რაგბი

19:50 | 2.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ლელოთი და მჭედლიძე მოგებით დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების წევრთა უმრავლესობამ, მსოფლიო თასის შემდეგ სათანადოდ დაისვენა, ტრავმები მოიშუშა და საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის კლუბების ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა.

კოჭი მოირჩინა “ბორჯღალოსანთა” კაპიტანმა მამუკა გორგოძემ, რომელიც სპეციალისტებმა მსოფლიო თასის “ოცნების გუნდში” შეიყვანეს, მიმდინარე სეზონში “ტულონის” მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა და ეს მოვლენა ლელოთი აღნიშნა. მისი, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის გუნდი “გრენობლთან” სტუმრად 29:33 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. გორგოძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, მიქაუტაძე შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა და დასკვნითი 40 წუთი ითამაშა, ხოლო ჩილაჩავა ჯერაც ტრავმირებულია.

“ტულონმა” სამი ლელო გაუშვა, თავად 4 გაიტანა, მაგრამ ჯარიმების ხარჯზე დამარცხდა. სტუმრებმა თამაში ცუდად დაიწყეს და 15 წუთში ორი ლელო გაუშვეს - 0:14. ამას ტულონელთა მოლი მოჰყვა, რომელშიც გორგოძეც იყო ჩართული და ერთი ლელო მე-19 წუთზე გაიქვითა, ხოლო 28-ე წუთზე “ტულონმა” საკუთარი ნახევრიდან 70-მეტრიანი კონტრშეტევა წამოიწყო, მას მარჯვენა ფლანგიდან კარგი გარემარბივით მიჰყვა მამუკა, რომელმაც გრძელი გადაცემა მიიღო და ბოჭვის მიუხედავად ლელოს მიწვდა. ერთი გარდასახვა არაზუსტი იყო, მერე მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი 17:12 მოიგეს. 45-ე წუთზე დერეფანში ბურთი გორგოძემ მოიგო, კარგი მოლი შეკრა და ერმიტეიჟმა დუბლი შეასრულა, რის შემდეგაც “ტულონი” 19:17 დაწინაურდა, მაგრამ ჯარიმით და საჯარიმო ლელოთი მალევე ჩამორჩა და ბოლო წუთზე გატანილი მეოთხე ლელოთი მხოლოდ პრემიალური ქულის აღება მოახერხა.

ტოპ 14-ს დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და იური ნატრიაშვილის “კლერმონი” ლიდერობს, რომელმაც “კასტრი” 42:13 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ზირაქაშვილი ტრავმირებულია, ნატრიაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო კოლელიშვილი შეცვლაზე დასკვნითი 15 წუთი გაისარჯა. მასპინძლებმა 5 ლელო გაიტანეს, მეტოქისგან კი, ერთი კონტრშეტევაზე, გადაცემის ჩაჭრის შედეგად მიიღეს.

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა თამაზ მჭედლიძის და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა”, რომელმაც დუდუ ქუბრიაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსეს” 28:23 სძლია. მასპინძელთა შორის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა “ბორჯღალოსანთა” გარემარბმა მჭედლიძემ. მას ტოპ 14-ში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა, როდესაც “მონ-დე-მარსანის” შემადგენლობაში შეცვლაზე 13 წუთი ითამაშა, განვლილი ორი სეზონი პრო დ2-ში გაატარა, ახლა კი, პირველად იყო ტოპ 14-ის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში და მოედანზე 71 წუთი გაატარა.

მჭედლიძემ მასპინძლების მესამე ლელო შექმნა. 59-ე წუთზე მან ფლანგზე მიიღო გადაცემა და ბურთი წინ ფეხით გადაგზავნა, რასაც კარგად მიჰყვნენ თაზოს თანაგუნდელები და ანგარიში 28:10 გახდა. დარჩენილ დროში პარიზელებმა, რომლის შემადგენლობაშიც ჟვანიამ პირველიდან 46-ე წუთამდე ითამაშა, ორი ჯარიმა, ერთი საჯარიმო ლელო და გარდასახვა გაიტანეს და პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. ჯერჯერობით “აჟენი” და “სტად ფრანსე” გასავარდნი ზონის სიახლოვეს არიან.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგმა” კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივი” დაძაბულ ბრძოლაში 17:14 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ სტუმართა ორმა ქართველმა ბურჯმა მიიღო – ჟღენტი შეცვლაზე 51-ე, ხოლო შველიძე 68-ე წუთზე შევიდა. სტუმრებმა ტაიმი 14:3 მოიგეს, მაგრამ პარიზელებმა დასკვნით 20 წუთში იმძლავრეს და ორი ლელო გაიტანეს, თანაც, 6 წუთი 2-კაციან მეტობაში გაატარეს და “ბრივს” შანსი აღარ დარჩა.

მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” ვასილ კაკოვინის “ტულუზს” უმასპინძლა და 25:33 დამარცხდა. ნარიაშვილმა პირველიდან 79-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო კაკოვინი შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა. გუნდებმა სამ-სამი ლელო გაიტანეს და “მონპელიეს” ორ ლელოში, რომლებიც მოლის შედეგად გავიდა, ნარიაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. “ტულუზმა” თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და “მონპელიემ” 17-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა.

ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” სტუმრად “ბორდოსთან” 16:21 დამარცხდა და პრემიალური ქულა ჩაიწერა. ქართველმა ბურჯმა 54-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა, მაგრამ 77-ეზე თავად შეცვალეს. შეხვედრის ერთადერთი ლელო სტუმრების ანგარიშზეა, მაგრამ ისინი ხშირად ჯარიმდებოდნენ და ამის გამო წააგეს. გიორგი ნაცარაშვილის “პო” ასევე სტუმრად “უაიონაკსთან” 23:42 დამარცხდა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო.

ტოპ 14. VII ტური

31 ოქტომბერი - 1 ნოემბერი

უაიონაკსი - პო 42:23

აჟენი - სტად ფრანსე 28:23

ბორდო - ლა როშელი 21:16

რასინგი - ბრივი 17:14

მონპელიე - ტულუზი 25:33

კლერმონი - კასტრი 42:13

გრენობლი - ტულონი 33:29

1. კლერმონი 7 5 1 1 232:109 28 6
2. რასინგი 7 6 0 1 150:126 24 0
3. ტულუზი 7 5 0 2 169:104 22 2
4. მონპელიე 7 5 0 2 198:158 22 2
5. ბორდო 7 4 1 2 150:145 19 1
6. გრენობლი 7 4 0 3 182:168 18 2
7. ბრივი 7 4 0 3 126:126 18 2
8. ტულონი 7 3 0 4 212:153 17 5
9. ლა როშელი 7 2 0 5 131:193 11 3
10. კასტრი 7 2 0 5 140:186 10 2
11. უაიონაკსი 7 2 0 5 160:232 10 2
12. სტად ფრანსე 7 2 0 5 143:168 9 1
13. პო 7 2 0 5 114:192 9 1
14. აჟენი 7 2 0 5 124:171 8 0

VIII ტური. 7-8 ნოემბერი

ტულონი - მონპელიე, ლა როშელი - უაიონაკსი, პო - აჟენი, ბრივი - ბორდო, ტულუზი - გრენობლი, კასტრი - რასინგი, სტად ფრანსე - კლერმონი

0.115591