ფეხბურთი

14:46 | 24.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" ასოციაციის თასის ფინალშია

"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა. ლუის ვან გაალის შეგირდებმა ნახევარფინალში "ევერტონი" 2:1 დაამარცხეს.

შეხვედრის სამივე გოლი "წითელმა ეშმაკებმა" გაიტანეს. 34-ე წუთზე მარუანე ფელაინიმ ანგარიში გახსნა. 57-ე წუთზე რომელუ ლუკაკს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული დავიდ დე ხეამ მოიგერია. სამაგიეროდ კრის სმოლინგმა 75-ე წუთზე ავტოგოლი მიითვალა და "უემბლიზე" ლივერპულელი გულშემატკივრები გაახარა. გადამწყვეტი გოლი ანტონი მარსიალმა მატჩის კომპენსირებულ მესამე წუთზე გაიტანა.

ბოლოს "მანჩესტერმა" ასოციაციის თასი 2003/04 წლების სეზონში მოიგო, ფინალში კი 2006/07 წლების სეზონში გახლდათ და მაშინ გადამწყვეტ შეხვედრაში "ჩელსისთან" დამარცხდა. "იუნაიტედისთვის" ეს მე-19 ასოციაციის თასის ფინალია და ამ მაჩვენებლით ლონდონის "არსენალს" გაუთანაბრდნენ.

მანჩესტერელთა მეტოქის ვინაობა 24 აპრილს გაირკვევა. ერთმანეთს "კრისტალ პალასი" და "უოტფორდი" დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

0.152033