დღეს, ქართული კლუბი პირველად ითამაშებს უეფას ჭაბუკთა ლიგაში – თბილისის „საბურთალო" დანიაში „მიდტიულანდს" დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ ჰერნინგის არენაზე გაიმართება.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი ორი დღის წინ გაემგზავრა დანიაში. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, საპასუხო შეხვედრაში კი „საბურთალო" მეტოქეს 21 ოქტომბერს უმასპინძლებს.
ეს პირველი წრის მატჩებია, 3-4 და 24-25 ნოემბერს კი მეორე ეტაპის შეხვედრები გაიმართება, რის შემდეგაც ლიგის ფლეი-ოფში გასული 8 კლუბი გამოვლინდება. ფლეი-ოფის მატჩები 9 და 10 თებერვალს შედგება.
წლევანდელ ტურნირში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში გასული 32 კლუბის ახალგაზრდული გუნდები მონაწილეობენ, ასევე უეფას რეიტინგში 1-32 ადგილებზე მყოფი ქვეყნების ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარჯვებულები.
ჩემპიონთა ლიგის მონაწილე 32 კლუბის ჭაბუკთა გუნდები ჯგუფურ ტურნირში ასპარეზობენ, დანარჩენი 32 კი ფლეი-ოფში ეცდება 1/8-ფინალის საგზურის მოპოვებას.
ჯგუფური ტურნირის პირველადგილოსნები პირდაპირ იღებენ 1/8-ფინალის საგზურს, მეორეადგილოსნები კი ფლეი-ოფში სწორედ იმ 8 გუნდს შეხვდებიან, რომლებიც ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარჯვებულის სტატუსით მონაწილეობენ ამ გათამაშებაში.
უეფას ჭაბუკთა ლიგა მესამედ ტარდება. პირველი გათამაშება 2014-2015 წლების სეზონში „ბარსელონამ" მოიგო, ბოლო კი ლონდონის „ჩელსიმ".
www.msy.gov.ge