რაგბი

21:33 | 13.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიჟარაძის ანგარიში და გულშემატკივრების ინიციატივა

ორშაბათს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე უკვე ტრადიციად ქცეული შეხვედრა გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესა და რაგბის გულშემატკივრებს შორის. წინა შემთხვევების მსგავსად, შეხვედრამ ამჯერადაც 4 საათი გასტანა და სრკ-ს პრეზიდენტმა გულშემატკივარს პირადად ჩააბარა ანგარიში იმ თემებზე, რომლებზეც მსოფლიო თასის მსვლელობისას რაგბის მაღალჩინოსნებს თუ სხვა ფედერაციების პრეზიდენტებს ესაუბრებოდა.

ამ შეხვედრიდან გულშემატკივარმა ბევრი ახალი რამ შეიტყო, მაგრამ ყველაფრის თქმა და დაწერა უბრალოდ შეუძლებელია და არც შეიძლება. იყო ის ამბებიც, რაზეც ნიჟარაძემ შეხვედრამდე ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, ოღონდ უფრო დეტალურად. რაც მთავარია, ტრადიციულად, ამა თუ იმ საკითხის მიმართ ინტერესს თავად გულშემატკივარი იჩენდა და მათგანვე წამოვიდა რამდენიმე ინიციატივა. ნიჟარაძის მოსაზრებაა, რომ შეიქმნას გარკვეული ჯგუფი, სადაც ინიციატივები შევა, მათგან მისაღებები შეირჩევა და გარკვეული განხილვის შემდეგ, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას მიეწოდა.

პირველი შეკითხვა, რომელიც გულშემატკივარმა ნიჟარაძის მისამართით დასვა იმ ახალ, 25-30 ათასიან სუფთა სარაგბო სტადიონის მშენებლობას შეეხებოდა, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან დაანონსდა. აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ ამ მხრივ არანაირი სიახლე არაა და ბუნებრივია გაჩნდა კითხვაც, საფრთხე ხომ არ დაემუქრებოდა 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის თბილისში ჩატარებას. აღმოჩნდა, რომ ამ სტადიონის მშენებლობა პირდაპირ არ იყო ჩადებული შეთანხმებაში და საქართველოში მსოფლიოს 20-წლამდელთა უძლიერესი გუნდი მაინც შეიკრიბება, თამაშების მასპინძლობისთვის კი შემდეგი სტადიონები მოიაზრება:

“ამ ტურნირისთვის დღეისათვის ჩვენ გვაქვს “მიხეილ მესხი”, რუსთავის სარაგბო სტადიონი, ქუთაისში “აიას” ახალი სარაგბო ბაზა და “ავჭალის” სარაგბო სტადიონი, რომელზე არსებული ტრიბუნაც 2111 მაყურებელს იტევს, თუმცა, იგეგმება მისი გაფართოება, მოპირდაპირე მხარეს ახალი ტრიბუნის აშენება, რომლის ტევადობაც 1300-1400 იქნება და ჯამში თამაშებზე დასწრება 3500 ადამიანს შეეძლება. ვფიქრობთ, ეს სრულიად საკმარისი იქნება” - თქვა ნიჟარაძემ.

ჩვენის მხრივ დავამატებ, რომ კარგია ეს სტადიონები თუ საკმარისი იქნება, მაგრამ არასდროს დამავიწყდება პირადად ჩემი, უშუალოდ მორაგბეების რეაქცია, როდესაც ეს ამბავი შეიტყვეს და ახლა ამ ყველაფერზე უარის თქმა, ძალიან დიდი გულისტკენა იქნება. იმედია, შეფერხება დროებითია და მორაგბეებს დამსახურებული, დანაპირები სტადიონი აუცილებლად ექნებათ.

