სხვა

11:01 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სპორტის მუზეუმი 50 წლისაა!

20 ოქტომბერს, ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის იუბილე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზეიმო მიღებით აღინიშნა.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, პარლამენტარები, ქართული სპორტის ვეტერანები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

„ვულოცავ ქართული სპორტის მუზეუმს ამ დიდ იუბილეს! ეს მუზეუმი ჩვენი სპორტის სახლია და მიხარია, რომ ასეთ ლამაზ თარიღს ამგვარად აღვნიშნავთ. მუზეუმის მესვეურებს დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი სპორტის პოპულარიზაციაში და მისასალმებელია, რომ მათ ინიციატივას ახალგაზრდა თაობა ენთუზიაზმით ხვდება. მსურს ეს იუბილე ასევე მივულოცო ჩვენს ვეტერან სპორტსმენებს, ქართული სპორტის ვარსკვლავებს და გულშემატკივრებს", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„დღეს ჩვენი მუზეუმის 50 წლის იუბილეს ვზეიმობთ, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული მუზეუმის გამორჩეულ თარიღს! მსურს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან მობრძანებისთვის! საქართველოს ისტორიაში სპორტს გამორჩეული ადგილი უჭირავს და ჩვენ, მუზეუმის მესვეურები, ვამაყობთ, რომ ქართული სპორტის წარსული სხვადასხვა ექსპონატის სახით მაქსიმალურად კარგადაა წარმოდგენილი. ჩვენი მუზეუმი ვიზიტორთა მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია საქართველოში - ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი გვსტუმრობს. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ არაერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ და დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის - ჩვენი მუზეუმის კარი ქართული სპორტის ლეგენდებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყოველთვის ღიაა!" - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ნანა მიქაძემ სპეციალური დიპლომით დააჯილდოვეს ლილი ლომსაძე, მთავარი მცველი - ის მუზეუმში დაარსების დღიდან, 1965 წლიდან მოღვაწეობს. ქალბატონმა ლილიმ განაცხადა: „დღევანდელი დღე ჩემთვის დაუვიწყარია - აქ ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე და მიხარია, რომ მუზეუმის დაარსების, განვითარების და დახვეწის თვითმხილველი გახლავართ. ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და თანადგომისთვის".

„ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის იუბილეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მუზეუმში ჩემი არაერთი ჯილდოა გამოფენილი და ამით მხოლოდ ვამაყობ. მსურს მთელი სულით და გულით მივულოცო მუზეუმის მესვეურებს 50 წლის იუბილე, წარმატება, ზრდა და ულევი დამთვალიერებელი ვუსურვო", - განაცხადა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა.

იუბილეს ფარგლებში მუზეუმის მესვეურებმა სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს სხვადასხვა საშუალო სკოლის მასწავლებლები, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის აღსაზრდელებმა კი სტუმრებს მუზეუმის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი წარუდგინეს.

50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მუზეუმს ავტოგრაფებით დამშვენებული ეროვნული გუნდის მაისური უსახსოვრა, ჭიდაობის ფედერაციისგან კი მუზეუმმა ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აივენგო რიკაძისა და ნიკოლოზ კახელაშვილის ოქროს მედლები და ქამრები მიიღო. ასევე მუზეუმში გამოიფინება თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოქროს მედალი და ქამარი. ამას გარდა, მუზეუმმა სხვადასხვა თასები და მედლები მიიღო შაიბიანი ჰოკეის ფედერაციისგან და მოჭადრაკეებისგან.

ტარიელ ხეჩიკაშვილის გადაწყვეტილებით, მუზეუმს გადაეცა სპორტის რაინდის წოდების დამადასტურებელი მედალი და დიპლომი, რომელიც მსოფლიო ველომოგზაურს ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.

იუბილეს ფარგლებში შედგა ქართული სპორტის მუზეუმის შესახებ გამოცემული ჟურნალის პრეზენტაცია - „ქართული სპორტის მუზეუმი - 50", რომელიც სტუმრებს სამახსოვროდ დაურიგდათ.

ქართული სპორტის მუზეუმი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაშია განთავსებული, 1965 წლის 14 აგვისტოს თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე, ფიზკულტურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან დაფუძნდა. განვლილი წლების განმავლობაში მუზეუმმა არაერთი მისამართი შეიცვალა, 2007 წლიდან კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარეობს.

მუზეუმის დაფუძნებასა და ექსპონატების შეგროვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მ.გიორგაძემ, გ.მღებრიშვილმა, ვ.სამსონაძემ, გ.მერკვილაძემ, ლ.გოლოვნიამ, ი.კიზირიამ, ვ.ვერულეიშვილმა, რ.ნიკოლაძემ, ა.ციბაძემ, ნ.შიშნიაშვილმა, ნ.დუმბაძემ, ნ.პაშიკოვმა, გ.სიხარულიძემ ა.მოგელაძემ, ნ.კეცხოველმა, გ.ფანჯიკიძემ, შ.ქველიაშვილმა, გ.შიოშვილმა, ვ.შუბლაძემ, რ.გოგლიძემ, ი.მეძმარიაშვილმა, ნ.რურუამ, ტ.ხეჩიკაშვილმა, ლ.ყიფიანმა...

ქართული სპორტის მუზეუმში არაერთი საინტერესო და ძვირფასი ექსპონატია დაცული. მაგალითად, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ციმაკურიძის ოქროს მედალი; ქართული ფეხბურთის პირველი საერთაშორისო ტრიუმფის დამადასტურებელი, თბილისის დინამოელების მიერ 1973 წელს ესპანეთში მოგებული „კოლუმბის კარაველა"; 1677 წელს გამოცემული ფასდაუდებელი ნაშრომი ფარიკაობაზე; ლეგენდარული ქართველი მძლეოსნის ნინო დუმბაძის ბადრო; ქართული სპორტის გამორჩეული ნოვატორისა და მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის პირადი ნივთები; სპორტსმენთა არქივები, სპორტის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.115667