პარიზში, “პარკ დე პრენსის” სტადიონზე ადგილობრივი პსჟ ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” დაუხვდება. წყვილში ფავორიტზე საუბარი ძნელია და ალბათ, მიმდინარე მეოთხედფინალურ წყვილებში ყველაზე თანაბარია. ამას სხვათა შორის, ორივე გუნდი თავკაცი აღნიშნავს, რომელთაც ერთმანეთისადმი კომპლიმენტები არ დაიშურეს.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგა ახლა მთავარი საზრუნავია: “სიტი” პრემიერლიგაში წარუმატებლად თამაშობს, ხოლო პსჟ პირიქით: საფრანგეთში უკვე კარგა ხანია ჩემპიონია.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს ხავიერ პასტორე და მარკო ვერატი დააკლდებათ. სტუმრებს გაცილებით სერიოზული დანაკლისი აქვთ: დელფი, სტერლინგი და კომპანი არ ეყოლებათ.
გამოსარჩევია, რომ “სიტი” მეოთხედფინალში აქამდე არ ყოფილა და პარიზში დებიუტი ექნება. რაც შეეხებათ მასპინძლებს, აღნიშნულ ეტაპამდე ზედიზედ მეოთხედ მივიდნენ. მათი ურთიერთშეხვედრები კი მწირი ისტორიით გამოირჩევა: ერთი თამაშია, ერთი ფრე.
ლორან ბლანი (“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი): “სიტისთან” კარგი მოგონებები მაკავშირებს იმ დროიდან, როდესაც “იუნაიტედში” ვთამაშობდი. “სიტი” 70-იან წლებში ძალიან ძლიერი გუნდი იყო და ძველი სიძლიერე დაიბრუნა. ამბობენ, რომ ამ ეტაპზე გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველა დეტალს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა.
როცა კენჭისყრა დასრულდა, კმაყოფილი ვიყავი, რომ “ბაიერნი” და “ბარსელონა” არ შეგვხვდა. თუმცა, ახლა ვეთამაშებით გუნდს, რომელიც უმაღლესი დონისაა, სავარაუდოდ, ჩვენზე ძლიერიცაა. ორი რთული და დელიკატური თამაში გველოდება.
მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი): “რთული იქნება, მაგამ მოგება შეგვიძლია. პსჟ კარგი გუნდია, შესანიშნავი პრექტით. რაც შეეხება “სიტის”, იგი წლიდან წლამდე იზრდება. მგონია, რომ თანაბარი შანსი გვაქვს და მომდევნო ეტაპზე გასვლა ჩვენც შეგვიძლია და მათაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლდათ ჯგუფში გამარჯვება ისტორიაში პირველად და მერე მერვედფინალიდან გასვლა მომდევნო ეტაპზე, ასევე პირველად. ვნახოთ, ამჯერად რა მოხდება პსჟ-სთან დუელში.
ჯო ჰარტმა გასულ დღეებში პრობლემების გარეშე ივარჯიშა და დღეს კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდება. როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელი ეგრევე თამაშს იწყებს, ეს რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ ვფიქრობ, მას თამაში შეუძლია”.
სავარაუდო შემადგენლობები:
“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): ტრაპი; მარკინიოსი, დავიდ ლუიზი, ტიაგო სილვა, მაქსველი; მატუიდი, რაბიო, ტიაგო მოტა; დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი
მწვრთნელი: ლორან ბლანი
“მანჩესტერ სიტი” (4-3-2-1): კაბალერო; სანია, მანგალა, ოტამენდი, კლიში; ფერნანდინიო, ტურე, ფერნანდო; დე ბრუინე, სილვა; აგუერო
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)
პრეცედენტი
აქამდე ერთადერთხელ, 2008-2009 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ. მაშინ პოლ ლე გუენისა და მარკ ჰიუზის გუნდების გზა უეფას თასის ჯგუფში გადაიკვეთა. “სიტი სთედიუმზე” ჩატარებულ მატჩში გოლები არ გასულა.
2008 წლის, 3 დეკემბერს გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
“მანჩესტერ სიტი”: ჰარტი, ზაბალეტა, დანი, ბენ ჰაიმი, გარიდო, კომპანი, აირლანდი, ელანო (მვარუარი), ვასელი (ჰამანი), სტარიჯი, ჟო (ევანსი 65)
პსჟ: ლანდრო, ტრაორე, სახო, კამარა, ბურილონი, მაკელელე (არმანდი 59), კლემენი, როტენი, პანკრატე (ჟიული 69), ლუინდულა, კეჟმანი (ოარო 69)
მაშინ A ჯგუფი “სიტიმ” მოიგო, ხოლო ფრანგები მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ. თუმცა, ჯგუფური ბარიერი ორივემ დაძლია და მეოთხედფინალასაც უწიეს, სადაც “ქალაქელები” “ჰამბურგთან” (3:4), ხოლო პარიზელები კიევის “დინამოსთან” (0:3) დამარცხდნენ.