შემდეგი თემა რაღა თქმა უნდა მსოფლიო თასის პარალელურად მიმდინარე მოლაპარაკებები და საქართველოს ეროვნული თუ ახალგაზრდული ნაკრებების პერსპექტივები იყო, რაზეც ნიჟარაძემ დაწვრილებით ისაუბრა:

“მსოფლიო თასზე ჩემი დარჩენის მთავარი მიზეზი ბუნებრივია მარტო თამაშების ყურება არ ყოფილა. 4 წელიწადში ერთხელ გეძლევა უნიკალური შანსი, იყო ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც “მსოფლიო რაგბიში” გადაწყვეტილებების მიმღებია. ყოველ დღე მქონდა შეხვედრები და საუბრები.

დავიწყოთ ექვსი ერის პერსპექტივებით, რაზეც ყველაზე მეტი ვისაუბრე და ყველაზე მეტად საინტერესო საკითხია. ყველამ იცის რის ხარჯზე მიაღწია არგენტინის ნაკრებმა ფენომენალურ წინსვლას უკანასკნელ 4 წელიწადში - “სამი ერის” გაფართოებით. ისინი ყოველწლიურად, მუდმივად თამაშობენ ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ავსტრალიასთან და არგენტინის ნაკრებიც უსწრაფესად განვითარდა. ვფიქრობ, არგენტინასთან მატჩში ჩვენი ნაკრების მეორე ტაიმში ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. ბიჭებს ის ძველი არგენტინის ნაკრები ახსოვდათ და დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ სტილში წარმატების შანსი ექნებოდათ, მაგრამ რეალურად ისეთი თამაში შემოგვთავაზეს, თან ამას მამუკა გორგოძის გაძევებაც დაერთო და ამ პერიოდში 21 ქულა მივიღეთ, რომ გადარჩენაზე ფიქრმაც კი აზრი დაკარგა.

ახლა არგენტინელები ემატებიან ზე 15-ს და გასაგებია მომავალ წლებში სად წავლენ. იაპონია, რომელიც ბრწყინვალე იყო და ფურორი მოახდინა ამ მსოფლიო თასზე, იმის გამო, რომ ძლიერი სარაგბო ქვეყანაა, მდიდარი და დისციპლინირებული, ფანტასტიური შიდა ჩემპიონატით, რომელშიც დიდძალი ფული ტრიალებს და გავსებულია ზელანდიელი, ავსტრალიელი, კუნძულელი და უკვე ევროპელი მოთამაშეებით, ასევე ემატება ზე 15-ს. ნამიბია გუნდად შევა სამხრეთ აფრიკას შიდა ჩემპიონატ “ქარი ქაფის” გათამაშებაში და მთელი წელი ჩაატარებს მაღალი დონის თამაშებს.

ფუძნდება ამერიკის ექვსი ერი, სადაც ითამაშებენ არგენტინა, კანადა, აშშ, ურუგვაი, ჩილე და ბრაზილია. დიდი ალბათობით, არგენტინა მეორე ნაკრებით ითამაშებს, მაგრამ ყველას, მათ შორის ყველაზე მეტად ურუგვაის, გაუჩნდება მნიშვნელოვანი თამაშები. სწორედ ამ ლოგიკით ვესაუბრებოდი იმ ადამიანს. ჩვენ და რუმინეთი სად უნდა განვვითარდეთ? ერთადერთი ბუნებრივი გზა ევროპის ექვსი ერია, მაგრამ ყოველთვის უნდა შეხვიდე შენი ოპონენტის მდგომარეობაში.

ვეუბნებით, რომ ჩვენ არ გვინდა იქ შესვლა ისე, რომ რამე დავაზიანოთ. გასაგებია, რომ დალაგებული ტურნირის არევა, რომელიც მრავალმილიონიან მოგებას იძლევა, არავის არ უნდა. ვეუბნებით, რომ არანაირ ასვლა-ჩასვლაზე საუბარი არ გვინდა. ვეკითხებით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ექვს ერს დავემატოთ. გვინდა ვიცოდეთ ყველაფერი, რა არის საჭირო და რა თანხა გვჭირდება ამ საკითხების მოსაგვარებლად, ან თუ არ არის ლონდონი-თბილისის, თუნდაც დუბლინი-თბილისის პირდაპირი რეისი და ესაა პრობლემა, უნდა ვიცოდეთ, რომ ვიზრუნოთ მათ მოგვარებაზე. ეს 4 წელიწადი უნდა გამოვიყენოთ მთავრობასთან, სპონსორებთან, გულშემატკივრებთან ერთად, ყველა პრობლემის მოსაგვარებლად და თუ ამას შევძლებთ, გვაქვს პრეტენზია, რომ დავემატოთ ექვს ერს 2020 წლიდან.

