსტიგი, სვიატჩენკო, ტურე, ტიერნი; ფორესტი, ბრაუნი, ბიტონი, სინკლერი; როგიჩი, დემბელე
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
“გლადბახი” (4-2-3-1): სომერი; ელვედი, ვესტერგაარდი, იანტშკე, ვენდტი; კრამერი, დაჰუდი; ტრაორე, ჰოფმანი, სტინდლი; ჰანი
მწვრთნელი: ანდრე შუბერტი
მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)
“ბარსელონა” – “მანჩესტერ სიტი”
C ჯგუფისა და საერთოდ ტურის ცენტრალური მატჩი ბარსელონაში შედგება, სადაც ადგილობრივი გუნდი ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” დაუხვდება – შეხვედრას ბევრი ინტირგა ახლავს თან, მაგრამ მთავარი მაინც პეპ გვარდიოლას სახლში დაბრუნებაა. თამაშის წინ, ლუის ენრიკემ და ჟერარ პიკემ პეპს კომპლიმენტები უძღვნეს და განაცხადეს, რომ იგი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.
გვარდიოლას ფაქტორის გარდა, “სიტის” ერთგვარი მითი აქვს დასამსხვრევი: აქამდე, “ქალაქელებს” კატალონურ გრანდთან ოთხჯერ უთამაშიათ და ოთხჯერვე ხელმოცარულნი დარჩნენ, ოთხჯერვე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში (ბურთების შეფადრება, 2:7).
“სიტის” სეზონის ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ერთი თვის წინ მოიგო “სუონსი სიტისთან”. მას მერე სამჯერ ითამაშეს მანჩესტერელებმა და ორჯერ ფრეს გამორჩნენ, ერთხელაც მარცხი განიცადეს. “ბარსელონამ” კი, ორი კვირის წინ, ვიგოში განცდილი მარცხი დაივიწყა და გასულ უიქ-ენდზე “დეპორტივო” გაანადგურა. ამ მატჩში “ბარსას” ლიონელ მესიც დაუბრუნდა, რომელმაც გოლიც გაიტანა. არგენტინელი დღეს სასტარტოში იქნება.
ორივე გუნდი პრინციპულ და მნიშვნელოვან თამაშს თითქმის დანაკლისის გარეშე ხვდება – მასპინძლებს მხოლოდ ჰოლანდიელი კიპერი იესპერ სილესენი დააკლდებათ, ხოლო სტუმრებს ბაკარი სანია და დელფი.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა, “კამპ ნოუ”
19 ოქტომბერი, 22:45 საათი
“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ბრავო; ზაბალეტა, სტოუნსი, ოტამენდი, კლიში; ფერნანდინიო, გუნდოგანი; სტერლინგი, სილვა, დე ბრუინი; აგუერო
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)
D ჯგუფი
“როსტოვი” – “ატლეტიკო”
მადრიდის “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ “როსტოვს” სტუმრად ეთამაშება და უდაო ფავორიტია. თანაც, “როხიბლანკოს” აქამდე რუსეთში არასდროს წაუგია: 2 მოგება, 2 ფრე. თუმცა, “როსტოვს” ყველა ტურნირის ჩათვლით საკუთარ მოედანზე უკვე 26 თამაშია არ წაუგია (18 მოგება, 8 ფრე) და არც ესპანელებისთვის აპირებს რამის დათმობას.
ბოლო დროს, რუსეთის ვიცე-ჩემპიონი არასტაბილურად თამაშობს და პრემიერლიგის ბოლო ტურშიც წააგო მოსკოვში, “სპარტაკთან” (0:1). თავის მხრივ, დიეგო სიმეონეს გუნდი მიმდინარე სეზონში დიდებულად თამაშობს და გარდა იმისა, რომ ლა ლიგას ლიდერობს, წელს საერთოდ არ წაუგია 10 ჩატარებულ მატჩში.
დღევანდელ მატჩში “ატლეტიკოს” აუგუსტო ფერნანდესი, ხიმენესი და მოია ვერ დაეხმარებიან, ხოლო “როსტოვს” იგივე მიზეზით ბუხაროვი დააკლდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
როსტოვი, “როსტოვ არენა”
19 ოქტომბერი, 22:45 საათი
“როსტოვი” (5-3-2): ჯანაევი; ბაირამიანი, მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშევი; გაცკანი, ნობოა, ეროხინი; აზმუნი, პოლოზი
მწვრთნელი: ივან დანილიანცი
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კორეა, გაბი, კოკე, კარასკო; ტორესი, გრიზმანი
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)
“ბაიერნი” – პსვ ეინდჰოვენი
D ჯგუფის მეორე შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნი” და პსვ ეინდჰოვენი გაარკვევენ ურთიერთობას – ორივე გუნდს სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ: “ბაიერნს” 2 ფრე და 1 მარცხი, პსვ-ს სამივე ფრე. კარლო ანჩელოტის მიმართ კრიტიკა მატულობს. ბუნებრივიცაა, “რეკორდმაისტერმა” “ატლეტიკოსთან” მარცხის მერე ბუნდესლიგაში მიჯრით ორჯერ ვერ მოიგო. უკეთეს მდგომარეობაში არც ეინდჰოვენი და ფილიპ კოკუა. “ფილიპსელებმა” ერედივიზიონშიც ორჯერ ითამაშეს ფრედ და ლიდერი “ფეიენოორდი” კიდევ უფრო წინ გაუშვეს.
და მაინც, “ბაიერნი” ჩინებული სერიით ხვდება ამ მატჩს – საქმე ისაა, რომ მიუნხენელებს ევროასპარეზზე შინ ზედიზედ 13 შეხვედრა აქვთ მოგებული. ამასთან, “ბაიერნისთვის” პსვ კარგ მოგონებებს აღძრავს. ყოველშემთხვევაში აქამდე ჩატარებული 6 თამაშიდან 4-ჯერ გერმანელებმა იმარჯვეს და ერთადერთხელ ჰოლანდიელებმა. ეს, 1999 წლის 25 ოქტომბერს მოხდა, “ფილიპს არენაზე” – ბუნებრივია, მას მერე ბევრი რამ შეიცვალა.
დღევანდელ მატჩში კარლო ანჩელოტი ფრანკ რიბერის ვერ დაიხმარს, ხოლო ფილიპ კოკუ ჰენდრიქსსა და ლოკადიას.
სავარაუდო შემადგენლობები:
მიუნხენი, “ალიანს არენა”
19 ოქტომბერი, 22:45 საათი
“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; ტიაგო ალკანტარა, ვიდალი, კიმიხი; რობენი, ლევანდოვსკი, მიულერი
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
პსვ ეინდჰოვენი (5-3-2): ზუტი; ბრენეტი, შვააბი, ისიმატ-მირინი, მორენო, ვილემსი; გუარდადო, პროპერი, ს. დე იონგი; ნარსინგი, ლ. დე იონგი
მწვრთნელი: ფილიპ კოკუ
მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)