ფეხბურთი

22:15 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” და ვარდი შეაჩერეს, “იუვენტუსი” ლიდერებს უახლოვდება

ესპანეთი

მიმდინარე ლა ლიგაში “ხეტაფესთან” მოგებული (4:1) შეხვედრა “რეალის” შემტევი ტრიოსთვის პირველი გამოდგა, რომელშიც სამივე ვარსკვლავმა მოახერხა გოლის გატანა.

მადრიდის “ატლეტიკოს” კიპერმა იან ობლაკმა ზედიზედ მეოთხე მშრალი შეხვედრა ჩაატარა. სლოვენიელმა კარის დარაჯმა მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში მეცხრედ მოახერხა კარის მშრალად შენახვა და 14 მატჩში სულ 6 გოლი აქვს გაშვებული.

კარგ სეზონს ატარებს ლა კორუნიის “დეპორტივო”, რომელმაც ზედიზედ მეხუთედ არ წააგო. გალისიელები შინ “სევილიას” დაუზავდნენ და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 წაგება აქვთ.

“ვალენსიასთან” ფრედ დასრულებული შეხვედრა ხავიერ მასკერანოსთვის 250-ე მატჩი აღმოჩნდა “ბარსელონას” მაისურით. აქედან 150 შეხვედრა ლა ლიგაზე მოდის.

“ბარსელონას”, “რეალსა” და “ბილბაოს” ამ ტურის შემდეგ ლა ლიგაში 2700 თამაში დაუგროვდათ.

“ვალენსიასა” და “ბარსელონას” ფრედ დასრულებული (1:1) დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. სანტი მინას მიერ 86-ე წუთზე გატანილმა გამათანაბრებელმა გოლმა “ღამურების” ერთი ქომაგი შეიწირა, რომელსაც სიხარულის ნიადაგზე ინფაქტი განუვითარდა და სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"ბლაუგრანამ" ლა ლიგაში ექვსმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. მათ 3 ოქტომბრის შემდეგ ყველა მატჩი ჰქონდათ მოგებული, თუ არ ჩავთვლით ესპანეთის თასის 1/16 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის მატჩს "ვილანოვენსესთან" (0:0), რომლებთანაც ლუის ენრიკემ მეორე შემადგენლობა გაიყვანა.

19 წლის სანტი მინა 2008 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც “ბარსელონას” კარში გოლი გაიტანა. 2008 წელს “ბლაუგრანას” სერხიო აგუერომ გაუტანა.

"ვალენსიამ" შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ბარსელონას" შეჩერება 10 მოთამაშის გარეშე შეძლო, რომელთგან 6 ძირითადი შემადგენლობის წევრად მიიჩნევა. ალვეში, ორბანი, მუსტაფი, ბარაგანი, გომეში, ფეგული, როდრიგო და ნეგრედო ტრავმირებულნი იყვნენ, ხოლო კანსელო და ფუეგო დისკვალიფიცირებულნი.

"მესტალიაზე" გამართულ მატჩში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ არცერთი შეცვლა არ გამოიყენა, რაც "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში პირველი შემთხვევაა 1998/1999 წლების სეზონის შემდეგ. 16 წლის წინათ შეცვლებზე უარი "ბლაუგრანას" მაშინდელმა თავკაცმა ლუის ვან გაალმა თქვა.

“მალაგა” ლა ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც 10 გოლზე ნაკლები აქვს გატანილი. “მედუზებმა” 14 ტურში მხოლოდ 7-ჯერ აიღეს მეტოქეთა კარი.

ლუის სუარესისა და ნეიმარის დუეტს ჯამში 27 გოლი აქვს გატანილი. ამაზე მეტი მხოლოდ მადრიდის “რეალს” გატანილი (32). დანარჩენ ყველა კლუბზე მეტი გოლი კი, ნახსენებმა დუეტმა გაიტანა ჯერჯერობით.

“ეიბართან” მატჩში დუბლით გამოირჩა “სოსიედადის” ფორვარდი იმანოელ აგირეჩე, რომელსაც მიმდინარე ლა ლიგაში 11 გოლი დაუგროვდა, ბომბარდირთა დავაში მეორე ბასკ თავდამსხმელს არიც ადურისს გადაუსწრო და მხოლოდ “ბარსელონას” შემტევ დუეტს ჩამორჩება – სუარესს ორი ბურთით, ხოლო ნეიმარს სამით. აღსანიშნავია, რომ “სოსიედადის” ყველა დანარჩენ მოთამაშეს ერთად 5 გოლი აქვს გატანილი.

კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკით გამოირჩა "ხიხონის" 19 წლის თავდამსხმელი ანტონიო სანაბრია, რომელმაც სამი გოლის გატანა "ლას პალმასის" კარში მოახერხა. პარაგვაელი ფორვარდი "ბარსელონას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ამჟამად "რომას" საკუთრებაში იმყოფება და ასტურიული კლუბის ღირსებას იჯარით იცავს.

ინგლისი

რუდ ვან ნისტერლოის რეკორდის დამხობის შემდეგ, ჯეიმი ვარდიმ გოლის გატანა ვეღარ შეძლო. მას ზედიზედ 11 მატჩში ჰქონდა მეტოქეთა კარი აღებული.

სამაგიეროდ, “სუონსის” სამი გოლი გაუტანა რიად მაჰრეზმა. ალჟირელისა და ჯეიმი ვარდის დუეტს მიმდინარე სეზონში 24 გოლი აქვს გატანილი, რაც “რეალის” შემტევ ტრიოზე (ბეილი-რონალდუ-ბენზემა) უკეთესი მაჩვენებელია. “ლესტერი” კვლავ პირველ ადგილზეა და “არსენალს” 2 ქულით უსწრებს.

შაბათს “სანდერლენდთან” მოგებული (3:1) მატჩი უკანასკნელი გამოდგა “არსენალის” 91 წლის ქომაგისთვის ენრი კრაუჩისთვის, რომელსაც 1934 წლიდან მოყოლებული საყვარელი კლუბის არცერთი მატჩი არ ჰქონდა გამოტოვებული. ის შაბათს ღამით გარდაიცვალა.

“ტოტენჰემისთვის” “ვესტ ბრომვიჩთან” ფრედ დასრულებული შეხვედრა ზედიზედ მე-14 წაუგებელი თამაში გამოდგა. “დეზებმა” ერთადერთი მარცხი პირველ ტურში “მანჩესტერ იუნაიტედთან” იწვნიეს (0:1).

რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ბორნმუთმა”, რომელმაც გასვლაზე კრიზისში მყოფი ლონდონის “ჩელსი” დაამარცხა.

15 ტურის შემდეგ “ჩელსის” 15 ქულა აქვს, მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას ორი ქულით უსწრებს.

“ლივერპულის” თავკაცის რანგში, გასვლით შეხვედრებში პირველად დამარცხდა იურგენ კლოპი, რომლის გუნდიც გასვლაზე “ნიუკასლთან” დამარცხდა (0:2). სულ კი, მერსისაიდელთა რიგებში კლოპმა მეორე მარცხი იწვნია.

“ასტონ ვილას” ზედიზედ 14-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ბირმინგემულმა კლუბმა ბოლოს 8 აგვისტოს, გათამაშების პირველ ტურში “ბორნმუთი” დაამარცხა გასვლაზე. ასეთი ცუდი სტარტი "ასტონ ვილას" 1888 წლის შემდეგ არ ჰქონია.

“ვესტ ჰემმა” მიმდინარე სეზონში კიდევ ერთ ძლიერ კლუბთან არ წააგო. “ჩელსისთან”, “არსენალთან”, “სიტისთან” და “ლივერპულთან” მოგებების შემდეგ, “ჩაქუჩებმა” “ოლდ ტრაფორფზე” ითამაშეს ფრედ.

იტალია

“ატალანტას” ფეხბურთელმა ჟულიო მილიაჩომ “პალერმოსთან” მატჩში სერია ა-ს ისტორიაში მოედანზე შესვლიდან ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი მიიღო. ის თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო და 33 წამში წითელი ბარათი დაიმსახურა.

“ბოლონიასთან” წაგებულ (2:3) მატჩში გონსალო იგუაინმა დუბლი შეასრულა, 14 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში უახლოეს მდევარს ედერს 4 ბურთით უსწრებს.

იტალიის ჩემპიონატში 15 ტურის შემდეგ “ვერონა” ერთადერთი გუნდია, რომელიც მოგების გარეშეა.

უკანასკნელი ექვსი მატჩიდან მეხუთე წააგო “ლაციო” და მიმდინარე სეზონში უკვე 8 წაგება დაუგროვდა.

ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია “ფიორენტინას”, რომელიც ბოლოს 25 ოქტომბერს “რომასთან” დამარცხდა (1:2). “იებს” ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ: 4 მოიგეს და 2 ფრედ ითამაშეს. ისინი მე-2 ადგილზე არიან და “ინტერს” ქულით ჩამორჩებიან.

მშვენიერ ფორმაში შევიდა ტურინის “იუვენტუსი”, რომელსაც პარასკევს “ლაციოს” ძლევით (2:0) ხუთმატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა, მე-5 ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ “ინტერს” 6 ქულითღა ჩამორჩება.

