2015 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას საქართველოს, არგენტინისა და ურუგვაის რაგბის კავშირების პრეზიდენტებმა შეთანმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც, თებერვალში უმცროსი “ბორჯღალოსნები” სამხრეთ ამერიკულ ტურნეში გაემგზავრებიან და არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებთან ორ-ორ მატჩს გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ ივნისში, მანჩესტერში, 20-წლამდელები ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე (World Rugby U20 Championship) იასპარეზებენ, შესაბამისად ტურნე მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.
მომავალი ვოიაჟი 16 თებერვლიდან 6 მარტამდე გასტანს. უმცროსი “ბორჯღალოსნები” პირველ ორ მატჩს “პუმიტასის” (20 წლამდე არგენტინა) წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო ბოლო ორში “ტერიტოსს” (20 წლამდე ურუგვაი) ერკინებიან.
მატჩების განრიგი
არგენტინა – საქართველო
20 თებერვალი, ბუენოს აირესი
24 თებერვალი, როსარიო
ურუგვაი – საქართველო
28 თებერვალი, პაისანდუ
4 მარტი, მონტევიდეო
“მსგავსი რამ ქართული რაგბის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა – 20-წლამდელები 12 გუნდიან მსოფლიოზე პირველად გავიდნენ. შესაბამისად მოსამზადებელი სისტემაც შეიცვალა. მივემგზავრებით სამხრეთ ამერიკაში, სადაც ორ მატჩს არგენტინის და ორსაც ურუგვაის 20-წლამდე ნაკრებების წინააღმდეგ გავმართავთ.
გვინდა, რომ ამ ტურნეში წავიყვანოთ ლეგიონერებიც, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვიცით, მათ კლუბები გამოუშვებენ თუ არა. შესაბამისად, ოთხივე მატჩი ძალიან დიდ მოტივაციას და შესაძლებლობას ქმნის საქართველოს ჩემპიონატში (დიდი 10 და ჭაბუკთა “ა” ლიგა) მოთამაშეთათვის, რომლებსაც სურთ სატურნირო სელექციაში მოხვდნენ“ – განაცხადა 20-წლამდე “ბორჯღალოსნების” მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.
მან ასევე დასძინა: “ეს ტურნე ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევაა და სხვადასხვა კუთხითაა საინტერესო. ვნახავთ თუ როგორ შეთამაშდება გუნდი, ვინაიდან წინა ნაკრები, რომელმაც 20-წლამდელთა ალაფა მოიგო, დაახლოებით ოთხი წლის მუშაობის შედეგი იყო. მათ ასაკობრივებში უამრავი ტურნირი გაიარეს ერთად, ახლა კი გვყავს ორი სხვადასხვა ნაკადი, რომლებსაც ერთად თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვთ“.
ტურნემდე სამწვრთნელო შტაბი ორი შეკრების გამართვას გეგმავს იანვარში, რა დროსაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლუბებიდან “დიდი 10-ის” და ჭაბუკთა “ა” ლიგის მოთამაშეებს უხმობენ.
“მოკლე, ერთკვირიანი ან ათდღიანი ორი შეკრება გვექნება. ამ პერიოდში დიდ ყურადღებას ბურთით თამაშზე გადავიტანთ, თუმცა ფიზ-მომზადებაც გვექნება. ამის შემდეგ შევხედავთ, თუ ვინ როგორ გამოიჩენს თავს, ვინ შეეწყობა გუნდს, ვინ აითვისებს ახალ ინფორმაციას უფრო სწრაფად და საბოლოო შერჩევას ამის მიხედვით გავაკეთებთ. შეკრების პერიოდში “დიდი 10”-ის საახალწლო შესვენების ფანჯარას გამოვიყენებთ და რამდენიმე კლუბთან სპარინგსაც ვეცდებით“ – მომავალი შეკრებების შესახებ საუბრისას განაცხადა კილასონიამ.
ვიდრე ტურნესთვის შეკრებას შეუდგებიან, შარშანდელის მსგავსად, 20-წლამდელებმა მსოფლიოსთვის მზადება მენტალური გამძლეობის კურსით დაიწყეს, რომელიც მუხროვანის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიარეს.
“არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები ტრადიციულად ძალიან ძლიერია და ყოველთვის ფავორიტთა რიგებშია. ურუგვაიც ხასიათიანი გუნდია, სწრაფ რაგბს თამაშობს და 2015 წლის ალაფაზეც დავრწმუნდით, რომ ამ ხასიათს საკმაოდ ძლიერად ავლენს.
შესაბამისად, ტურნეს დროს მორაგბეები დიდი წნეხის ქვეშ ხშირად აღმოჩნდებიან და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზადება სწორედ მენტალური გამძლეობის შეკრებით დავიწყეთ. შედეგად, რთულ მომენტში ბიჭებს საკუთარი თავისა და ძალების რწმენა მეტად ექნებათ, რაც ამ მატჩებში და მომავალ მსოფლიოზე ფასდაუდებელი იქნება“ – დასძინა კილასონიამ.
www.rugby.ge