ფეხბურთი

1:21 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა, ბოლო ტურის წინ: "მანჩესტერი" ბეწვის ხიდზე

დღეს ორკვირიანი პაუზის შემდომ უეფას ჩემპიონთა ლიგა განახლდება და მერვედფინალისტთა ნახევარი ოფიციალურად გამოვლინდება. ყველაზე დიდი ბრძოლა კი “ვოლკსვაგენ არენაზეა” მოსალოდნელი, სადაც “ვოლფსბურგი” ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუხვდება. ინტერესს ამავე ჯგუფის მეორე თამაშიც იწვევს, პსვ-სა და ცსკას შორის. უნდა აღინიშნოს, რომ გასამართ რვავე შეხვედრაში გარკვეული ინტრიგა ჯერ კიდევ დარჩენილია.

A ჯგუფი

პსჟ – “შახტარი”

ფრანგულ “პარი სენ ჟერმენს” შეუძლია თებერვლის თვემდე მშვიდად იყოს. ლორან ბლანის გუნდმა საფრანგეთის ზამთრის ჩემპიონობა უკვე გაინაღდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი მისთვის ფორმალობაა. პსჟ პლეი-ოფში მეორე ადგილით გადის. აკი აღნიშნა კიდეც, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ბლანმა სამწუხაროდ, პირველი პოზიციას ვერ დავიკავებთო. თუ პარიზელებისთვის ეს თამაში არაფერს წყვეტს, “შახტარისთვის” უფრო დიდი დატვირთვა აქვს – მირჩა ლუჩესკუს შეგირდებს მესამე ადგილზე გასვლა და შესაბამისად ევროპა ლიგაზე გადართვა სურთ. თუმცა, დიდი ალბათობით, “მეშაახტეები” ამ მიზანს მარცხის შემთხევავიც შეწვდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

პსჟ (4-3-3): ტრაპი; ორიე, მარკინიოსი, დავიდ ლუისი, მაქსველი; მატუიდი, რაბიო, ტიაგო მოტა; დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი

“შახტარი” (4-4-1-1): კანიბოლოტცკი; სრნა, კუჩერი, რაკიცკი, ისმაილი; სტეპანენკო, ფრედი, მარლოსი, ბერნარდი; ალექს ტეიშეირა; ფერეირა

მსაჯი: ანტონი ტეილორი (ინგლისი)

“რეალი” – “მალმე”

ამ ჯგუფის მეორე თამაშისა არ იყოს, იგივე შეგვიძლია ვთქვათ “რეალი” – “მალმეს” დაპირისპირებაზეც. ერთი განსხვავებით: “სამეფო კლუბს” კრიტიკოსები არ აკლია და შვედეთის ჩემპიონთან მაინც ბოლომდე დახარჯვა მართებს. რაფაელ ბენიტესიც ამაზე მიანიშნებდა, როცა თქვა, რომ მერე რა, თუ პირველი ადგილი განაღდებული გვაქვს, მაინც მოსაგებად გავალთ მინდორზეო... გასული კვირის თემაც მადრიდელებს ეხებოდათ, როცა სამეფო თასიდან მოკვეთეს... მოკლედ ბენიტესს გამოსასწორებელი და სამუშაო ბევრი აქვს. “მალმეს” კი ქულა ან ქულები სჭირდება, მაგრამ “სანტიაგო ბერნებეუზე” რა შანსი აქვს რთული სათქმელია. სხვათა შორის, “რეალმა” პლეი-ოფში პირველი ადგილით გასვლა ბოლო 7 სეზონში მეექვსედ შეძლო.

სავარაუდო შემადგენლობები:

“რეალი” (4-3-3): კასილია; დანილო, პეპე, ნაჩო, არბელოა; კაზემირო, კოვაჩიჩი, ისკო; ვასკესი, ხესე, რონალდუ

“მალმე” (4-4-2): ვილანდი; ტინერჰოლმი, არნასონი, ბრორსონი, კონატე; როდიჩი, ლევიცკი, ადუ, ბერგეტი; ჯურჯიჩი, ეიკრემი

