სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:37 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა 2015/2016 – სეზონი, რომელიც დავიწყებას არ მიეცემა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ინგლისის პრემიერლიგის 2015-2016 წლების სეზონი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, იგი დავიწყებას არასდროს მიეცემა. ამას თავისი მიზეზი აქვს – პრემიერლიგაში განვითარებული მოვლენები, რომელზეც თაობები ისაუბრებენ. ჩემპიონი “ლესტერ სიტი” გახდა. გუნდი, რომლისგანაც სეზონის წინ მხოლოდ გავარდნას თუ მოელოდნენ. სამაგიეროდ, გავარდა “ნიუკასლ იუნაიტედი” უფრო მეტად ამბიციური, ვიდრე “ლესტერი”... მოკლედ, მივყვეთ თანმიმდევრობით.

ჩემპიონი – “ლესტერ სიტი”

სეზონის წინ მოკრძალებული გუნდი იტალიელმა კლაუდიო რანიერიმ ჩაიბარა, რომელსაც ბოლოს ტიტული 2004 წელს, “ვალენსიასთან” ერთად მოეგო. მწვრთნელმა, რომელიც ინგლისში მისვლამდე 8 თვით ადრე, საბერძნეთის ნაკრებიდან კინწისკვრით გამოაგდეს... და მაინც, ზღაპარი, ზღაპრულადვე დასრულდა – განვლილ ჩემპიონატში “მელიებმა” ოდენ სამი თამაში წააგეს და საბოლოოდ მეორეადგილოსანი გუნდი არც მეტი, არც ნაკლები 10 ქულით ჩამოიტოვეს. ფანტასტიური იყო ამ გუნდის ლიდერი რიად მაჰრეზი, რომელიც პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. არანაკლებ გაიბრწყინა ჯეიმი ვარდიმ. მეორე ახალგაზრდობა გაეხსნა რობერტ ჰუტს, არაფრისგან აღმოცენდა ნგოლო კანტე და მამამისის წყალი გადაესხა კასპერ შმეიხელს. ისე, “ლესტერის” ისტორია მართლაც წააგავს კეთილ ზღაპარს და თუ რატომ, ვგონებ, ამას ახსნა-განმარტება აღარ სჭირდება.

მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მუდმივად საუბრობდნენ, რომ რანიერის ბიჭებს ჩავარდნა დაეწყებოდათ, ვერ გაუძლებდნენ, ვერ იჩემპიონებდნენ, მაგრამ რაც უფრო დასასრულისკენ მიდიოდა პრემიერლიგა, მითუფრო ნათელი ხდებოდა, რომ მავანნი სცდებოდნენ... საბოლოოდ, “ლესტერმა” ჩემპიონობა მას შემდგომ იზეიმა, რაც “ტოტენჰემმა” “ჩელსის” ვერ მოუგო და “სიტი” მიუწვდომელი გახდა, ოღონდ “ლესტერ სიტი” და არა “მანჩესტერ სიტი”... სანუკვარი თასი “მელიებმა” “ევერტონთან” შინ მოგებული მატჩის შემდგომ აღმართეს – თუ რახდებოდა სტადიონზე და მთლიანად ქალაქში, სიტყვით ამის გადმოცემა წარმოუდგენელია. რა გასაკვირია, “ლესტერი” ისტორიაში პირველად ინგლისის ჩემპიონია და ვინ იცის, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალბათ, ყველაზე დიდი სენსაციის შემოქმედი. ახლა, რანიერისა და მის ჩემპიონებს ახალი გამოცდა ელოდებათ: ჩემპიონთა ლიგა, სადაც “ლესტერი” პირველ კალათში იქნება განთესილი. როგორც თვითონ რანიერიმ თქვა, მისი გუნდი ევროპაშიც შეეცდება სასახელოდ გამოსვლას და მეტიც, სურს, 80-იანი წლების “ნოტინგემ ფორესტის” შედეგი გაიმეოროს...