ისტორია
პსჟ
პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 4 მოგება დაუგროვდა. მათ შორის ორჯერ მან ლონდონის “ჩელსის” სძლია.
მეოთხედფინალში ლორან ბლანის გუნდს უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება, 3 წაგება. აღნიშნულ ერთადერთ გამარჯვებას ფრანგებმა 1994-1995 წლების სეზონში უწიეს, როცა “ბარსელონას” 3:2 აჯობეს.
შარშან ბლანის გუნდმა შინ “ბარსელონასთან” წააგო (1:3) და ეს იყო პირველი მარცხი ბოლო 38 მატჩში ევროტურნირებზე. იქამდე მათ 2006-2007 წლების სეზონში უეფას თასზე თელ-ავივის “ჰაპოელთან” წაეგოთ.
პსჟ-ს ლიგაზე მიმდინარე სეზონში ოთხიდან სამი თამაში შინ მოგებული აქვს. ერთადერთი “რეალის” დამარცხება ვერ შეძლო – ფრე, 0:0.
საფრანგეთის ჩემპიონს ინგლისურ გუნდებთან 4 მატჩია არ წაუგია (ოთხივე “ჩელსისთან”). ბოლოს, სწორედ ლონდონელებთან დამარცხდა 2014 წლის აპრილში.
ჯამში კი ინგლისურ გუნდებთან შემდეგნაირი ბალანსი აქვს: 13 თამაში, 4 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება (პარიზში, 3 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება). რაც შეეხება პლეი-ოფის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებს: 3 მოგება, 2 წაგება (ორი მატჩის ჯამში).
“მანჩესტერ სიტი”
ინგლისური გუნდისთვის ეს, ისტორიაში პირველი მეოთხედფინალური მატჩი იქნება. აქამდე მანჩესტერელები მერვედფინალიდან ორჯერ გამოვარდნენ, ორჯერვე “ბარსელონასთან”.
საერთოდ, მერვედფინალში “დინამოსთან” 3:1 მოგება მათთვის პლეი-ოფში პირველი იყო. “ბარსელონასთან” წაგებებზე უკვე ვთქვით და მანამდე, შორეულ 1969 წელს “ფენერბახჩესთანაც” წაეგოთ.
მიმდინარე სეზონში ინგლისელებს ოთხი გასვლითი მატჩიდან სამი მოგებული აქვთ. ერთი კი წააგეს, ტურინში “იუვენტუსთან”.
თუ “სიტისთვის” მეოთხედფინალში დებიუტი იქნება, ასე არაა მათი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინისთვის. ჩილელმა “ვილიარეალი” ორჯერ (2005-2006, და 2008-2009 წლებში) ათამაშა ამ ეტაპზე, ხოლო “მალაგა” 2012-2013 წლების სეზონში. ამათაგან პელეგრინის გუნდმა ნახევარფინალში ერთადერთხელ, 2006 წელს მოახერხა გასვლა.
ფეხბურთელები და მწვრთნელები: დაპირისპირებები:
იაია ტურე, მაქსველი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთად “ბარსელონაში” ირჯებოდნენ 2009-2010 წლებში.
დავიდ ლუიზისთვის ინგლისი ნაცნობი ადგილია. მას პრემიერლიგაში 81-ჯერ უთამაშია. 2011 წლის მარტში კი “სიტის” კარში გოლიც გაუტანია.
ინგლისის ჩემპიონატში ასევე ნათამაშები აქვთ ანხელ დი მარიას (“მანჩესტერში” 2014-2015 წლებში) და ბენჟამინ სტამბულის (“ტოტენჰემში” 2014-2015 წლებში).
თავის მხრივ საფრანგეთში ირჯებოდნენ ბაქარი სანია (“ოსერში”, 2004-2007), იაია ტურე (“მონაკო”, 2006-2007), გაელ კლიში (“კაენი”, 2002-2003).
ჯო ჰარტი ინგლისის ნაკრების კარს იცავდა, როცა 2012 წლის მარტში ალბიონელებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთს მოუგეს.
2015 წლის ნოემბერში კი ჰარტისა და სტერლინგის ინგლისს მატუიდის საფრანგეთი დაუმარცხებია.
ლორან ბლანი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2001-2003 წლების სეზონში თამაშობდა. 2002 წლის 9 ნოემბერს კი, “მაინ როუდზე” 1:3 წაუგია.
ზლატან იბრაჰიმოვიჩს მანუელ პელეგრინის გაწვრთნილი “რეალისთვის” გამარჯვების გოლი გაუტანია 2009 წლის 29 ნოემბერს.