საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ, რომელიც “დნიპროს” ლუცკის “ვოლინში” განათხოვრებული ჰყავს, ინტერნეტპორტალ ukrfootball.ua-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამჟამინდელზე უკეთესად თამაში შეუძლია.
- დონეცკის “ოლიმპიკთან” მატჩის შემდეგ, ლუცკის “ვოლინის” მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი კვარციანიმ განაცხადა, რომ ლეგიონერებს უკეთესად თამაში შეუძლიათ...
- ეს ჩვენი თავკაცის სტილია, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. პრინციპში მას ვეთანხმები, რადგან უკეთესად თამაში შემიძლია. ამიტომ, კვარციანი მართალია, როდესაც მეტს ითხოვს.
- ერთი სიტყვით, მწვრთნელი სისუსტეებისგან გათავისუფლებაში ხელს გიწყობთ?
- დიახ. ძალიან მომწონს, რომ შემტევ მოთამაშეებს უფლება გვაქვს წინ წავიდეთ და მცველები “მოვატყუოთ”. კვარიციანი არა თუ ნებას გვაძლევს, არამედ, ჩვენგან ამას ითხოვს.
- მიუხედავად იმისა, რომ “ვოლინი” მეექვსეზე მაღალ ადგილს ვერ დაიკავებს და ევროთასებზე ვერ მოხვდება. მაინც გსურთ, რომ ამჟამინდელი პოზიცია შეინარჩუნოთ?
- რა თქმა უნდა! ყველას რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება სურს. ახლა დონეცკის “მეტალურგი” აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. თუმცა, დღემდე ყველაფერი “მეტალისტზეა” დამოკიდებული.
- ჯერ კიდევ ისვენებთ თუ უკვე მომავალ დაპირისპირებაზე ფიქრობთ?
- დასვენებისთვის არ მცალია. “მეტალურგთან” მატჩის მერე, ეროვნული გუნდის შეკრებაზე მივფრინავ. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სეზონი მაჟორულ ნოტზე დავასრულო, რათა სამშობლოში კარგი განწყობით დავბრუნდე.
- უკვე ფიქრობთ მომავალ ჩემპიონატს სად დაიწყებთ?
- ვფიქრობ, მაგრამ კონკრეტიკა ცოტაა. ახლა უფრო მეტად სეზონის კარგად დასრულებაზე ვარ კონცენტრირებული. ამის შემდეგ, “დნიპროში” უნდა დავრეკო და გამოჩნდება წინ რა მელის.
- თქვენზე რამე დამოკიდებული იქნება?
- უდავოდ. კლუბმა ჩემი სურვილის შესახებ იცის. წინასწარ ვერ გეტყვით ყველაფერი როგორ წარიმართება.
- სურვილი რას გეუბნებათ?
- მაღალ დონეზე “დნიპროში” თამაში მსურს. კლუბში დაბრუნება და სასტარტოში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მინდა. თუმცა, ამ საკითხში ყველაფერი ჩემს სურვილზე დამოკიდებული არაა. ამას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს.
- ბოლო წლის განმავლობაში მირონ მარკევიჩთან კონტაქტი გქონდათ?
- არცერთხელ. ის როდესაც დნეპროპეტროვსკში ჩავიდა, მე ლუცკში გავემგზავრე.