ჩემპიონთა ლიგის ზონა – “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “მანჩესტერ სიტი”

ბოლოს ლონდონის “არსენალმა” 2004 წელს იჩემპიონა, როდესაც 38 მატჩი წაუგებლად განვლო. იმის მერე, “მეთოფეები” ძირითადად წამყვანი ფეხბურთელების გასხვისებით არიან დაკავებულნი (პატრიკ ვიეირა, ტიერი ანრი, ჩესკ ფაბრეგასი და სხვანი). აწ დასრულებულ სეზონში არსენ ვენგერის გუნდს შეიძლება ითქვას, ბოლო პერიოდიდან გამომდინარე საუკეთესო შანსი ჰქონდა უძლიერესი გუნდის წოდება დაებრუნებინა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ლონდონელებმა ბევრი მნიშვნელოვანი ქულა დაკარგეს. მათ ვერც შეუდარებლად მოთამაშე მესუტ იოზილმა უშველა. გერმანელი დამსახურებულად გახდა თავისი კლუბის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა მხოლოდ ის საკმარისი არ აღმოჩნდა. საერთოდ, “მეთოფეები” ჩემპიონატის ფინიშზე მესამე ადგილზე იყვნენ, მაგრამ ბოლო ტურში მოძულე “ტოტენჰემის” გადასწრება მოახერხეს და ვერცხლის მედლებს გამორჩენენ.

პრინციპში, რაც “არსენალზე” ითქვა, იგივეს თქმა შეიძლება “ტოტენჰემზეც” – მაურუსიო პოჩეტინიოს გუნდი მთელი სეზონი ძალზე მიმზიდველ ფეხბურთს აჩვენებდა და ბევრის აზრით, ოქროს მედლებს სწორედ ეს გუნდი იმსახურებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მას მერე, რაც “დეზებმა” გაჩემპიონების შანსი საბოლოოდ დაკარგეს, მოეშვნენ და პირველს ვინ ჩივის, მეორე ადგილიც დაკარგეს. თუმცა, ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ თამაშის საშუალებას მაინც იძლევა. უშუალოდ პოჩეტინიოს კი გარჯა დაუფასდა და კლუბთან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი მიიღო. ჰარი კეინი კი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი კარიერაში პირველად გახდა, ხოლო დელე ალი - სეზონის აღმოჩენა, 20 წლის შუახაზელი, რომელმაც პირველი წელს ინგლისის ნაკრებში მიიღო ადგილი.

“მანჩესტერ სიტი” ბოლო პერიოდში სეზონის წინ ყოველთვის ჩემპიონობას ისახავს მიზნად, მაგრამ გაზაფხულზე სხვა სურათს იღებს ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა – მანუელ პელეგრინის გუნდმა მეოთხე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლება ბოლო ტურში გაინაღდა. როგორც პელეგრინიმ თქვა, ფეხბურთელებზე ცუდი გავლენა იქონია, პეპ გვარდიოლას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ნაადრევად გაცხადებამ. უნდა ითქვას, რომ ლოგიკას მოკლებული სულაც არაა ჩილელის მოსაზრება, რადგან “სიტის” ჩავარდნა დაახლოებით სწორედ მის მიერ ხსენებული პერიოდიდან დაეწყო. ახალი სეზონიდან “ქალაქელებს” კატალონელი გვარდიოლა გაწვრთნის და უდავოა, მისგან მხოლოდ ჩემპიონობას ელიან.

ევროპა ლიგა – “მანჩესტერ იუნაიტედი”, “საუთჰემპტონი”

ლუის ვან გაალის “მანჩესტერმა” სეზონი ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ “მანკუნიანელებს”, ლიგაზე გასვლის შანსი ჰქონდათ ბოლო ტურამდე, ეს ამ ტრადიციული გუნდის ქომაგებსა და ხელმძღვანელებს ნამდვილად არ აკმაყოფილებთ. “წითელი ეშმაკები” დრო და დრო, იმდენად ცუდად თამაშობდნენ, მოგებას იყვნენ დანატრებულნი და შედეგიც მიიღეს – ერთწლიანი დაბრუნების მერე, ჩემპიონთა ლიგა ისევ მათ გარეშე ჩაივლის. ახლა ბევრი საუბარია იმის შესახებ, რომ ვან გაალი გუნდს დატოვებს, ხოლო მის მემკვიდრედ ლამის ყოველდღე, ჟოზე მოურინიო სახელდება. ვან გაალს იმედი ვერ გაუმართლა დიდი ზარ-ზეიმით ნაყიდმა მემფის დეპაიმ, რომელმაც სეზონის მეორე ნახევარი სკამზე გაატარა. სამაგიეროდ, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მორიგი აღმოჩენა დაუტოვა ევროპულ ფეხბურთს – მარკუს რეშფორდი.

