ფეხბურთი

1:17 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

თურქულ შეკრებაზე „დილამ“ პირველი მატჩი წააგო

გორის „დილამ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა ყაზახეთის „ირტიშთან“ გამართა და 2:3 დამარცხდა.

გორელებმა თამაშის დღეს, დილით მორიგი წვრთნა გამართეს, საღამოს კი ადგილობრივი დროით 17:30 წუთზე პირველი სპარინგ-მატჩი გამართეს. თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პირველი 20 წუთის განმავლობაში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ამ დროის მონაკვეთში, ისევე როგორც მთელი თამაშის განმავლობაში, ხშირი იყო ორთაბრძოლები.

მე-4 წუთზე „ირტიშის“ ფეხბურთელმა „დილას“ კარის მიმართულებით დაარტყა და მიხეილ მუჯრიშვილმა ითამაშა კარგად. მე-10 წუთზე გოგუამ სახიფათო იერიში წამოიწყო, მათე კვირკვია კარგ პოზიციაზე გაიყვანა და მანაც ზუსტი დარტყმით გოლის გატანა შეძსლო, თუმცა გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 22-ე წუთზე მეტოქესთან ორთაბრძოლისას მათე კვირკვია დაშავდა და შემდეგ მოედნიდან გასაყვანი შეიქნა.

26-ე წუთზე „ირტიშის“ ფეხბურთელებმა ანგარიში გახსნეს. მარცხენა ფლანგიდან სწრაფად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, მეტოქემ ბურთი „დილას“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც თავდამსხმელმა თავით ახლო მანძილიდან გაიტანა – 0:1.

საგულისხმოა, რომ ამ დროს „დილას“ ფეხბურთელები 10 კაცით იმყოფებოდნენ მოედანზე. ტრავმირებული მათე კვირკვიას ნაცვლად თამაშში ჩასართავად ოთარ მარცვალაძე ემზადებოდა.

ამის შემდეგ გორელები გააქტიურდნენ და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, როდესაც საკუთარი საჯარიმოს ხაზიდან გუგა ფალავანდიშვილმა გრძელი გადაცემა გაუკეთა ისლამ მაშუკოვს, მან კი მცველი სისწრაფეში დაჯაბნა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მეკარეს ვეღარ აჯობა.

ამ მომენტიდან ორი წუთის შემდეგ, „ირტიშს“ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება, როდესაც „დილას“ კართან პირველი გატანილი გოლის ანალოგიური მომენტი შეიქმნა, თუმცა ამჯერად, მეტოქემ არაზუსტად დაარტყა.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში „დილამ“ კიდევ ორი სახიფათო მომენტი შექმნა. პირველ ჯერზე მარჯვენა ფრთიდან გორის „დილას“ ახალწვეული ლევან საბაძე აქტიურობდა, რომლის კარგად დარტყმულ ბურთზე, ასევე კარგად ითამაშა „ირტიშის“ გოლკიპერმა.

პირველი ნახევრის ბოლო სახიფათო მომენტი გუგა ფალავანდიშვილის აქტიურობას მოყვა, როდესაც მის წინააღმდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა თამაშის წესები დაარღვიეს. საჯარიმო დარტყმა გოგიტა გოგუამ შეასრულა, თუმცა, მეკარემ ითამაშა კარგად, მოგერიებული ბურთი ძელს შეეხო და ისე დატოვა მოედნის ფარგლები.

მეორე ნახევარი „დილამ“ კვლავ აქტიურად დაიწყო. დასაწყისშივე, მარჯვენა ფრთაძე გოგუას მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, დავით კვირკველია დაახლოებით თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გამოეხმაურა ბურთს, მაგრამ მეტოქის მეკარემ კვლავ მოასწრო რეაგირება.

რამოდენიმე წუთში, მეტოქის ნახევრიდან გუგა ფალავანდიშვილის გამჭოლი გადაცემით ხურცილავა გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

51-ე წუთზე კი „ირტიში“ ორბურთიანი უპირატესობით გავიდა წინ. მარჯვენა ფრთიდან მეტოქის ფეხბურთელმა იაქტიურა, „დილას“ საჯარიმოში შევიდა და „დილას“ მცველებმა მისი შეჩერება თამაშის წესების დარღვევით შეძლეს. თერთმეტმეტრიანი ყაზახებმა უნაკლოდ შეასრულეს – 0:2.

