დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის დარჩენილი ხუთი მატჩი გაიმართება. მათგან განსაკუთრებულ ინტერესს ერთი შეხვედრა იწვევს. ვალენსიაში, “მესტალიაზე” ადგილობრივი გუნდი ფრანგულ “მონაკოს” უმასპინძლებს.
“ღამურები” ამ შეხვედრას განსაკუთრებული მოლოდინით ელიან, რადგან უეფას უპრესტიჟულეს ტურნირზე დაბრუნების შანსი აქვთ. რაც შეეხებათ ფრანგებს, “მონაკო” გასულ სეზონში მეოთხედფინალამდე მივიდა და იქ მომავალ ფინალისტ “იუვენტუსთან” დაძაბულ ბრძოლაში წააგო.
ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა წლეულს საკმაოდ კარგი შევსება მიიღო. გამოსარჩევია იტალიელი შემტევი სტეფან ელ შაარავი, რომელიც მონეგასკებს ნელ-ნელა ეჩვევა. “ვალენსიას” სატრანსფერო ბაზარზე განსაკუთრებული აქტიურობით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ ძირითადი ბირთვი სრულად შეინარჩუნა, რაც ნუნუ ესპირიტოსთვის დიდი პლიუსი უნდა იყოს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ვალენსია” (4-4-2): რაიანი; ბარაგანი, მუსტაფი, ორბანი, გაია; ფეგული, პარეხო, გომესი, დე პაული; ნეგრედო, ალკასერი
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო
“მონაკო” (4-2-3-1): შუბაშიჩი; ფაბინიო, რაჯი, კარვალიო, კურზავა; ტულალანი, მოუტინიო; კავალეირო, სილვა, ელ შაარავი; მარტიალი
მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი
გლაზგოში, “სელტიკი” შვედეთის ჩემპიონ “მალმეს” დაუხვდება, რომელიც თავის მხრივ, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეღწევას ზედიზედ მეორედ ეცდება. ვენის “რაპიდი” კი ამსტერდამის “აიაქსის” ძლევის შემდგომ კიდევ ერთი სენსაციის მოხდენას გეგმავს და დონეცკის “შახტარს” დამარცხებას უპირებს.
შვეიცარიის “ბაზელი” თელ-ავივის “მაკაბის” შინ დაუხვდება, ხოლო “შკედერბეუ” ასევე შინ ხორვატიის ჩემპიონ “დინამოს” მასპინძლობს.
მატჩები ერთმანეთის პარალელურად, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.