სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

0:43 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის ევროლიგური ამბები

გასულ უქმეებზე 16 წლის ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის “მეგა ლეკსმა” ახალგაზრდული (18 წლამდე) ევროლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, თუმცა, სამივე მატჩი წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

სერბულმა კლუბმა პირველი მატჩი კაუნასის “ჟალგირისთან” ჩაატარა და 68:81 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 11:42 წუთი გაატარა და 3 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

გოგამ 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

ბითაძემ ყველაზე უკეთ ესპანურ “ბარსელონასთან” წაგებულ (70:85) მატჩში ითამაშა, რომელშიც სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:03 წუთში 9 ქულა, 8 მოხსნა (6 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო მიითვალა, 1 სამქულიანი ააცილა, 1 შეცდომა დაუშვა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

“მეგა ლეკსმა” A ჯგუფში დასკვნითი შეხვედრა ფრანგულ “პარიზთან” გამართა და 65:97 დამარცხდა. ბითაძე ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 11:26 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ახალგაზრდული ევროლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” გახდა, რომელმაც ფინალში B ჯგუფის პირველადგილოსან ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” 90:82 სძლია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11756