ხვალიდან ვაჟ მოჭადრაკეთა შორის გრან პრის ბოლო, მეოთხე ეტაპი იწყება, რომელსაც რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკი 13-27 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს. ოთხშაბათს გახსნის დღეა. კენჭისყრის შემდეგ, მოჭადრაკეები დაწყვილდებიან და 14 მაისს პირველი ტურის პარტიებს ჩაატარებენ.
გრან პრის ტურნირში, რომელიც 4 ეტაპად ტარდება, მსოფლიოს 16 საუკეთესო მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველოს წარმომადგენელი ბაადურ ჯობავა. თითოეულ მოჭადრაკეს 4-დან სამ ტურნირში აქვს მონაწილეობის მიღების უფლება. ეს უფლება უკვე გამოიყენეს და ასპარეზობა დაასრულეს შაჰრიარ მამედიაროვმა, თეიმურ რაჯაბოვმა, დმიტრი ანდრეიკინმა და რუსტამ კასიმჟანოვმა. მათი გამოკლებით, ხანტი-მანსიისკში დანარჩენი 12 მოჭადრაკე იასპარეზებს.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა უკეთესი კოეფიციენტის მქონე მოჭადრაკეს მიენიჭება.
ბაქოსა (აზერბაიჯანი) და ტაშკენტის (უზბეკეთი) შემდეგ, მიმდინარე წელს მესამე ეტაპს თბილისმა უმასპინძლა, რომელიც ევგენი ტომაშევსკის (რუსეთი) გამარჯვებით დასრულდა. 252 ქულით საერთო ჩათვლაშიც ტომაშევსკი ლიდერობს. მეორე ადგილზე 235 ქულის მქონე მამედიაროვმა ასპარეზობა უკვე დაასრულა. ტომაშევსკის დაწევის ყველაზე კარგი შანსი იტალიელ ფაბიანო კარუანას აქვს, რომელიც 230 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ჯობავას, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავისთან (საფრანგეთი) და ანიშ გირთან ერთად 115-115 ქულა აქვს და მე-12-მე-14 ადგილებს ინაწილებს.
სატურნირო მდგომარეობა სამი ეტაპის შემდეგ
- ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) 252 ქულა
- შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) 235
- ფაბიანო კარუანა (იტალია) 230
- თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) 210
- ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) 207
- დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) 200
- ბორის გელფანდი (რუსეთი) 170
- დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 170
- სერგეი კარიაკინი (რუსეთი) 157
- რუსტამ კასიმჟანოვი (უზბეკეთი) 125
- ალექსანდრე გრიშუკი (რუსეთი) 122
- მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 115
- ბაადურ ჯობავა (საქართველო) 115
- ანიშ გირი (ჰოლანდია) 115
- პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 102
ლემიერ დომინგეს პერესი (კუბა) 85