ფეხბურთი

16:43 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ლიგის ამბები: დევდარიანის გაწვრთნილებმა გადამწყვეტი მატჩი მოიგეს

როგორც იცით, ჭაბუკთა ლიგა ორ ასაკობრივ ჯგუფში ტარდება: 1998-1999 წელს დაბადებულებში და ასევე, 2000-2001-ში. ორივე ასაკში ორ-ორი ზონაა, დასავლეთი და აღმოსავლეთი. ორივე ასაკში ჩემპიონი ფლეი ოფებით გამოვლინდება: აღმოსავლეთის პირველადგილოსანი დასავლეთის მეორეადგილოსანს შეხვდება (შინ და სტუმრად) და პირიქით, დასავლეთის გამარჯვებული აღმოსავლეთის მეორეადგილოსანს. შემდეგ კი ფინალი იქნება.

გუშინ გადამწყვეტი მატჩი გაიმართა ზემო ჭაბუკთა ლიგაში, აღმოსავლეთ ზონაში: “ბენდელაზე” გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა “საბურთალომ” გიორგი დევდარიანის “ლოკომოტივს” უმასპინძლა. ფრე საბურთალოელებს აწყობდათ, თუმცა დევდარიანის გუნდმა მასპინძლებს 3:0 მოუგო.

ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა, გოლი ლუკა ვარძელაშვილმა გაიტანა. მეორე ნახევარში კი ჯერ ბექა მირიანაშვილმა, შემდეგ კი ლევან გრძელიძემ შორეული დარტყმებით შეაგდეს და 3:0.

ამ მოგებით “ლოკომოტივმა”, ფაქტობრივად, გაინაღდა მეორე ადგილი. პირველზე თბილისის “დინამოა”, მესამეზე “საბურთალო” დარჩა, მეოთხეზე კი - “ცხინვალი”. ეს ოთხეული გამოკვეთილია, საკმაოდ უსწრებს სხვა გუნდებს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით, გიორგი დევდარიანი სეზონის დასრულების შემდეგ შოთა არველაძის თანაშემწე გახდება თელ ავივის “მაკაბიში”. Aამის შესახებ თავად დევდარიანმა გვაცნობა.

უფროს ჭაბუკთა ლიგაში, დასავლეთ ზონაში ასევე ერთი ტური დარჩა ჩასატარებელი, თუმცა ზედა ადგილები უკვე გარკვეულია: ქუთაისის “ტორპედო” პირველზე გავიდა, მეორეზე “სამტრედიაა”, ხოლო მესამე პოზიცია “შუქურამ” დაიკავა.

შესაბამისად, ნახევარფინალურ ფლეი ოფში შეხვდებიან: “დინამო”-“სამტრედია”, “”ტორპედო”-“ლოკომოტივი”. ეს იმ შემთხვევაში, თუ “ლოკო” ბოლო ტურში 35-ე სკოლასთან შინ არ წააგებს, რაც ძნელად სავარაუდოა.

სხვათა შორის, ამ ასაკობრივში გამარჯვებულმა, შესაძლოა, უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს. ჯერჯერობით, არაა ცნობილი, ეყოფა თუ არა საქართველოს საკლუბო რეიტინგი, რათა ამ ტურნირზე ჩემპიონი გაუშვას. შარშან “საბურთალომ” ითამაშა, თუმცა მას მერე უეფა-ში საქართველოს საკლუბო რეიტინგი დაცა. ამიტომაც, გააჩნია სხვა ქვეყნებში რომელი კლუბები გახდებიან ჩემპიონები ასაკობრივ ჯგუფში: ამაზე ვართ დამოკიდებულნი.

ახლა 2000/2001 წელს დაბადებულთა ჭაბუკთა ლიგაზეც ვთქვათ: აღმოსავლეთში პირველ-მეორე ადგილოსნები გარკვეულია. “საბურთალო” პირველზეა და ერთი ქულით უსწრებს “დინამოს”. მესამეზეა 35-ე სკოლა, რომელიც დინამოელებს 6 ქულით ჩამორჩება. მეოთხეზე “ლოკომოტივია”, რომელიც 24 ქულით უსწრებს მეხუთეადგილოსან “ცხინვალს”. ამ ასაკში 4 გუნდი სხვებზე ბევრად წინ დგას.

ამავე ასაკში, დასავლეთ ზონაში “სამტრედია” გაჩემპიონდა, მეორეზე კი, დიდი ალბათობით “ზუგდიდი” გავა. ზუგდიდლებს და ბათუმის “დინამოს” თანაბარი ქულები აქვთ, თუმცა ბათუმელებმა 32-ივე მატჩი ითამაშეს, “ზუგდიდს” კი ერთი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი.

ასე რომ, ნახევარფინალში წყვილები ჯერ დასადგენია, თუმცა ერთი კი არის: ორივე საკობრივ ჯგუფში აღმოსავლეთი ზონის გუნდები ხარისხით ბევრად მაღლა დგანან დასავლეთის გუნდებზე. ეს სიახლე არაა, ნიჭიერი ჭაბუკების დიდი უმრავლესობა დედაქალაქშია თავმოყრილი.

ეს გლობალური პრობლემაა. სადაც პირობები უკეთესია, ბავშვი (ჭაბუკი) იქ მიდის. “დინამოში”, “საბურთალოსა” და “ლოკომოტივში” მრავლად არიან რაიონებიდან ჩამოსული ფეხბურთელები, ამ კლუბებში გადასახადი მოხსნილია და სავარჯიშო პირობებიც ბევრად უკეთესია. შესაბამისად, ასაკობრივ ნაკრებებშიც მოთამაშეთა 95 პროცენტი თბილისის გუნდებიდანაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112978