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

B ჯგუფი

პსვ – ცსკა

ჰოლანდიის ჩემპიონი “ეინდჰოვენი” მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენაა, მაგრამ შანსი მაინც არსებობს, რომ ფილიპ კოკუს გუნდი პლეი-ოფს მიღმა დარჩეს. ეს იმ შემთხევაში მოხდება თუ წააგებს. მეტიც, მოვლენები თუ ასე განვითარდება პსვ ევროპა ლიგაზე ვერ გადაინაცვლებს და იქ ადგილს ცსკას დაუთმობს. მოკლედ, “ფილიპსელებს” ჯგუფიდან გასასვლელად მოგება სჭირდებათ, მაგრამ შესაძლოა ფრეც ეყოს. ეს იმ შემთხვევაში თუ ვოლფსბურგში “მანჩესტერი” წააგებს. ისე კი, პსვ დღევანდელ მატჩს სერიოზული დანაკლისთ ხვდება და მაქსიმალური მობილიზება მოუწევს. არადა, ცსკაც დასაკარგი რაღა აქვს, თანაც ბოლო ხანებში ლეონიდ სლუცკის შეგირდებმა წარუმატებლად თამაშს მოუხშირეს და გონზე მოსვლა მართებთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

პსვ (4-3-3): ზოეტი; ბრენეტი, ბრუმა, მორენო, ისიმატ-მირინი; ჰენდრიქსი, გუარდადო, პროპერო; პერეირო, დე იონგი, ლოკადია

ცსკა (4-4-2): აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ნაბაბკინი; ტოშიჩი, ვერნბლუმი, მილანოვი, ძაგოევი; მუსა, დუმბია

მსაჯი: დავიდ ფერნადესი (ესპანეთი)

“ვოლფსბურგი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”

“ვოლფსბურგისა” და “მანჩესტერის” მატჩი მნიშვნელობით დღეს ყველას სჯაბნის. დიდი შანსია, ლუის ვან გაალის ამბიციური გუნდი პლეი-ოფს მიღმა დარჩეს და თებერვლიდან ევროპა ლიგით მოუწიოს დაკმაყოფილება. იგივე საფრთხის წინაშე გერმანიის ვიცე-ჩემპიონიც დგას, თუმცა დიტერ ჰეკინგის გუნდს შედარებით მარტივად აქვს საქმე: ფრეც ჰყოფნის და თან შინ თამაშობს. “ვოლფსბურგს” აქამდე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან არ გაუღწევია. ეს მათი მეორე თავგადასავალია უპრესტიჟულეს ევროტურნირზე და პირველადაც ჯგუფში მეტოქედ “წითელი ეშმაკები” ჰყავდა. “იუნაიტედს” კი უკვე მიჯრით 11 თამაშია არ წაუგია, მაგრამ რად გინდა? – აქედან მხოლოდ 4 მოიგო. ვან გაალს დღეს გამარჯვების მიღწევა უეინ რუნის გარეშე მოუწევს, რომელსაც ტერფის ტრავმა აწუხებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო, ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი; არნოლდი, გუილავოჯი; ვიეირინია, დრაქსლერი, კალიჯური; დოსტი

“მანჩესტერ იუნაიტედი” (3-5-2): დე ხეა; მაკნეირი, სმოლინგი, ბლინდი; იანგი, ქერიკი, შვაინშტაიგერი, მატა, დარმიანი; დეპაი, მარსიალი

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

С ჯგუფი

“ბენფიკა” – “ატლეტიკო”

მადრიდის “ატელტიკოსა” და ლისაბონის “ბენფიკას” ჯგუფიდან გასვლის საკითხი უკვე გადაჭრილი აქვთ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი თამაშია. ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა ჯერ კიდევ გასარკვევია და ამისათვის გავლენ გუნდები “და ლუჟზე”. “ბენფიკას” მოგება ფრეც ჰყოფნის, “ატლეტიკოს” კი მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს. სხვათა შორის, “როხიბლანკო” იმ სტადიონზე ბრუნდება, სადაც წელიწადნახევრის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი “რეალთან” წააგო. დიეგო სიმეონეს გუნდი კარგ ფორმაშია და ზედიზედ 6 თამაში მოგებული აქვს. ისე კი, მადრიდელებს ჯამში პორტუგალიაში ჩატარებული 8 მატჩიდან ოდენ ორჯერ მოუგიათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბენფიკა” (4-5-1): ჟულიო სეზარი; ანდრე ალმეიდა, ლისანდრო ლოპესი, ჟარდელი, ელიზეუ; ფეისა, სამარისი, რენატო, გაიტანი, გუედეში; ხიმენესი

“ატლეტიკო” (4-3-3): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; გაბი, საული, კოკე; ფერეირა-კარასკო, ტორესი, გრიზმანი

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

“გალათასარაი” – “ასტანა”