პრობლემა არის თამაშების რაოდენობის გაზრდაც და ეს მართლა რეალური პრობლემაა, რადგან შექმნის დამატებით გართულებებს კლუბებთან მიმართებაში. აქაც ვთავაზობთ ვარიანტს, რომ გაკეთდეს ორი 4-გუნდიანი ჯგუფი, რომლის დასრულების შემდეგ ვითამაშებთ პლეი ოფს და ასე სრულად ჩავეტევით დღეს არსებულ ვადებში. ამ ყველაფრის შემდეგ ვეუბნებით, რომ თუ ჩვენ მათ მიერ წაყენებულ ყველა პირობას ვერ შევასრულებთ, ავწევთ ხელებს, ვეტყვით რომ გვინდოდა, მაგრამ ვერ გავაკეთეთ და დავემშვიდობებით. ესაა საკითხი, რომელსაც მარტო საქართველოს რაგბის კავშირი ვერ გადაწყვიტავს, ესაა მთელი ქვეყნის გადასაწყვეტი საქმე. პირადად მე, ვერ ვხედავ ისეთ პრობლემას, რომლის ერთობლივად გადაწყვეტაც არ შეგვიძლია.

ამ ყველაფერზე ვერაფერს გვპასუხობენ და შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხის მიმართ ასე ოპტიმისტურად არასდროს ვყოფილვარ გამსჭვალული. მე მჯერა, რომ ეს შეიცვლება, ოღონდ იმ პირობებში, თუ ქვეყანა იქნება მზად და ერთად ვიშრომებთ ამ კონრეტული მიზნისთვის.

პარალელურად, “მსოფლიო რაგბის” შევთავაზე საპილოტე, 20-წლამდელების 8 ერის პროექტი. თავისუფლად შეიძლება 2016-17 წლების გამოყენება დაგეგმვისთვის და მერე ამ ტურნირის ორგანიზება. მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტით ძალიან დაინტერესდნენ და მომავალ წელსვე აპირებენ მის განხილვას. ოღონდ ეს ვერ მოხდება მაისამდე, რადგან სწორედ მაისშია “მსოფლიო რაგბის” პრეზიდენტის არჩევნები და მანამდე ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება”.

უპირატესობა მიენიჭება ახალგაზრდულ ნაკრებებს

“მომავალ 4 წელიწადში ჩვენი ძალისხმევა სწორედ 20 და 18-წლამდელთა ნაკრებებისკენ უნდა მივმართოთ, რადგან აქედან უნდა გამოჩნდნენ ის მორაგბეები, რომლებიც იაპონიის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. ამით ნაკრებში კონკურენცია გაიზრდება და იაპონიაში მართლაც უძლიერესი გუნდი წავა. თუ არ გამოვა 20-წლამდელთა ექვს ერში ჩართვა, უნდა მოვახერხოთ რაც შეიძლება მეტი კარგი თამაშის ორგანიზება ამ ორივე ნაკრებისთვის.

