ფეხბურთი

23:14 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,ჩიბოს“ ხსოვნას მიეძღვნა

ქუთაისის ,,ტორპედოს“ ქომაგთა კლუბ ,,ჯუნგლების“ ინიციატივით ,,ტორპედოს“ კლუბისა და იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით 26 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში მინი ფეხბურთში ერთდღიანი ტურნირი გაიმართა, რომელიც ამ ზაფხულს ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპულ ქუთაისის ,,ტორპედოს“ საიტის ადმინისტრატორის აკაკი ჩიბურდანიძის (,,ჩიბოს“) ხსოვნას მიეძღვნა.

ტურნირში ადგილობრივ გუნდებთან ერთად მონაწილეობა თბილისის, ბათუმის, ზესტაფონის და ტყიბულის გუნდებმაც მიიღეს. ჩამოსვლა ვერ მოახერხეს ზუგდიდის ,,აბრაგებმა“ და მათ ნაცვლად ტურნირში სახელდახელოდ შეკრებილი იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის გუნდი ჩაება.

საბოლოოდ რვა გუნდი შეიკრიბა, რომლებიც 2 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ და ერთმანეთს წრიული სისტემით შეეჯიბრნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ნახევარფინალში თამაშის უფლება ქუთაისის ,,ულტრასებმა“, ბათუმის ,,პირატებმა“, თბილისის ,,ქომაგებმა“ და ირფფ-ის გუნდებმა მოიპოვეს.

პირველ ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ,,ქომაგები“ და ,,პირატები“ დაუპირისპირდნენ. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში თბილისლები მინიმალური ანგარიშით იგებდნენ, თუმცა შეხვედრის ბოლოს ბათუმლებმა ანგარიში გაქვითეს, ხოლო პენალტების სერიაში უკეთ გაისარჯნენ (4:2) და ფინალში გავიდნენ.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარფინალური დაპირისპირებაც. მატჩის უკანასკნელ წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით ირფფ-ს წარმომადგენლებმა იმარჯვეს და ფინალში ,,პირატებთან“ შეხვედრის უფლება მოიპოვეს.

ფინალური შეხვედრა ნაკლებად დაძაბული გამოდგა. ირფფ-ს წარმომადგენლებს თამაში პრაქტიკულად დასვენების გარეშე მოუხდათ, რამაც თავი მატჩის მიმდინარეობისას იჩინა. ბათუმლებმა მეტოქის გადაღლილობა სათავისოდ შესანიშნავად გამოიყენეს, მოწინააღმდეგე 4:1 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული დამსახურებულად მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე დაწესებული ყველა პრიზი ბათუმელებს გადაეცა. ტურნირის ბომბარდირი 4 გატანილი გოლით რომან რუხაძე გახდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ალექსანდრე ნაკაშიძემ მოიპოვა. მოთამაშეები პრიზებით მატჩზე დამსწრე ,,ტორპედოს“ ფეხბურთელებმა დააჯილდოვეს. გამარჯვებულ გუნდს ბათუმის ,,პირატებს“ ,,ჩიბოს“ სახელობის თასი ,,ტორპედოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჩაკვეტაძემ გადასაცა.

0.336254