თუ ევროპა ლიგა “მანიუსთვის” მიუღებელი შედეგია, “საუთჰემპტონის” შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა – რონალდ კუმანის გუნდმა მიჯრით მეორედ მოახერხა ამ ევროტურნირზე გასვლა. “წმინდანებმა” ეს ნამდვილად დაიმსახურეს. ჩინებულად ითამაშეს მთელი სეზონი საიდო მანემ და გრაციანო პელემ. მოკლედ, “სოტონმა” მეექვსე ადგილი დამსახურებულად ირგუნა. აჯობა ისეთ გუნდებს, როგორებიც “ლივერპული” და “ჩელსია”. ამასთან, ძალზე სიმპათიურად მოთამაშე “ვესტ ჰემს”.

ბრძოლა გადარჩენისთვის

ერთ დროს ამბიციური “ასტონ ვილა” მთელი სეზონი საშინლად თამაშობდა, ამ მხრივ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ფაქტობრივად პირველი წრის მერე. შესაბამისად, “ვილა პარკელებს” დამდეგი სეზონიდან ელიტაში დაბრუნებისთვის მოუწევთ ბრძოლა. მისი ბედი გაიზიარეს “ნორვიჩმა” და “ნიუკასლმა” – ნორვიჩელები გასავარდნ ზონაში კარგა ხანი არ იყვნენ, მაგრამ ბოლო ტურები მთლიანად ჩააგდეს და საბოლოოდ მე-19 ადგილზე გავიდნენ, ხოლო “ჯორდებისგან” გავარდნა მაინც უფრო მოულოდნელობა გახლდათ. “ნიუკასლს” ვერც გამოცდილმა რაფა ბენიტესმა უშველა. სამაგიეროდ, ბოლო ტურში გადარჩა გავარდნას “სანდრელენდი”, რომელიც “ნიუკასლსისა” არ იყოს, მთელი მეორე წრე სახიფათო ზონაში ყურყტებდა. აი, “უოტფორდს”, “კრისტალ პალასსა” და “ბორნმუთს” ჩემპიონშიპში გავარდნა თითქმის არ დამუქრებიათ და სეზონი კარგად ჩაატარეს.

სეზონის აღმოჩენა გუნდი – “ლესტერი”

რაღა თქმა უნდა, აღნიშნულ ნომინაციაში სხვა გუნდი ვერ მოხვდებოდა. კლაუდიო რანიერის გუნდის გმირობებზე ზემოთ ბევრი ვისაუბრეთ და ახლის დამატების საჭიროება არცაა. ერთ ვიტყვით, რომ “ლესტერმა” ინგლისურ ფეხბურთში დიდი გადატრიალება მოახდინა. რა თქმა უნდა, კარგი გაგებით.

სეზონის იმედგაცურება გუნდი – “ჩელსი”