სამწუხაროდ, უკვე გადაწყვეტილია, რომ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე აღარ ითამაშებენ ექვსი ერის წარმომადგენელი გუნდები. იქ მხოლოდ საფრანგეთის ნაკრები დარჩა. 2016 წლისთვის ამის კომპენსაცია უკვე მოხერხდა და სექტემბერში 18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში, უძლიერეს ორკვირიან ტურნირზე გაემგზავრებიან. იქ აუცილებლად ითამაშებს სამხრეთ აფრიკის ნაკრები და ალბათ, ევროპის ჩემპიონატიდან გამოსული ექვსი ერის წარმომადგენლებიც. ევროპის ჩემპიონატს რომ დავუბრუნდეთ, გასვლის გასამართლებლად რაღაც გაუგონარი მიზეზები დასახელდა. ჩვენ ამ ტურნირში მაინც მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება, მაგრამ ძლიერ მეტოქედ მხოლოდ ფრანგები გვეყოლება და ქვედა დივიზიონის გუნდებთან მოგვიწევს თამაში.

ახალგაზრდულ ნაკრებებს უკვე გაწერილი აქვთ მოსამზადებლი პროგრამები. სამხრეთ აფრიკის ტურნირზე გამგზავრებამდე, 2016 წლის თებერვალში, 20-წლამდელები არგენტინაში მიემგზავრებიან, სადაც სამ თამაშს ჩაატარებენ არგენტინელ თანატოლებთან და ერთს ურუგვაელებთან. ალბათ, ამ ტურნეზე ლეგიონერების დამატება რთულად მოხდება, რადგან ისინი კლუბებში თამაშობენ, მაგრამ ეს შანსი იქნება დანარჩენებისთვის და მწვრთნელები მეტ მოთამაშეს ნახავენ საქმეში” - გვიყვება ნიჟარაძე.

ამის შემდეგ საუბრის თემა კვლავ ეროვნული ნაკრების ექვს ერში შესვლაზე გადავიდა და აქ ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ საქართველოს ნაკრები იქ მიღების შემთხვევაში არ აღმოჩნდება იტალიის მსგავს სიტუაციაში და სამ-ოთხ წელიწადში პროგრესი ხელშესახები იქნება. გარდა ამისა, ნიჟარაძემ გულშემატკივრებთანაც ისაუბრა იმ პერსპექტივებზე, რომ “ბორჯღალოსნები” ჯერჯერობით ჩართულნი იქნებიან რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ რა მოხდება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პერიოდში, ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა. ეს საქართველოსთან და დანარჩენებისთვის ქულების დარიცხვის მიმართებაში, თორემ გარკვეულია, ევროპიდან იაპონიის საგზურს ერთი გუნდი მიიღებს (საქართველოს გარდა), ხოლო მეორე რეპეშაჟში ჩაერთვება და სპორტულად “ბორჯღალოსნების” მიერ მოპოვებული დამატებითი ადგილი ევროპისთვის, “მსოფლიო რაგბიმ” კუნძულელთა სასარგებლოდ “გააუქმა”. შესაბამისად, იცველბა შესარჩევი ეტაპი და წყნარი ოკეანის თასის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს, ჯამში კი, ამ ცვლილებებით სამოა, ფიჯი და ტონგა, ოღონდ ერთ-ერთი რეპეშაჟის გავლით, მსოფლიო თასზე მაინც მოხვდება.

“მომავალი ოთხი წელიწადი იქნება უმძიმესი. ჯერ არ ვიცით, რა შეიცვლება და რა პრინციპით მოხდება მომავალი მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა, მაგრამ ცალსახაა, რომ იაპონიაშიც ურთულეს ჯგუფში მოვხვდებით - ჩვენს ქვევით დარჩნენ კუნძულელები, ხოლო კანადა და ამერიკა სუსტ გუნდებად ითვლებიან. გაძლიერდებიან ნამიბია და ურუგვაიც. კარგი ისაა, რომ ამ მსოფლიო თასზე ევროპულმა სარაგბო სამყარომ, კერძოდ ბრიტანეთმა და უმეტესად უელსმა, კარგად გაიცნო ქართული რაგბი. ჩვენ ყველასგან, უბრალო მოქალაქეებიდან დაწყებული სპეციალისტებით და ექსპერტებით დამთავრებული, ყველას პატივისცემა დავიმსახურეთ. ეს კარგია, მაგრამ უნდა დავივიწყოთ და ვიშრომოთ, რათა მინიმუმ შევინარჩუნოთ მიღწეული წარმატება” - ამბობს სრკ-ს პრეზიდენტი.

