დასრულდა 23-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც „სოხუმმა“ „ოლიმპს“ უმასპინძლა, 92:82 დაამარცხა და ფლეი ოფს საგრძნობლად მიუახლოვდა, რადგან უახლოეს კონკურენტ „მგზავრები-არმიას“, რომელიც „ბათუმთან“ დამარცხდა, ახლა 2 ქულით უსწრებს.
მიმდინარე ჩემპიონატში „სოხუმსა“ და „ოლიმპს“ განსხვავებული მიზნები აქვთ. „სოხუმი“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფლეი ოფში მოხვედრისათვის იბრძვის. რაც შეეხება „ოლიმპს“, რომელიც ბოლოსწინა მეშვიდე ადგილზე იმყოფება, მისი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ზღვისპირელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი ტაიმის შემდეგ 14 ქულის სხვაობით 26:12 დაწინაურდნენ. იყო მომენტი როცა „სოხუმის“ უპირატესობა 25 ქულასაც აღემატებოდა, მაგრამ თამაშის მიწურულს ვაჟა კვარაცხელიამ ახალგაზრდა კალათბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შანსი. ამით ისარგებლა „ოლიმპმა“ და მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა „ოლიმპის“ უკანახაზელმა რეზო როგავამ დააგროვა. მისი ამერიკელი თანაგუნდელი ლესლი ჯიშუან სმიტი 15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. რაც შეეხება „სოხუმს“, მათ შორის ყველაზე მეტი 23 ქულა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფაცაციამ დააგროვა.
ამჟამად მიმდინარეობს „აკადემია“-„ქუთაისი-2010“-ის შეხვედრა.
სოხუმი - ოლიმპი 92:82 (26:12, 22:22, 29:15, 15:33)







