ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ (ხმალი) 2016 წელს პირველი გამარჯვება იზეიმა: თურქეთის ქალაქ სტამბოლში 2015-2016 წლების სეზონის მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპი მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა სტამბოლში გაფართოებული შემადგენლობით იასპარეზა: ვაჟებს შორის მწვრთნელებმა 8 სპორტსმენი იახლეს, გოგონათა შორის კი – 5. მედლები მხოლოდ ვაჟებმა მოიპოვეს: სანდრო ბაზაძის გარდა, მედალოსანთა შორის მოხვდნენ მიხეილ მარდალეიშვილი და ბექა ბაზაძე – ორივემ მესამე ადგილი დაიკავა. სტამბოლის ეტაპზე 12 ქვეყნის 106 სპორტსმენი მონაწილეობდა – 58 ვაჟი და 48 ქალი.
ბაზაძემ ჯგუფში ყველა მეტოქე დაამარცხა და ფლეი-ოფში პირველ ნომრად გავიდა. 1/8 და 1/4-ფინალებში მან ზედიზედ სძლია მექსიკელ ხულიან აიალას – 15:5 და თურქ ათატან ჰეზერის – 15:10, ნახევარფინალში კი თანაგუნდელი მიხეილ მარდალეიშვილი დაამარცხა – 15:6. ფინალში სანდრომ კანადელ იოზეფ პოლუსიფაკისს აჯობა - 5:13. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, ნახევარფინალში სანდროს ძმას ბექას სძლია.
მოფარიკავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მერაბ ბაზაძის თქმით, 19-28 იანვარს გუნდი მოსკოვში გაემგზავრება და რუსეთის ნაკრებთან ერთად გაივლის საწვრთნელ შეკრებას, 29 იანვრიდან კი იტალიის ქალაქ პადოვაში მსოფლიოს პირად-გუნდურ და ევროპის გუნდურ თასზე იასპარეზებს.
მსოფლიო თასის 2015-2016 წლების გათამაშება. სტამბოლის ეტაპი
ვაჟები
სანდრო ბაზაძე – I ადგილი
მიხეილ მარდალეიშვილი – III ადგილი
ბექა ბაზაძე – III ადგილი
ნიკა შენგელია – 1/4-ფინალი
საბა სულამანიძე – ჯგუფი
ლუკა ობოლაძე – ჯგუფი
გივი მერკვილაძე – ჯგუფი
ვაჟა რეჭია – ჯგუფი
გოგონები
ლიკა ჯიჯეიშვილი – 1/4-ფინალი
ანა აფრასიძე – 1/8-ფინალი
ელენე ნანობაშვილი – 1/16-ფინალი
მარიამ აფციაური – 1/16-ფინალი
ნუცა იაგორაშვილი – 1/16-ფინალი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური