დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის პლეი-ოფი დაიწყება. ევროპის ხუთ ქალაქში პირველად აჟღერდება ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი, რომელსაც გულშემატკივრები მონატრებულნიც არიან.
“სტიაუა” – “მანჩესტერ სიტი”
დღევანდელ მატჩთაგან ყველაზე დიდ ინტერესს უდაოდ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გასამართი შეხვედრა იწვევს, სადაც ადგილობრივი “სტიაუა” ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” დაუხვდება. დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება იმას, რომ ინგლისელები წყვილში უპირობო ფავორიტებად მოიაზრებიან. პეპ გვარდიოლა “სიტიში” იმისთვის ნამდვილად არ მიუწვევიათ, რომ გუნდმა ევროპა ლიგაზე ითამაშოს. შესაბამისად, “ქალაქელებს” ეს ბარიერი გასავლელი აქვთ. გვარდიოლას ინგლისური დებიუტი გასულ უიქ-ენდზე უკვე შედგა, როდესაც “მან სიტიმ” საკუთარ მოედანზე მძიმედ, მაგრამ მაინც, “სანდერლენდს” მოუგო. იმ მატჩში გვარდიოლამ სკამზე დასვა ჯო ჰარტი, რითაც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ იგი მის გეგმებში არ ჯდება. ისევე როგორც, იაია ტურე, რომელიც ბუქარესტში საერთოდ არ წაუყვანია. აფრიკელის გარდა, განაცხადში ვერ მოხვდნენ ვილფრიდ ბონი და სამირ ნასრი. “სტიაუას” რაც შეეხება – რუმინელებმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პრაღის “სპარტას” ორი მატჩის ჯამში დამაჯერებლად აჯობეს (1:1, 2:0), ხოლო რუმინეთის ჩემპიონატში უდანაკარგოდ ასპარეზობენ, 3 თამაშში 9 ქულა. ბუქარესტელებმა ბოლო ტურში “ბოტოშანს” იუგურტა ჰამრუნისა და ფლორინ ტანასეს გოლებით აჯობეს.
“სიტი” აქამდე რუმინულ გუნდს ერთადერთხელ შეხვედრია – 2010-2011 წლების სეზონში ორი მატჩის ჯამში ალბიონელებმა 3:0 მოიგეს ევროპა ლიგაზე. იმ თამაშში მონაწილეობა ჯო ჰარტმა, იაია ტურემ, ვინსენ კომპანიმ, პაბლო ზაბალეტამ და დავიდ სილვამ მიიღეს.
ლორენცუ რეგეშამპფი (“სტიაუას” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ შეგვიძლია კარგი შედეგის ჩვენება მიუხედავად იმისა, რომ ვეთამაშებით ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს. მათ პატივს ვცემთ, თუმცა მე კარგი გუნდი მყავს და დარწმუნეული ვარ, ჯგუფურ ეტაპზე გავალთ. პირველივე წუთიდან შევუტევთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს”.
პეპ გვარდიოლა (“სიტის” მთავარი მწვრთნელი): “მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ. ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გატანა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი მთავარი მიზანია, მაგრამ კარგადაც უნდა ვითამაშოთ, რადგან მინდა, გულშემატკივრები გავახაროთ”
“აიაქსი” – “როსტოვი”
ინტერესს იწვევს “ამსტერდამ არენაზე” გასამართი მატჩი “აიაქსსა” და “როსტოვს” შორის. ჰოლანდიისა და რუსეთის ვიცე-ჩემპიონთა ჯახი – ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო: ამსტერდამელებმა სალონიკის პაოკს ორი მატჩის ჯამში 3:2 აჯობეს, ხოლო რუსებმა ბრიუსელის “ანდერლეხტს” მოუგეს – 4:2. “როსტოვი” აღნიშნულ მატჩს ცოტა არ იყოს უცნაურ სიტუაციაში ხვდება. გუნდიდან წავიდა ამ წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი ყურბან ბერდიევი.
აღსანიშნავია, რომ “აიაქსს” რუსულ გუნდებთან ოთხიდან ოთხი მატჩი აქვს წაგებული და ყოველთვის მოსკოვის “სპარტაკთან”. 1998 წელს უეფას თასის მეოთხედფინალში 0:1 და 1:3, ხოლო 2011 წელს ევროპა ლიგის მერვედფინალში 0:1, 0:3.
პეტერ ბოში (“აიაქსის” მთავარი მწვრთნელი): “ბოლო მატჩებში ბევრი გოლი გავუშვით და ამიტომ, დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. განსაკუთრებით, როდესაც “როსტოვის” მსგავს ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. რუსებს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ და კონტრშეტევებზე სახიფათონი არიან”.
