საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი რუმინეთთან შთამბეჭდავი გამარჯვებით გახსნა.
7 ლელო და 49:10 - ასეთია მეოთხედფინალური მატჩის შედეგი და ახლა „უმცროს ბორჯღალოსნებს“ ნახევარფინალში პორტუგალია ელის, რომელიც მასპინძელია და საქართველოს დარად, ბოლო დროს რეგულარულად თამაშობდა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში. მანამდე კი, ქართველმა და რუმინელმა მორაგბეებმა worldrugby.ge-ს განვლილი შეხვედრის შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
ჯაბა შათირიშვილი: „მეტოქისგან მეტს მოველოდით, მაგრამ მოედანზე სულ სხვა მდგომარეობა დაგვხვდა. რუმინელები პირველვე წუთიდან დაცვაზე ფიქრობდნენ, მაგრამ მალევე მოვძებნეთ მათ ასარევად გზები. მორკინალების კარგი თამაშის შედეგად, დარტყმის წერტილებში მოთამაშეების ჩათრევას ვახერხებდით, რასაც შედეგი მოჰქონდა, ხაზს სათამაშოდ მეტი სივრცე ეძლეოდა და ამ ყველაფერს კარგადაც იყენებდნენ.
თამაშის ტემპზე გავლენა ამინდმა იქონია, ტექნიკური წუნი მრავლად გვქონდა და ამის გამო რამდენიმე ლელოს დადების შანსი გავუშვით. ეს ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი მაქსიმუმი. ბიჭებმა თავისი შესაძლებლობები დაინახეს და ვეცდებით მომდევნო თამაში გავაუმჯობესოთ. ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. არის რაღაც ხარვეზები, რასაც პორტუგალიასთან მატჩამდე მწვრთნელებთან ერთად გამოვასწორებთ“.
ბექა საღინაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „წლევანდელ ჩემპიონატში პირველი თამაში იყო და ძალიან ვღელავდით. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდით. მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავდა, განსაკუთრებით მათი 8 ნომერი გამოირჩეოდა ფიზიკური მონაცემებით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რუმინელები უშანსოდ დავამრცხეთ. შეცდომება გვქონდა, თუმცა, საბოლოოდ მაინც კმაყოფილები დავრჩით“.
ადრიან თალა (რუმინეთის ნაკრების კაპიტანი): „ურთულესი შეხვედრა ჩავატარეთ. საქართველოს მართლაც ძლიერი შერკინება და სწრაფი მოთამაშეები ჰყავს. ისინი კარგად თამაშობდნენ მოლში და ბოჭვაც კარგი იციან. ეს იყო ჩემი პირველი თამაში საერთაშორისო დონეზე და ცოტა გამიჭირდა. მინდა საქართველოს ნაკრებს წარმატება ვუსურვო“.
ნინუცა კაპანაძე