57-ე წუთზე კი მაშუკოვი, რომელმაც შეხვედრა საკმაოდ აქტიურად ჩაატარა, უბრალოდ ვალდებული იყო ანგარიშის სხვაობა შეემცირებინა. მისივე აქტიურობის შედეგად დანიშნული საჯარიმოს შემდეგ, მარჯვენა ფრთიდან გოგუამ ჩააწოდა მეტოქის კარის შორეულ ძელთან, სადაც ალექსანდრე კვახაძემ თავით ზუსტი გადაცემა გაუკეთა მაშუკოვს. ამ უკანასჯნელმა დაახლოებით ერთი მეტრიდან ზემოდან გადააცდინა ბურთი მეტოქის კარს.

მეორე ნახევრის განმავლობაში უჩა სოსიაშვილმა ცვლილებებს მიმართა. 65-ე წუთზე ირაკლი ძარიამ, რომელიც ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში, შორიდან ძლიერად დაარტყა, მეკარემ გაჭირვებით შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება, ხოლო კუთხურიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ოთარ მარცვალაძე ურტყამდა სახიფათოდ და ოდნავ არაზუსტად.

ამის შემდეგ გიორგი ერისთავმა იაქტიურა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი მოწინააღმდეგის მცველს შეეხო და მოედნის ფარგლები დატოვა.

71-ე წუთზე კი „დილამ“ ანგარიშის შეცვლა მაინც მოახერხა. ოთარ მარცვალაძე კარგად შევიდა მეტოქის საჯარიმოში, ძლიერად დაარტყა მეტოქის კარისკენ და ბურთი „ირტიშის“ ერთ-ერთ მცველს ხელზე მოხვდა. თერთმეტმეტრიანი გიორგი ერისთავმა, რომელიც გუშინ იუბილარი იყო და 22 წლის გახდა, უნაკლოდ შეასრულა – 1:2.

77-ე წუთზე „ირტიშს“ ჰქონდა გოლის გატანის მცდელობა, როდესაც მეტოქე მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა „დილას“ საჯარიმოში, მაგრამ ბოლო მომენტში მიხეილ მუჯრიშვილმა იყოჩაღა.

ორ წუთში მოწინააღმდეგემ მაინც შეძლო ორი ბურთით დაწინაურება. მეტოქე გუნდის თავდამსხმელი სწრაფად გაერკვა „დილას“ საჯარიმოში არსებული სიტუაციით და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაზარდა – 1:3.

ამის შემდეგ ირაკლი ძარიას ჰქონდა მორიგი მცდელობა ანგარიშის შემცირებისა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი სანტიმეტრებით აცდა მეტოქის კარს. „დილამ“ შეხვედრის ბოლომდე გააგრძელა აქტიური თამაში და კვლავ შეძლო ანგარიშის სხვაობის მინიმუმამდე შემცირება.

85-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ მეტოქის ნახევარზე ბოლომდე იბრძოლა, მცველს შეცდომა დააშვებინა და ზუსტი გადაცემით ირაკლი მოდებაძე დატოვა კარის პირისპირ – 2:3.

დარჩენილ დროში „დილას“ ანგარიშის გათანაბრების მცდელობა ჰქონდა. შეხვედრის ბოლო წუთზე მარცვალაძემ მოედნის ცენტრიდან საკმაოდ კარგი სოლო რეიდი განახორციელა და მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოვებულმა ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი მეტოქის კარს ზემოდან გადაცდა. რამოდენიმე წუთში მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა – 2:3.

„დილა“ მორიგ ამხანაგურ მატჩს 6 თებერვალს მოლდოვას ჩემპიონატის მეხუთე ადგილოსან „ზარია ოლიმპთან“ გამართავს.

„დილას“ პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102671