გულშემატკივრების აზრით, მომავალ მსოფლიო თასზეც ამოცანა ორი თამაშის მოგება უნდა იყოს, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება კენჭისყრა და შესაბამისად, როდის გახდება ცნობილი საქართველოს ნაკრების მეტოქეები მომავალ მსოფლიო თასზე. იდეა, რომელიც ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა გააჟღერეს, მსოფლიო თასზე ჯგუფში მესამე-მეოთხედგილოსნებისთვის ცალკე ბადის შექმნა და თამაშების ჩატარა, რაგბის მმართველებში არც განიხულა და სავარაუდოდ, ამ პროექტს განვითარება არ უწერია.

რადგან ჯერჯერობით ექვს ერში საქართველოს შესვლა არ იგეგმება, გულშემატკივრებში კვლავ ამოტივტივდა ევროპის ჩემპიონატის იდეა, რაზეც ნიჟარაძემ განაცხადა:

“ამ ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის ჩატარების იდეა არ განიხილებოდა, მაგრამ თუ ექვსი ერი არ გაფართოვდება, მაშინ ეს იდეა ისევ გაცოცხლდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჩვენს უკან მდგომ გუნდებზეც ვიზრუნოთ. ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში არიან ისინი? პოლონეთს, ჰოლანდიას და სხვა ქვეყნებს, ამ სისტემით ინგლისთან, ზელანდიასთან, 4 წელიწადში ერთხელ თამაშის შანსიც არა აქვთ. ვფიქრობთ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ყველას უნდა ქონდეს შანსი, სხვაგვარად რაგბი ვერ განვითარდება”.

სად და რა გუნდით უნდა ვითამაშოთ უახლოესი 4 წელიწადი? აქ ნიჟარაძის მოსაზრება ასეთი იყო:

“ცალსახაა, რომ ამ 4 წლის განმავლობაში რაც შეიძლება ბევრი თამაში უნდა ჩავატაროთ მაღალი დონის გუნდებთან, მაგრამ გვაქვს ვალდებულებები. ეს ვალდებულებაა ერთა თასზე მონაწილეობა და ესეც რომ არა, ძალიან უსინდისოდ მოვექცევით ჩვენს კოლეგებს, თუ აქედან გამოვალთ. გარდა ამისა, ჯერ ბევრი არაფერი გაგვიკეთებია და ძალიან ბევრი სატრაბახოც არა გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენ თუ ბევრი ტესტ-მატჩის ჩატარებას დავიწყებთ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ წაგებასაც დავიწყებთ და ეს წაგებები თებერვალ-მარტში ერთა თასზე მოპოვებული გამარჯვებებით უნდა დავაბალანსოთ, რათა რეიტინგში ერთბაშად დიდი ვარდნა არ გამოვიწვიოთ. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, აქ “ა” ნაკრებით თამაშის უფლებას არ მოგვცემენ, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, ახლა სწორედ ექპერიმენტების დროა და მიეცემა ახალგაზრდების გამოცდის საშუალება. ჩვენ უნდა მივცეთ მამუკა გორგოძეს და სხვა ლიდერებს დასვენების საშუალება. გორგოძის კაპიტნობას ალტერნატივა არა აქვს, მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი გუნდისათვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის იაპონიის მსოფლიო თასისთვის შევინარჩუნოთ.