“ლივერპული”, “მანჩესტერი” ან თუნდაც “ნიუკასლი” – გუნდები, რომლებსაც ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტიათ. მითუმეტეს, რომ “კაჭკაჭები” გავარდნენ, “ლივერპული” საერთოდ ევროზონას მიღმა დარჩა, მაგრამ მათზე გაცილებით დიდი იმედგაცრუება იყო ლონდონის “ჩელსი” – მოქმედი ჩემპიონი. “არისტოკრატებმა” სეზონი თავიდანვე საშინლად დაიწყეს და ნელ-ნელა ნათელი ხდებოდა, რომ ჩემპიონობას ვეღარ შეინარჩუნებდნენ, მაგრამ მისგან მეცხრე ადგილი მაინც ძალზე გასაკვირია. ჟოზე მოურინიოს კარისკენ სეზონის შუაში მიუთითეს, გუუს ჰიდინკმა ოდნავ გამოასწორა მდგომარეობა, მაგრამ გასული სეზონი ლონდონელების არ იყო. შესაბამისად, ახლა “სტემფორდ ბრიჯზე” ახალი ერა იწყება – ანტონიო კონტეს ერა, რომელიც გუნდს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს. და მაინც, რამ გამოიწვია “ჩელსის” ასეთი კოშმარული სეზონი? – ბევრი ითქვა იმის შესახებ, რომ მოურინიოსა და ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი იყო. გარდა ამისა, ისე ვერ ჩაატარეს სეზონი “არისტოკრატების” ლიდერებმა, როგორც მათგან ელოდნენ. ეს უპირველესად ჩესკ ფაბრეგასზე, ედენ აზარზე, დიეგო კოშტაზე ითქმის.

სეზონის აღმოჩენა ფეხბურთელი – ჯეიმი ვარდი

ნგოლო კანტე, რიად მაჰრეზი, დელე ალი – ალბათ ნებისმიერი მათგანი იმსახურებდა აღნიშნულ ტიტულს, მაგრამ ჯეიმი ვარდიმ “ლესტერის” გაჩემპიონებაში უდიდესი როლი ითამაშა. 29 წლის ფორვარდმა, რომლის შესახებაც მანამდე ბევრს ინგლისშიც არაფერი სმენოდა, მთელი დუნია აალაპარაკა და ერთი გოლი დააკლდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულამდე. ვინ იცის, ვარდი ამასაც შეძლებდა, რომ არა სეზონის ბოლოს მიღებული დისკვალიფიკაცია. და მაინც, ჯეიმი ვარდის განვილი სეზონი არასდროს დაავიწყდება და ალბათ შვილიშვილებსაც სიამაყით მოუყვება მომხდარზე... ჰო, სეზონის ულამაზესი გოლიც მან გაიტანა (“ლივერპულთან) და რეკორდიც დაამყარა – ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა გოლი და ლეგენდარული ჰოლანდიელის, რუდ ვან ნისტელროის მიღწევა გააუმჯობესა.

სეზონის იმედგაცრუება ფეხბურთელი – ედენ აზარი

მემფის დეპაი, რადამელ ფალკაო, დიეგო კოშტა და სხვანი, მაგრამ ალბათ, ედენ აზარი სეზონის მთავარი იმედგაცრუებაა. “ჩელსის” საკვანძო ფიგურას მართლაც საშინელი სეზონი ჰქონდა და რა გასაკვირია, რომ მისი გუნდი ევროსარბიელს მიღმა დარჩა. ედენი გონზე მხოლოდ სეზონის ფინიშზე მოვიდა, როცა ოთხი გოლი შეაგდო. ეს, ყველაზე მეტად ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ მარკ ვილმოტსს უნდა ახარებდეს, რადგან ევროპის ჩემპიონატი კარსაა მომდგარი. ისე, აზარი წელს, თავის გუნდზე მეტად “ლესტერს” წაადგა, რადგან “ტოტენჰემს” ბოლო წუთებში სწორედ მან გაუტანა, რითაც “მელიები” ოფიციალურად გაჩემპიონდნენ.

სეზონის ვეტერანი – სეზონის ახალგაზრდა

ამ სეზონამდე ვინმეს გსმენიათ ვეს მორგანის შესახებ? – ვფიქრობ, ბევრ თქვენგანს არა – ჰოდა, 32 წლის იამაიკელი მცველი უდავოდ სეზონის ვეტერანია. “მელიების” კაპიტანმა თავისი გუნდის გაუვალ დაცვას, როგორც კაპიტანს შეშვენოდა, ისე ულიდერა. 38-ივე მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარის აღებისთვისაც მოიცალა ორჯერ. თანაც რა მნიშვნელობის გოლები გაიტანა?! – ჯერ “საუთჰემპტონთან” შინ სამი ქულის მომტანი შეაგდო, მერე “ოლდ ტრაფორდზე” ქულა მოუპოვა თავისიანებს და ჩემპიონობაში არანაკლები წვლილი შეიტანა, ვიდრე სხვა ლესტერელებმა.

