რაგბი

19:53 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცენტრალური ქართველებით და უქართველებოდ

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში, საახალწლო შესვენების შემდეგ თამაშები მე-14 ტურით განახლდა და ორი ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ერთ მათგანში ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ, მეორეში კი, ოთხმა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა.

ერთპიროვნულმა ლიდერმა, ზაზა ნავროზაშვილის “ლიონმა” სეზონის მეორე მარცხი განიცადა. მისი 6-მატჩიანი მოგებათა სერია დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანმა” შეწყვიტა, რომელსაც ბოლო დროს საქმეები ცუდად მისდიოდა. უკანასკნელ 8 შეხვედრას თუ გადავხედავთ, ეს ამ გუნდის მხოლოდ მეორე მოგებაა, მაგრამ ორივე შემთხვევაში “პერპინიანმა” უშუალო კონკურენტებს სძლია. “ლიონმა” მასპინძლებს 74-ე წუთზე ლელო გაუტანა, გარდასახვა გამოიყენა და 16:13 დაწინაურდა, უკვე გაწითლებულ დროზე “პერპინიანმა” თავისი მეორე ლელო გაიტანა და საბოლოოდ 20:16 იმარჯვა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ.

ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ანტონ ფეიქრიშვილის “ბეიონმა” ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის “ორიაკს” 13:12 სძლია. სტუმართა შორის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ შარიქაძე, დათუნაშვილი და ხატიაშვილი, პირველმა ორმა სრულად ითამაშა, ხოლო ხატიაშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს. შეცვლაზე დასკვნითი 10 წუთი ითამაშა ფეიქრიშვილმა. “ორიაკმა” პირველ ტაიმში 3 ჯარიმა გაიტანა და შესვენებაზე მნიშვნელოვანი უპირატესობით გავიდოდა, მაგრამ ზედ სასტვენის წინ კაცნაკლული შერკინებაში ვერ დადგა, საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და 9:10 ჩამორჩა. მეორე ტაიმში მეტოქეებმა თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს და “ბეიონმაც” პოზიციები გაიმყარა.

მოწინავე ხუთეულშია ლაშა ლომიძის “ბეზიე”, რომელმაც “მონტობანს” 38:17 სძლია და პრემიალური ქულაც აართვა. ლომიძემ შეცვლაზე 56-ე წუთიდან ითამაშა და მისმა გუნდმა ამ 24 წუთში 6-იდან 2 ლელო გაიტანა, რითაც პრემიალური ქულა გაინაღდა. ტაიმი 19:17 დასრულდა და “ბეზიემ” მონაგარს მეორე ტაიმშიც 19 ქულა შემატა, მაგრამ ამჯერად შეცდომებიც აღარ დაუშვა და საკუთარი ჩათვლის მოედანი და კარი ხელუხლებელი შეინახა.

ახალგაზრდა ბექა გორგაძე მყარად დამკვიდრდა “მონ-დე-მარსანის” შემადგენლობაში. მას პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ორიოდე ტურის წინ ჰქონდა და მაშინ შეცვლაზე ითამაშა, აგერ უკვე ორი მატჩია კი, სასტარტო შემადგენლობაშია და შეუცვლელად ირჯება. მე-14 ტურში მისმა გუნდმა გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსს” უმასპინძლა და 20:18 დაამარცხა. ზაქაშვილი ასევე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა. მოლში მისმა აქტიურობამ 56-ე წუთზე სტუმრებს ლელო მოუტანა და მერე ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე დავიდა (11:13). 73-ე წუთზე “მონ-დე-მარსანმა” თავისი მეორე ლელო გაიტანა და გარდასახვით გამარჯვება დაიბევა, სულ ბოლოს კი, საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და ქულა “ექს-ან-პროვანსსაც” შეხვდა.

გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის “ტარბი” “კოლომიეს” ეწვია და 16:19 დამარცხდა. ნემსაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ოღონდ 7-იდან მე-17 წუთამდე სინბინში იჯდა. ტაიმი ფრედ, 13:13 დასრულდა, მერე მასპინძლებმა 2 ჯარიმა გაიტანეს, სტუმრებმა მხოლოდ ერთი გაქვითეს და ბოლო წუთზე დამრტყმელს რომ ეხეირა, მატჩი ფრედ დასრულდებოდა.

ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ” ქართულ დერბიში ელიზბარ ყუფარაძის “დაქსი” 33:14 დაამარცხა. შეყლაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, მაისურაძე შეცვლაზე 74-ე, ხოლო ყიფარაძე 64-ე წუთზე შევიდა. “ალბიმ” ტაიმი 23:0 მოიგო, 2 ლელო გატანილი ჰქონდა და პრემიალური ქულის აღების შანსი გაუჩნდა, მაგრამ მეორე ნახევარში ორი შეცვდომა 2 ლელოდ დაიჯდა, თავად მხოლოდ ერთი გაიტანა და 4 სატურნირო ქულას დასჯერდა.

ასტამურ იოსელიანისა და ტარიელ რატიანიძის “ნარბონმა” “კარკასონი” 15:12 დაამარცხა. რატიანიძემ შეცვლაზე 15 წუთი ითამაშა, მატჩის მიწურულს ანგარიში 12:12 იყო, 79-ე წუთზე “ნარბონმა” ჯარიმა გაიტანა, 1 წუთში ჯარიმა მეტოქემაც დაარტყა, მაგრამ არაზუსტად და ქართველების გუნდმა გამარჯვება იზეიმა.

2015-2016 წლების პრო დ2-ის სეზონი. XIV ტური

ბეზიე - მონტობანი 38:17

ბეიონი - ორიაკი 13:12

ბურგუენი - ბიარიცი 21:14

ალბი - დაქსი 33:14

კოლომიე - ტარბი 19:16

მონ-დე-მარსანი - ექს-ან-პროვანსი 20:18

ნარბონი - კარკასონი 15:12

პერპინიანი - ლიონი 20:16

გუნდები +/-

1.

ლიონი

14

12

0

2

468:237

55

2.

ბეიონი

14

9

1

4

370:298

44

3.

ბეზიე

14

9

1

4

397:285

42

4.

ორიაკი

14

8

0

6

361:302

38

5.

პერპინიანი

14

7

1

6

306:284

35

6.

კოლომიე

14

7

2

5

281:313

34

7.

ალბი

14

7

1

6

268:262

33

8.

ნარბონი

14

6

0

8

299:286

30

9.

ბურგუენი

14

6

0

8

261:295

29

10.

მონ-დე-მარსანი

14

6

0

8

271:294

29

11.

მონტობანი

14

6

0

8

274:330

27

12.

კარკასონი

14

6

0

8

245:365

26

13.

ბიარიცი

14

5

0

9

289:282

24

14.

დაქსი

14

5

0

9

276:347

22

15.

ექს-ან-პროვანსი

14

4

0

10

238:378

18

16.

ტარბი

14

6

0

8

255:301

13

ტარბის დაკლებული აქვს 15 ქულა

XV ტური. 14,15, 17 იანვარი

ორიაკი - მონ-დე-მარსანი; ლიონი - ნარბონი; ბიარიცი - კოლომიე; კარკასონი - ალბი; ტარბი - ბეიონი; დაქსი - ბეზიე; მონტობანი - ბურგუენი; ექს-ან-პროვანსი - პერპინიანი

0.12667