დიმიტრი კირიჩენკო (“როსტოვის” მწვრთნელი): “ახლა ჩვენ ძალიან სახიფათო სიტუაციაში ვიმყოფებით. უკვე ვითამაშეთ ბევრი მატჩი და მთავარი მწვრთნელიც გუნდიდან წავიდა. ეს შესაძლოა დღეს “აიაქსს” დაეხმაროს. ვიცით, რომ მეტოქეს შეუძლია სხვადასხვა სტილში გვეთამაშოს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. მათ მეტი გამოცდილება აქვთ, თუმცა ვფიქრობ შანსი თანაბარია, 50-50-ზე”.
“დინამო” – “ზალცბურგი”
ზაგრებში “მაქსიმირზე” “დინამო” ავსტრიის ჩემპიონ ზალცბურგის “რედ ბულსს” დაუხვდება. ორივე კლუბმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. ხორვატებმა თუ როგორ მოახერხეს ყოველივე ეს, კარგად მოგვეხსენება, ხოლო ზალცბურგელებმა ალბანურ “პარტიზანს” აჯობეს ადვილად 3:0. “ზალცბურგი” ავსტრიის ჩემპიონატში არცთუ კარგი სტარტით გამოირჩა. 4 მატჩში ამ გუნდის ანგარიშზე ოდენ 7 ქულაა. რაც შეეხება “დინამოსა” და ხორვატიის ჩემპიონატს, ხუთი ტურის მერე კრანჩარის შეგირდები 13 ქულით ლიდერები არიან. სხვათა შორის, იტალიური მედია უკვე გადაწყვეტილად მიიჩნევს, “დინამოს” ლიდერის, მარკო როგის “ნაპოლიში” გადასვლას. თუმცა, ეს საპლეიოფო მატჩების შემდეგ მოხდება. შეგახსენებთ, როგმა “დინამო არენაზე” ჩვენი ქვეყნის ჩემპიონს ჯარიმა გაუტანა.
სხვათა შორის, “ზალცბურგი” სამჯერ ძალზე ახლოს იყო ჯგუფურ ეტაპთან, მაგრამ სამჯერვე პლეი-ოფში დამარცხდა. ორი წლის წინ შვედურ “მალმესთან”, მანამდე, თელ-ავივის “ჰაპოელთან” (2010-2011) და ჰაიფას “მაკაბისთან” (2009-2010).
ზლატკო კრანჩარი (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემპიონთა ლიგა ერთ ნაბიჯშია. იმედია, “ზალცბურგი” არაა იგივე სიმაღლეზე, როგორც ორი წლის წინ (“დინამოს” ევროპა ლიგის ჯგუფში ორივე თამაში მოუგო - ავტ). გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელები, მაგრამ ბოლო ორ მატჩში ჩვენ გავიზარდეთ და ვფიქრობ, კარგად ვიმუშავეთ”.
ოსკარ გარსია (“ზალცბურგის” მთავარი მწვრთნელი): “ზაგრების “დინამო” ძალიან ძლიერი გუნდია და ბოლო წლებია ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივარ თამაშობს. ჯგუფურ ეტაპამდე მიღწევა ძალიან ძნელია. ჩვენ ორჯერ ახლოს ვიყავით ამ მიზანთან, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ახლა კი ჩვენი შანსია”.
“იანგ ბოიზი” – “გლადბახი”
უინტერესო არ უნდა გამოდგეს შვეიცარიული “იანგ ბოიზისა” და გერმანული “ბორუსიას” დაპირისპირება. მიონხენგლადბახელები ძალზე ახლოს არიან ისტორიულ შედეგთან და ზედიზედ მეორედ ლიგის ჯგუფურ ეტაპთან. მოგეხსენებათ, შარშან გერმანული გუნდი ჯგუფში იყო და “იუვენტუსთან”, “სევილიასთან” და “სიტისთან” ჭიდილში ბოლო ადგილს დასჯერდა. გერმანიის ბუნდესლიგა ჯერ არ დაწყებულა და შესაბამისად, ანდრე შუბერტის გუნდისთვის ეს სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია. სამაგიეროდ, უკვე ფორმაშია შესული მისი მეტოქე – შვეიცარიის ჩემპიონატს თავი რომ დავანებოთ, ბერნელებმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მინი, გნებავთ დიდი სასწაული შესთავაზეს გულშემატკივრებს. “იანგ ბოიზმა” ფავორიტ “შახტართან” დონეცკში 0:2 მარცხის მერე, შინ ასეთივე ანგარიშით იმარჯვა და საბოლოო წარმატებას პენალტების სერიაში მიაღწია. შიდა ჩემპიონატში კი ამ გუნდმა 4 ტურში 6 ქულის დაგროვება მოახერხა.
