სხვა

12:56 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

IHF/EHF ქალთა თასის მონაწილეები ცნობილია

8-13 მარტს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იმართება IHF/EHF ქალთა თასი ხელბურთში. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ დაადგინა მონაწილეთა სია. თბილისში ითამაშებს 8 ნაკრები: ბელგია, ლატვია, ფარერები, საქართველო, კვიპროსი, მალტა, ალბანეთი და სომხეთი.

ტურნირს მსოფლიოსა და ევროპის ხელბურთის ფედერაციები 2011 წლიდან ატარებენ განვითარებად ქვეყნებს შორის. ეს შეჯიბრება რიგით მეოთხეა. თბილისში გაირკვევა ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობა და ის 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ თასზე, სადაც რეგიონულ კონფედერაციებს შორის გამარჯვებულები გამოვლენ.

მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიაა 1997 წელს და გვიან დაბადებულები. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ მოწვევა გაუგზავნა 22 ქვეყანას, მიიღო 12 განაცხადი და აქედან ამოარჩია 7 მონაწილე, ხოლო ტურნირის მასპინძლად საქართველოს ხელბურთის ფედერაცია 2015 წლის ნოემბერში დასახელდა.

იმ 7 გუნდს შორის, რომელიც თბილისში ჩამოვა, ალბათ უძლიერესია ფარერის კუნძულების ნაკრები. 2015 წელს, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე (1998-99 წლებში დაბადებულები) ფარერების გუნდმა დაამარცხა ისლანდია 25-24, თუმცა, ფინალურ ტურნირზე ვერ გავიდა, რადგანაც ორი დანარჩენი მატჩი წააგო - ჩეხეთთან 21-25 და რუსეთთან 15-23.

ამავე ტურნირში თამაშობდა ლატვიაც (15-46 ხორვატიასთან და 31-34 ბელარუსთან), ხოლო ბელგიას, კვიპროსს, მალტას, ალბანეთსა და სომხეთს ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია არ უთამაშიათ. რაც შეეხება ევროპის შარშანდელ 19-წლამდელთა ჩემპიონატს (1996-97 წლებშ დაბადებულები), აქ ითამაშა მხოლოდ ფარერებმა და სამივე მატჩი წააგო (ლიტვა 20-33, ჩეხეთი 18-26, ნორვეგია 16-45).

საქართველოს ნაკრებს ორჯერ უთამაშია მსგავსი კატეგორიის ტურნირებზე - 2002 და 2006 წლებში, როცა EHF ატარებდა ჩელენჯ ტროფის, ოღონდ - ეროვნული ნაკრებების დონეზე.

2006 წელს, ბოსნიაში, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა რვა გუნდში (ჯგუფში ინგლისი 34-12, ალბანეთი 61-1, ფარერები 20-40, ნახევარფინალში ბოსნია 16-49, მესამე ადგილისთვის კვიპროსი 18-23). 2002 წელს ტურნირი ბაქოში გაიმართა და საქართველოს ნაკრები მეხუთე იყო 6 გუნდში (ჯგუფში: მოლდოვა 28-24, აზერბაიჯანი 15-34, საბერძნეთი 16-27, ისრაელი 23-29, ბელგია 15-26, მეხუთე ადგილისთვის: მოლდოვა 35-18).

2006 წლის შემდეგ ქალთა გუნდი აღარ გვყოლია იქამდე, სანამ თბილისმა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლება არ მოიპოვა. ჩვენს გუნდს, სადაც ძირითდად 1998-99 წლებში დაბადებული გოგონები თამაშობენ, უკვე საკმაოდ სერიოზული გამოცდილება დაუგროვდა. მართალია, ევროპის 17-წლამდელთა კვალიფიკაციაზე ქუთაისში, ძალიან ძლიერ გუნდებთან დიდი სხვაობით წავაგეთ (ნორვეგია 20-41, ჰოლანდია 22-43, ლიტვა 20-39. 2015 წლის მარტი), მაგრამ უკვე აგვისტოში, ოლიმპიურ ფესტივალზე გვესტუმრა ევროპის 7 უძლიერესი გუნდი, ხოლო თამაშის ხარისხი ბევრად უკეთესი იყო (გერმანია 25-30, რუმინეთი 24-32, მონტენეგრო 15-26, რუსეთი 16-34, ჩეხეთი 18-44).

საქართველოს გოგონათა ნაკრები ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ სერიოზულად ემზადება და ახლახან ტურნე გამართა ისრაელში, სადაც ორი წლით უფროს, ისრაელის ოცწლამდელთა ნაკრებს სამმატჩიანი სერია მოუგო - 32-29, 30-30, 26-24. ნაკრების სტაფში შედიან გიორგი გვაზავა (მთავარი მწვრთნელი), მწვრთნელები ოლექსანდრ გურსკი და ინა ჭკუასელი, მეკარეების მწვრთნელი ამირან კომახიძე, ფიზმომზადების სპეციალისტი მამია ტუღუში და გუნდის ლიდერი, ლანა მარგიანი, ხოლო ნაკრებს წარმოადგენენ ხუთ კლუბის - ყვარლის, ფოთის, წყალტუბოს, თბილისის მამულისა და პეგასის მოთამაშეები. გუნდი გეგმავს რომ 8-13 მარტს, თბილისში მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლოს.

IHF/EHF ქალთა თასის წინა, მესამე გათამაშების ევროპული ტურნირი, საბერძნეთში, 2014 წელს, მოიგო ბულგარეთის ნაკრებმა, რომელმაც ფინალში დაამარცხა ისრაელი 34-23, მაგრამ უკვე ინტერკონტინენტალური თასის ფინალში, 2015 წელს, საკუთარ მოედანზე დამარცხდა გვადელუპესთან 22-26 და მეორე ადგილზე გავიდა. მესამე იყო უზბეკეთი, მეოთხე - სენეგალი, მეხუთე - ზელანდია.

მეორე გათამაშება, 2013 წელს, ბულგარეთმა მოიგო, ხოლო სადებიუტო ტურნირის გამარჯვებული, 2011 წელს იყო ფინეთი. პირველი სამი ტურნირი ეროვნული ნაკრებების დონეზე იმართებოდა. თბილისის ტურნირის ფორმატი ტრადიციულია - ორი ოთხგუნდიანი ჯგუფი, ნახევარფინალები და ფინალი. წილისყრა მოგვიანებით გაიმართება.

0.119881