რაც შეეხება ივნისს. აქ ვფიქრობთ, რომ იქნებ სჯობს უარი ვთქვათ თბილისის თასზე და თუნდაც არასრული შემადგენლობით, წავიდეთ სამხრეთში ტესტ-მატჩების ჩასატარებლად? ამ პერიოდში თამაშების ჩატარების ყველაზე მეტი საშუალება სწორედ იქაა - კუნძულელები, იაპონია, ზელანდიური და სამხრეთ აფრიკული კლუბები, ძალიან ბევრი ვარიანტია. თუ ეს გადაწყდა და ოფიციალური ტესტები გვექნება, ნაკრების შემადგენლობაც იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე თბილისის თასზე გამოგვყავს. ჩვენი ამოცანაა, რომ ეგებ შევძლოთ და ერთი კარგი გუნდის ჩამოყვანა თბილისშიც მოხერხდეს, რათა გულშემატკივარს ნაკრების მეტი თამაშის ცოცხლად ხილვის საშუალება მივცეთ. ეს არის ვარიანტი, საფიქრალი თემა და ვნახოთ რა და როგორ გამოვა”.

სამხრეთული ტურნე რომ დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, ეს გულშემატკივარსაც კარგად ესმის და გაჩნდა კითხვა, რომ უდაოდ წარმატებული, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით გამართული მსოფლიო თასის შემდეგ, “მსოფლიო რაგბი” ხომ არ გაზრდის სრკ-ს დაფინანსებას:

“ეს კითხვა ჩვენც დავსვით, მაგრამ მაინცდამაინც კარგი პასუხი ვერ მივიღეთ. იმის გამო, რომ ახალი ზელანდიის მსოფლიო თასი ფინანსურად წამგებიანი იყო, “მსოფლიო რაგბიმ” აიღი კრედიტები და გამოიყენა ფული რეზერვებიდან. ახლა შეივსება რეზერვები და გაისტუმრება ვალები, ბიუჯეტი კი, პრინციპში იგივე დარჩება. ეს 4 წლის წინაც ვიცოდით, რადგან ტელეტრანსლიაციების უფლების გაყიდვა, მაშინ მხოლოდ ინგლისის მსოფლიო თასთან ერთობლივ პაკეტში მოხერხდა. ზელანდიაში იმდენად ცუდ დროს ტარდებოდა შეხვედრები, რომ ევროპული ტელევიზიები სხვა მხრივ ტელეტრანსლიაციის უფლების შეძენაზე უარს ამბობდნენ.

მაგრამ, არის ერთი მაგრამ. იმავე ბიუჯეტის პირობებშიც, ჩვენ გვეკუთვნის მეტი, ვიდრე მაშინ მივიღეთ, რადგან ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავეთ, ისევე, როგორც ინგლისმა, იტალიამ და იაპონიამ. ასე, რომ სავარაუდოდ დაფინანსება გაიზრდება, მაგრამ რამდენით, ჯერ არ ვიცით” - თქვა ნიჟარაძემ და საუბარი მომავალი თამაშებით, ამჯერად ნოემბრის ტესტ-მატჩებით გაგრძელდა:

“ჩვენ ფაქტობრივად ყველასთან გვქონდა მოლაპარაკება. საბოლოოდ, კალენდარს წლის ბოლოს “მსოფლიო რაგბი” აყალიბებს. შემიძლია თითქმის დადასტურებით ვთქვათ, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში, ოღონდ ზუსტად როდის ჯერ არ ვიცით, გვექნება შეხვედრა შოტლანდიასთან” - აქ უმალ დაიბადა შეკითხვა: თბილისში? - “არა, მსგავსი გუნდებისთვის სახლში თამაში არის მოგება, შენთან ჩამოსვლა ქველმოქმედება. ზელანდიელებმა თბილისში ჩამოსვლის სანაცვლოდ 2 მილიონი მოითხოვეს, რისი გადახდის საშუალებაც არ გვაქვს, მაგრამ ძალიან კარგად მიდის მოლაპარკება “მაორებთან”. მათაც უნდათ ფული, მაგრამ განუზომლად ნაკლები. აქ უკვე სამუშაოა სპონსორებთან და უნდა შევძლოთ მათი ჩამოყვანა. გარდა ამისა, ახლა მიიღებენ გადაწყვეტილებას და აპირებენ ასეთი გუნდის, “ზელანდიელი ბარბაროსების” შექმნას და თუ ის შეიქმნა, შეიძლება მოხდეს ისე, რომ მეორე წელიწადს ისინიც ჩამოვიყვანოთ. ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა შედგეს ტურნე და “ბარბაროსებისთვის” დამატებით კიდევ ორი თამაში უნდა გამოიძებნოს.

