რაგბი

13:07 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაზაძის სადებიუტო ლელო

ახალგაზრდა ქართველ ბურჯ გაგი ბაზაძეს სულ რამდენიმე წუთი დაჭირდა ტოპ 14-ში ადაპტაციისთვის და საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონში დებიუტი, ლელოთი აღნიშნა, რომელმაც მის გუნდს პრემიალური ქულა მოუტანა.

მისი და ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" სტუმრად მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" ეთამაშებოდა. აღსანიშნავია, რომ ბაზაძემ ფრანგული კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო და ორი წლის განმავლობაში ოსტატობას "მონპელიეს" ესპუარებში ხვეწდა. იქ ის ლაშა ლომიძის მხარდამხარ თამაშობდა, პირველ გუნდში კი, მამუკა გორგოძეს და მიხეილ ნარიაშვილს ქომაგობდა. გასული სეზონის მიწურულს გაგი "მასის" შეუერთდა, რომელიც მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა და ერთხელ შეცვლაზე 15 წუთი ითამაშა.

ამ სეზონიდან მან "ლა როშელის" მაისური მოირგო, პირველ გუნდში დებიუტი 14 ნოემბერს, ევროპის მეორე დონის საკლუბო ტურნირ "ჩელენჯ ქაფზე" "ვუსტერთან" ჰქონდა, სადაც შეცვლაზე ითამაშა, ხოლო 19 ნოემბერს, "გლოსტერთან" უკვე სასტარტო შემადგენლობაში იყო. როგორც წესი, "ჩელენჯ ქაფს" ფრანგული კლუბების დიდი ნაწილი უახლოესი რეზერვის საქმეში სანახავად იყენებს, ბაზაძემ თავი გამოიჩინა და ის უკვე ტოპ 14-ის მე-9 ტურში განაცხადში შეიყვანეს, 62-ე წუთზე შეცვლაზე შეუშვეს და 78-ე წუთზე უმაღლეს დონეზე თავისი პირველი ლელო გაიტანა. ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა, "ლა როშელი" 20:25 დამარცხდა და მცირე სხვაობისთვის პრემიალური ქულა ჩაიწერა.

"მონპელიეს" სასტარტო შემადგენლობაში იყო ნარიაშვილი და მან მოედანზე 71 წუთი გაატარა. სტუმრებმა ერთი ლელო პირველ ტაიმშიც გაიტანეს, მოედანზე 10-10 წუთით ორჯერ დარჩნენ კაცნაკლული, მაგრამ საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელუხლებლად შეინახეს და ტაიმი 10:9 მოიგეს, მაგრამ დისციპლინაში რომ მოიკოჭლებდნენ, თამაშის განახლებიდან მალევე ჩამორჩნენ, 69-ე წუთზე ლელოც გაუშვეს, მაგრამ ბაზაძის მონდომებამ ისინი უქულოდ არ დატოვა. "ლა როშელი" 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, ხოლო "მონპელიე" 26 ქულით მე-3 პოზიციაზე აღზევდა. ტურის დანარჩენი თამაშები დღეს და ხვალ გაიმართება.

0.131058