ჭიდაობა

23:43 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

წურწუმია ევროპის ჩემპიონია, ქავჟარაძემ და მელიამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს (+VIDEO)

ბუქარესტში დაწყებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრი ნუგზარ წურწუმია (50) ევროპის ჩემპიონი გახდა, ლევან ქავჟარაძემ (60) და გიორგი მელიამ (96) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს ხალიჩაზე 4 წონით კატეგორიის ფალავნები გავიდნენ და აქედან სამში ქართველმა მოჭიდავეებმა მედლის მოპოვება შეძლეს.

წურწუმიამ უკრაინელი ვიტალი კუშნირი (10:2), სომეხი სერგეი სიმონიანი (4:2) და იტალიელი ჯოვანი ფრენი (6:3) დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ აზარ ნასიბის დაძაბულ ბრძოლაში 10:8 სძლია და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ქავჟარაძემ ფინალამდე სამი მეტოქე ჩამოიშორა: სომეხი გევორქ ხუმარიანი (9:0), უნგრელი ერიკ ტორბა (5:2) და უკრაინელი ოლექსანდრ ხრუშინი (4:0). ფინალში ჩვენებური აზერბაიჯანელ მიხაილ რახმანოვთან 2:11 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მელიამ (97) ფინალამდე ოთხი მოწინააღმდეგეს აჯობა. ქართველმა ფალავანმა უკრაინელ ვლადენ კოზლიუკს წმინდად სძლია, ბერძენი მიხაილ იოსიფიდისი 38 წამში ქულების აშკარა უპიტარესობით 8:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში 1:02 წუთში წმინდად დაამარცხა ბულგარელი ევგენი განჩევი, ნახევარფინალში კი 28 წამში ქულების აშკარა უპირატესობით 9:0 მოუგო გერმანელ ერკან ჩელიკს. ფინალში მელიამ რუს რუსლან ბეკუზაროვთან 5:11 წააგო და ვერცხლს დასჯერდა.

დღესვე ხალიჩაზე 74 კგ-ში თემურ ჭკუასელიძეც გავიდა, თუმცა პირველივე შეხვედრაში ფინელ ვილი როპონენთან 1:5 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში 28 ქულით ლიდერობს, მეორეზე უკრაინაა 26 ქულით, მესამეზე რუსეთი 21 ქულით.

ხვალ 22 ივნისს კი, ბერძნულ-რომაული სტილის დარჩენილი 55-66-84-120 კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ. საქართველოს სახელით ხალიჩაზე დავით ჩხარტიშვილი (55), რამაზ ზოიძე (66), გურამ ხეცურიანი (84) და ზვიად პატარიძე (120) გავლენ.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116901