გრძელდება მოლაპარაკება პირველი დონის სხვა გუნდებთან, როგორც ბრიტანეთში, ასევე სხვა მიმართულებით. ბევრი რამ გადაწყდება ნოემბერში, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება შეხვედრა და მსოფლიო თასზე მონაწილე გუნდების მწვრთნელების ანგარიშის ჩაბარება. მოკლედ, წლის ბოლოსთვის ყველაფერი გვეცოდინება, ყოველ შემთხვევაში 2016 წლის კალენდარი დაზუსტებით და 2017 წლის გრაფიკი მეტ-ნაკლებად. იყო შემოთავაზება ფრანგი “ბარბაროსების” და სხვების მხრიდან, მაგრამ გვინდა მეტი თამაში სამხრეთელებთან. “მსოფლიო რაგბის” გარდა, პარალელურ რეჟიმში ჩვენც ვაწარმოებთ კომერციული სახის მოლაპარაკებებსაც, როგორიცაა “მაორების” შემთხვევა და გპირდებით, ამ პერიოდში არაერთი საინტერესო შეხვედრა გვექნება”.

რა თქმა უნდა საუბარი შეეხო ლეგიონერებსაც, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ საფრანგეთში გარკვეული შეზღუდვები წესდება და მსოფლიო თასის შემდეგ ბრიტანულ კუბებთან უკვე ორმა ქართველმა ლეგიონერმა გააფორმა კონტრაქტი:

“ნაკრების წარუმატებლობას საფრანგეთში ძალიან ბევრი ადამიანი ტოპ 14-ში ლეგიონერების სიჭარბეს აბრალებს, მათ შორის ბერნარ ლაპასე, “ტულონის” ყოფილი მწვრთნელი, რომელიც საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტობას აპირებს და თუ ის აირჩიეს, ჩემი აზრით, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. სწორედ ამიტომ, ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ ბრიტანულ ბაზარზე, რათა ჩვენი მოთამაშეებისთვის ეს მიმართულებაც გაიხსნას. ამჟამად მილტონ ჰეიგი სწორედ ბრიტანეთშია და სხვა საკითხებთან ერთად, მისი ერთ-ერთი ამოცანა ესეცაა.

მაგრამ აქ არის ენობრივი ბარიერიც და ამ კუთხით გვაქვს გარკვეული იდეები. აკადემიისა და ახალგაზრდული ნაკრების ბავშვებისთვის, ვაპირებთ, რომ “შევარდენის” ბაზაზე შეკრებაზე შემოსვლის დღიდან, სავალდებულო გახდება ინგლისური ენის შესწავლა. საუბარია მარტივ, ზოგადსაგანმანათლებლო კურსზე. იგივე ეხება მწვრთნელებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლუბის მწვრთნელთა დონე ამაღლდეს. დეკემბერში ხუთი მწვრთნელი - ლევან მაისაშვილი, ილია მაისურაძე, ირაკლი მაჩხანელი, ლადო კილასონია და ზურაბ ამონაშვილი 16 დღით მიდიან ახალ ზელანდიაში. ისინი “ბლუში” და “ჩიფსში” და გაივლიან თეორიულ მეცადინეობებს, ჩაიხედავენ შიდა სამზარეულოში და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას. ყოველ წელს წავა ჯგუფები ზელანდიაში, ინგლისში, სხვა ქვეყნებში. მწვრთნელების დონე სერიოზულად უნდა ავამაღლოთ. უნდა შევინარჩუნოთ ის ძლიერი მხარეები, რაც გვაქვს და ავიღოთ ახალი იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც ახალი სტანდარტები დაამყარეს (ავსტრალია და ზელანდია)”.