როგორც არ უნდა დასრულდეს აღნიშნული შეხვედრა ყაზახური “ასტანას” მიმართ ცუდი სიტყვა ალბათ, არავის დასცდება. თავად განსაჯეთ, ყაზახებმა სახლში არცერთი თამაში წააგეს და ბოლო ტურამდე ინარჩუნებენ შანსს, რომ ევროპა ლიგაზე გავიდნენ. ამისათვის სტანიმირ სტოილოვის გუნდს უცილობლივ მოგება სჭირდება. თქვა კიდეც ბულგარელმა სპეციალისტმა ევროტურინრებზე თამაში ისევ გვსურს და ამისათვის ბილეთები სტამბულში უნდა დავჯაშნოთო. “გალათასარაი” კი მიმდინარე სეზონში დიდად ვერ ვარგობს და მომთხოვნი თურქი ქომაგები “ასტანასთან” ფეხის დაცდენას მშვიდად ნამდვილად არ მიიღებენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“გალათასარაი” (4-3-3): მუსლერა; საბრი, სემიჰი, ჩეჯუ, ბალტა; სელჩუკ ინანი, ბილალ კისა; პოდოლსკი, სნეიდერი, ოზტეკინი; ბურაქ ილმაზი

“ასტანა” (4-5-1): ერიკი; ილიჩი, პოსტნიკოვი, ანიჩიჩი, შომკო; მაკსიმოვიჩი, ცანაში, ჯოლჩიევი, ტვუმასი. კეტევოამა; კაბანანგა

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

D ჯგუფი

“მანჩესტერ სიტი” – “გლადბახი”

“მანჩესტერ სიტი” ჯგუფიდან გასულია, მაგრამ თუ მოიგებს, იქნებ პირველ ადგილსაც შეწვდეს. არადა, “სიტიმ” პირველ ტურში “იუვენტუსთან” რომ წააგო, ბევრმა იფიქრა, ინგლისელები ჯგუფში ჩარჩებიანო. თუმცა “ქალაქელებმა” მერე შედეგები მკვეთრად გააუმჯობესეს. თავის ამოცანა “გლადბახსაც” შესასრულებელი აქვს, რადგან მესამე ადგილზეა და თუ მოიგებს ევროპა ლიგაზე გადაერთვება. ეს კი, “ბორუსიასთვის” უდავოდ დადებითი შედეგი იქნება. მთლიანობაში კი ანდრე შუბერტის გუნდი ისეთ გასაოცარ ფორმაშია წაგება საერთოდ დავიწყებული აქვს, ხოლო სამი დღის წინ თვით მიუნხენის “ბაიერნი” დასცა ბეჭებზე და რა გასაკვირი იქნება თუ მანჩესტერშიც იგივენაირად ითამაშოს...

სავარაუდო შემადგენლობები:

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, ოტამენდი, მანგალა, კლიში; ფერნანდინიო, დელფი; დე ბრუინი, ტურე, სილვა; ბონი

“გლადბახი” (3-5-2): სომერი; ელვედი, კრისტიანსენი, ნორდვეიტი; კორბი, ვენდტი, ქსაკა, დაჰუდი, ჯონსონი; სტინდლი, რაფაელი

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

“სევილია” – “იუვენტუსი”

“სევილიასგან” ამ სეზონში მეტს ელოდნენ, მითუფრო, რომ პირველ ტურში “დალაქებმა” ფეერიულად იმარჯვეს. თუმცა იმის მერე ქულაც ვერ მოიპოვეს და ახლა ევროპა ლიაგზე გასასვლელად მხოლოდ მოგება აწყობთ, თანაც “გლადბახზე” არიან დამოკიდებულნი. აი, იტალიის ჩემპიონი კი ბოლო დროს ჩინებულად ათამაშდა და შიდა ჩემპიონატში მიჯრით ხუთი თამაში მოიგო. ბოლო ტურის წინ ყველაფერი “იუვეს” ხელთაა – თუ “ბებერი ქალბატონი” “სანჩეს პისხუანზე” მინიმუმ ქულას მაინც მოიპოვებს მერვედფინალში პირველი ადგილოსნის სტატუსით ითამაშებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სევილია” (4-2-3-1): სერხიო რიკო; კოკე, რამი, კოლოჯეჩიაკი, ტრემოლინასი; იბორა, კრიხოვიაკი; ვიტოლო, ბანეგა, კონოპლიანკა; გამეირო

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, პოგბა, მარკიზიო, სტურარო, ალექს სანდრო; დიბალა, მორატა

მსაჯი: სჟიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

0.32878