13-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა “ნაპოლიმ”, რომელიც გასვლაზე “ბოლონიასთან” დამარცხდა და აგვისტოს შემდეგ პირველად დამარცხდა.

მილანის "ინტერმა" გათამაშების მე-15 ტურში "ჯენოა" ადემ ლიაიჩის გოლით დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მერვე 1:0 მოიგო. "ნერაძური" სერია ა-ს 33 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ნაპოლიზე" ქულით წინაა.

გერმანია

მიმდინარე ბუნდესლიგაში პირველად წააგო მიუნხენის “ბაიერნმა”, რომელიც მე-15 ტურში გასვლაზე “გლადბახთან” დამარცხდა (1:3), რითაც “დორტმუნდმა” ისარგებლა, გასვლაზე “ვოლფსბურგს” სძლია და სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა.

“გლადბახმა” სეზონი საშინლად დაიწყო და სტარტზე ზედიზედ 5 მატჩი წააგო, რასაც ლუსიენ ფავრის გადადგომა და ანდრე შუბერტის დანიშვნა მოჰყვა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი შესანიშნავად ათამაშდა და ჯერაც არ წაუგიათ. 10 მატჩში “გლადბახმა” 8 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა.

“ვოლფსბურგთან” მოგებულ მატჩში (2:1) ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა “დორტმუნდის” სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხიტარიანი, რომელსაც მიმდინარე ბუნდესლიგაში 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

რვამატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა “ჰოფენჰაიმს”, რომელიც 10 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

საფრანგეთი

“პარის სენ-ჟერმენმა” პარასკევს “ნიცასთან” მოგებით 17 ტურში შესაძლებელი 51 ქულიდან 45 დააგროვა. სხვაობა უახლოეს მდევარ “ანჟერთან” 15 ქულაა და პარიზელები ზამთრის ჩემპიონები არიან.

“ნიცასთან” მატჩში დუბლი შეასრულა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელსაც 12 გოლი დაუგროვდა, ბომბარდირთა დავაში ბენჟამინ მუკანჯუს გადაუსწრო და ერთპიროვნულად გალიდერდა.

ერთადერთი კლუბი, რომელსაც მოგება არ აქვს “ტრუაა”, რომელიც შაბათს ჯაბა კანკავას “რეიმსს” დაუზავდა გასვლაზე.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო “ლილმა”, 20 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა.

“ანჟერმა” გასვლაზე “ლიონი” დაამარცხა და ლიგა 1-ის დებიუტანტი პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კვლავ მე-2 ადგილზეა.

ჰოლანდია

მოქმედმა ჩემპიონმა პსვ-მ ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას “ვიტესი” გასვლაზე ჰენდრიქსის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა (1:0). ფილიპ კოკუს შეგირდებმა ერედივიზიონის ზედიზედ 42-ე მატჩში მოახერხე გატანა, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის რეკორდია. პსვ-მ ერედივიზიონის მატჩში მოედანი ბოლოს 2014 წლის 28 სექტემბერს დატოვა უგოლოდ.

“კამბური”, რომელიც ბოლოსწინა მე-17 ადგილს იკავებს, ერთადერთი გუნდია ერედივიზიონში, რომელსაც 15 ტურის შემდეგ მოგება არ აქვს.

ყველაზე ცოტა, 11 გოლი “როდას” აქვს გატანილი, რომელიც მე-14 საფეხურზეა.

გათამაშების ლიდერს “აიაქსს” შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ფრანკ დე ბურის შეგირდები ბოლოს მე-8 ტურში პსვ-სთან საშინაო მატჩში დამარცხდნენ (1:2). ამსტერდამელებმა შაბათს “ჰერენვენი” გაანადგურეს (5:2). გამოსარჩევია ვიქტორ ფიშერის კარგი თამაში, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

პორტუგალია

პრიმეირა ლიგას 12 ტურის შემდეგ ორი წაუგებელი გუნდი: “სპორტინგი” და “პორტო” შემორჩა.

გათამაშებას 32 ქულით “სპორტინგი” ლიდერობს, რომელმაც გასულ ტურში გასვლაზე “მარიტიმუს” სძლია (1:0). აღსანიშნავია, რომ ლისაბონური კლუბი პორტუგალიის ჩემპიონატის გამარჯვებული ბოლოს 2001/2002 წლების სეზონში გახდა.

პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 10 გოლით ჟონასია. ბრაზილიელმა ფორვარდმა პარასკევს “აკადემიკას” ორი პენალტი გაუტანა, ხოლო შეხვედრის ბოლოს საგოლე გადაცემაც მიითვალა.

0.195061