ეს გუნდები ოფიციალურ მატჩებში აქამდე არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს. სამაგიეროდ, 13 ივლისს, ამხანაგურად გაეჯიბრნენ და მაშინ შედეგიანი ფრე დაფიქსირდა – 3:3.
ადი ჰუტერი (“იანგ ბოიზის” მთავარი მწვრთნელი): “კმაყოფილები ვართ, რომ პლეი-ოფში ვთამაშობთ. ბევრი არ ელოდა “შახტარს” რომ დავამარცხებდით, მაგრამ ახლა კიდევ ერთ დიდ გუნდს ვეთამაშებით. ჩვენ უკვე ვითამაშეთ 4 მატჩი ჩემპიონატში, ორიც ლიგაზე, ხოლო “გლადბახმა” ბოლოს “ლაციოსთან” სპარინგი ერთი კვირის წინ გამართა. ჩვენი მთავარი უპირატესობა დღეს მაინც სახლში თამაშია”.
ანდრე შუბერტი (“გლადბახის” მთავარი მწვრთნელი): “ახალი სეზონი ჩვენთვის დღეს იწყება. რთული დაპირისპირება იქნება, მაგრამ ვიცით, როგორ ველოდით ამ დღეს და მხოლოდ თამაში გვსურს. ისინი სახლში თამაშობენ და უპირატესობა გააჩნიათ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ”.
“კოპენჰაგენი” – “აპოელი”
დღის კიდევ ერთი მატჩი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება, სადაც იქაური ქვეყნის ჩემპიონი კვიპროსის საუკეთესო წარმომადგენელ “აპოელს” დაუხვდება. ნიქოზიელებმა მესამე საკვალიფკაციო ეტაპზე ტრონჰემის “როსენბორგს” ზღაპარში აჯობეს. ნორვეგიელებს შინ 2:1 მოეგოთ და საპასუხო თამაშის დასრულებამდე არაფერი იყო დარჩენილი ნულოვანი ფრე რომ ფიქსირდებოდა, მაგრამ მსაჯის დამატებულ 6 წუთში კვიპროსელებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. “კოპენჰაგენმა” კი, შედარებით ადვილად გაიფორმა პლეი-ოფის საგზური, როდესაც რუმინეთის ჩემპიონ “ასტრას” 4:1 აჯობა (1:1, 3:0). დანიის ჩემპიონატში სტალე სოლბაკენის გუნდმა 5 მატჩში 13 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო “აპოელი”, რომელიც შარშან თემურ ქეცბაიამ გააჩემპიონა, სათამაშო პრაქტიკას უჩივის – კვიპროსის ჩემპიონატი ჯერაც არ დაწყებულა.
“აპოელმა” სტალე სოლბაკენის “კოპენჰაგენი” 2009-2010 წლების სეზონის პლეი-ოფში დაამარცხა. დანიაში პირველი მატჩი მაშინ მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო კუნძულზე “აპოელმა” იმარჯვა 3:1 და ჯგუფურ ეტაპზე გააღწია.
სტალე სოლბაკენი (“კოპენჰაგენის” მთავარი მწვრთნელი): “2009 წელს ჩვენ წავაგეთ “აპოელთან” მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავდა. ამჟამად უფრო გამოცდილები ვართ, მაგრამ ნაკლებად ცნობილი სახელებით. გუნდი ამ თამაშისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა და მჯერა, რომ ფეხბურთელები რევანშზე ზედმეტად არ იფიქრებენ. მაგრამ მე და გულშემატკივრები – კი”.
ტომას კრისტიანსენი (“აპოელის” მთავარი მწვრთნელი): “მერჩივნა, რომ აქ არ გვეთამაშა (კრისტიანსენი დანიაშია დაბადებული – ავტ), მაგრამ ბედნიერი ვარ, პლეი-ოფში თამაშით. რთულ თამაშს ველოდები და ისეთი შეცდომები, რაც “როსენბორგთან” პირველი 60 წუთის განმავლობაში დავუშვით, უნდა ავირიდოთ თავიდან. “კოპენჰაგენი” ტაქტიკურად და ფიზიკურად ძლიერია, თუმცა ჩვენი შანსი უნდა გამოვიყენოთ”.