სეზონის ახალგაზრდა თავისუფლად შეიძლებოდა ტოტენჰემელი დელე ალი ყოფილიყო, რომელმაც პირველივე პრემიერლიგურ სეზონში 10 გოლი შეაგდო, რითაც რეკორდი დაამაყარა, მაგრამ... მაგრამ მარკუს რეშფორდი “მანჩესტერის” მთავარ გუნდში ლუის ვან გაალმა მარტში ტრავმების ეპიდემიის ფონზე დააწინაურა და საბოლოოდ, 18 წლის მარკუსი ინგლისის ნაკრებშია გამოძახებული, სადაც ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელად ემზადება. რეშფორდმა პრემიერლიგაში 5 გოლი შეაგდო. აქედან ორჯერ “არსენალს” გაუტანა, დებიუტში.

ბომბარდირთა დავა

პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინი გახდა 25 გატანილი გოლით და სავსებით დამსახურებულად. თუმცა, თავისუფლად შეიძლებობა, ასე არ ყოფილიყო. საჩემპიონო ტიტულისა არ იყოს, აქაც მიმდინარეობდა დაძაბული ბრძოლა – კეინი თუ ვარდი? – ამ უკანასკნელის დისკვალიფიკაციამ სეზონის ბოლოს დიდი როლი ითამაშა პასუხის ფორმირებაში. თუმცა, ნურც სერხო აგუეროს დავივიწყებთ, რომელმაც ვარდის მსგავსად 24 გოლი შეაგდო, ხოლო “ნიუკასლთან” მატჩში პრემიერლიგაში საიუბილეო, მე-100 ბურთი გაიტანა.

საუკეთესო ფეხბურთელი – რიად მაჰრეზი

ჯეიმი ვარდი, ჰარი კეინი, ნგოლო კანტე, დიმიტრი პაიე ან თუნდაც მესუტ იოზილი, თუმცა ჩვენი აზრით, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ალჟირელი რიად მაჰრეზია. აფრიკელი შემტევის მონაგარი ასეთია: 17 გოლი, 11 საგოლე პასი – 25 წლის მაჰრეზის ფასი ახლა ბევრად მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო და მისი სამსახურით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი. მაჰრეზი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ უკვე დაასახელა. თუმცა, ინგლისელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა იგივე ტიტული ჯეიმი ვარდის მიანიჭეს. მოკლედ, გემოვნების საკითხია...

სეზონის გამომშვიდობება

ტიმ ჰოვარდი, ტომაშ როსიცკი, მიკელ არტეტა, ჯონ ტერი – შესაბამისად, “ევერტონის”, “არსენალისა” და “ჩელსის” ქომაგებმა ღირსეულად, ისე, როგორც იმსახურებდნენ, გააცილეს. თუმცა ტერიმ მას მერე “არისტოკრატებთან” კონტრაქტი გააგრძელა და მომდევო ერთი სეზონი ისევ მშობლიურ გუნდში ითამაშებს. და მაინც, სეზონის მთავარი გამომშვიდობება, ფეხბურთელი კი არა, სტადიონი იყო – “აპტონ პარკი”, სადაც “ვესტ ჰემი” 112 წელი თამაშობდა, ფეხბურთს “მანჩესტერთან” მოგებით (3:2) დაემშვიდობა.

და ბოლოს პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები ჩვენივე ვერსიით:

მეკარე: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერი”)

მცველები: კაილ უოლკერი (“ტოტენჰემი”), ვეს მორგანი (“ლესტერი”), იან ვერტონგენი ("ტოტენჰემი"), დენი როუზი (“ტოტენჰემი”)

ნახევარმცველები: დიმიტრი პაიე (“ვესტ ჰემი”), ნგოლო კანტე (“ლესტერი”), მესუტ იოზილი (“არსენალი”), რიად მაჰრეზი (“ლესტერი”)

თავდამსხმელები: ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”)

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი (“ლესტერი”)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.113638
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X