რაგბი

23:49 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 20-წლამდელები წარმატებული კამპანიის გაგრძელების იმედით
WorldRugby.org-ის სტატია 20-წლამდე “ბორჯღალოსნების” შესახებ

მას შემდეგ რაც ქართველმა 18-წლამდელებმა მარტში ისტორია შექმნეს, დადგა 20-წლამდე “ბორჯღალოსნების” დრო, რათა პორტუგალიაში, წლევანდელი ალაფის გათამაშებაში თავიანთი კვალი დატოვონ.

აქამდე, მათ ალაფის ოთხ გათამაშებაში მესამე ადგილზე უკეთესი შედეგი ჯერ არ დაუდიათ და ამის გაუმჯობესება ალბათ დიდ ჯაფას მოითხოვს, რადგან მათ ტურნირის ფავორიტ ფიჯისთან მოუწევთ თამაში, რომელიც შარშანდელი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდა.

თუმცა, ერთი თვის წინ ირლანდიისა და იტალიის დამარცხებით ქართველმა 18-წლამდელებმა დაამტკიცეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მოიპოვეს ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის ფინალში თამაშის უფლება.

“18 წლამდელების წარმატება ჩვენთვის დიდი სტიმულია და ამასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც”, - განაცხადა 20-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

“მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფა სერიოზული ტურნირია, რომელშიც ძალიან კარგი გუნდები ასპარეზობენ და ჩვეენც შევეცდებით, მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.

იქ მოასპარეზე ყველა გუნდს აქვს იმის შანსი, რომ უმაღლესი ადგილებისთვის იბრძოლოს. ეს ხომ რაგბია, ოსტატობის, თავდადების, ფიქრის და იღბალის ნაზავი. ასე, რომ, წინასწარ შედეგის გამოცნობას მოვერიდები.

ერთს კი დანამდვილებით ვიტყვი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება”.

საქართველოს ნაკრები ჯერ ურუგვაის, შემდეგ – ფიჯის, ბოლოს კი მასპინძელ პორტუგალიას ეთამაშება. შარშან ოქტომბერში, როდესაც ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიელებს ლისაბონში ეთამაშნენ, მათ მასპინძლებს 44:14 სძლიეს და ალაფის საგზური დაისაკუთრეს.

“მეტოქეებზე კონკრეტული ინფორმაცია ნაკლებად გვაქვს. ვინ იქნება ყველაზე სახიფათო, ამის თქმა ძნელია”, - განაგრძო მაისურაძემ.

“წელს ძალზე ღირსეული მეტოქეები გვყავს. ურუგვაი შარშან ძალიან მოგვეწონა, სწრაფი, მებრძოლი და ხასიათიანი გუნდია, წინა ტროფიზე პირველივე მატჩში მომავალი ჩემპიონი იაპონია რომ დაამარცხა.

ფიჯელების ინდივიდუალური სიძლიერისა და სარაგბო ფანტაზიის შესახებ მთელმა მსოფლიომ კარგად იცის.

პორტუგალია კი ხასიათიანი და ხისტი გუნდია, ყოველთვის ბოლო წუთამდე რომ თამაშობს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საინტერესო ტურნირი გველოდება!”.

www.rugby.ge

0.112679