ქართული რაგბის პროგრესი კლუბების და შიდა ჩემპიონატის, ასევე ქართული კლუბის ევროთასებში ჩართვის გარეშე წარმოუდგენელია და ამაზე ყველა თანხმდება:

“ევროტურნირებში არმონაწილეობა, იმით არის გამოწვეული, რომ უბრალოდ ამას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ. შიდა, საკლუბო რაგბიში, 100-ჯერ მეტი სამუშაოა, ვიდრე სანაკრებო მიმართულებით, რადგან სწორედ ისაა საფუძველთა საფუძველი. ყველა ის ბიჭი, რომელიც დღეს მსოფლიოს აზანზარებს, სწორედ ქართული კლუბების აღზრდილია. სამწუხაროდ, დღესდღეობით ქართული კლუბები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან და თუ რევოლუციურად არ შევცვალეთ ყველაფერი, ჩემპიონატს ვერ გავაძლიერებთ. 400 ათასი ლარის დაფინანსება, რომელიც თითოეულ კლუბს რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერგება და რისთვისაც სახელმწიფოს დიდ მადლობას ვუხდი, ლარის დევალვაციის ფონზე ყველა საჭიროებას ვერ უზრუნველყოფს. ამ თანხად ვერ მოთხოვ კლუბებს რომ ყავდეს ვიდეოანალიტიკოსი, ფიტნესის მწვრთნელი, სხვა მრავალი სპეციალისტი. ეს პროგრამა, რომელიც 4-წლიანი იყო, 2016 წელს სრულდება. შემდეგი 4-წლიანი პროგრამისთვის უნდა ვეცადოთ, სახელმწიფოსგან კლუბებმა მეტი დახმარება მიიღონ და მეორეს მხრივ, ცალკე დაიდოს საჭირო თანხა ჩემპიონი გუნდისთვის, რათა მან ევროთასებში მიიღოს მონაწილეობა. ამ ეტაპზე სხვა შანსი უბრალოდ არ გვაქვს. მაქვს იმედი, რომ თუ 2016-იდან არა, 2017 წლიდან მაინც, ევროტურნირებში აუცილებლად მიიღებს ქართული კლუბი მონაწილეობას. დანარჩენ კლუბებს, თუ საშუალება იქნება, აგვისტოს თვეში უნდა მოვუწყოთ ტურები, სადაც ისინი სპარინგ-თამაშებს გამართავენ ძლიერ გუნდებთან და ვისი გაშვებაც ვერ მოხერხდება, მათ აქეთ უნდა ჩამოვუყვანოთ გუნდები. ეს განუზომლად იაფი დაჯდება და სამაგიეროდ, ყველა მოთამაშეს ექნება შანსი იმისა, რომ საერთაშორისო შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა”.

გულშემატკივრები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ გაიზარდოს ეროვნული ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასი და ამ თანხით მოხერხდეს გარკვეული პროგრამების დაფინანსება. იდეა მრავალმხრივი იყო - გაიზარდოს ყველა ბილეთის ფასი, ან მხოლოდ ყველაზე პრესტიჟული ადგილების ბილეთების ფასი.

დაინტერესდნენ ახალგაზრდულ ნაკრებებში უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანის შესაძლებლობით, რისიც კატეგორიული წინააღმდეგია ნიჟარაძე, რადგან ასე ვერ გაიზრდებიან ქართველი მწვრთნელები. საუბარი შეეხო მილტონ ჰეიგის ნაკრებში დარჩენა-არდარჩენის საკითხსაც და პასუხი მრავალჯერ დაფიქსირებულის მსგავსი იყო - ეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, ახალი გამგეობის გადასაწყვეტია. იყო სხვა საკითხებიც, რომლებზეც კომენტარებში ის ქომაგები ისაუბრებენ, რომლებიც ამ საინტერესო შეხვედრას ესწრენოდნენ.

0.185571