სხვა

11:06 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე პრემიერმინისტრის მიერ გასულ კვირაში წარდგენილი ტარიელ ხეჩიკაშვილი მუშაობას შეუდგა.

ხეჩიკაშვილი სპორტის სამინისტროში უკვე მივიდა და დღეს თანამშრომლებს პირველად შეხვდება. სამინისტროში იმყოფება ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანიც, რომლის განცხადებით, ის ტარიელ ხეჩიკაშვილს შაბათსაც შეხვდა და სამინისტროს მუშაობის სპეციფიკის შესახებ ესაუბრა.

სამინისტროში შესვლამდე “მოამბის” პირდაპირ ეთერში კომენტარი გააკეთა ტარიელ ხეჩიკაშვილმაც:

“დღეს თანამშრომლებს შევხვდებით და ჩვენს ხედვებს წარვუდგენთ. აქამდეც ვთქვი, რომ ჩემთვის თანამშრომლებთან მიმართებაში მთავარი ნიშანი პროფესიონალიზმი, პატიოსნება და პატრიოტიზმია. ვიცი, რომ აქ ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს და შესაბამისად, რევოლუციურ ცვლილებებს ნამდვილად არ ვგეგმავთ. ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს პარლამენტის სპორტის კომიტეტთან. გვექნება შეხვედრები, ბევრი საკითხია განსახილველი, ბევრი პროექტი ერთად უნდა განვახორციელოთ. შესაძლოა იყოს რაღაც საკითხებზე აზრთასხვადასხვაობა, მაგრამ ეს ბუნებრივია. ჩვენ ერთ სფეროს ვემსახურებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთობლივი მუშაობით მივაღწიოთ წარმატებებს”.

კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის ახალი შემადგენლობა და მათ შორის სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილის კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პარლამენტარებს კანდიდატურების განსახილვევლად ერთკვირიანი ვადა მიეცათ. თუმცა, მინისტრები აღნიშნულ პროცედურამდეც განახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114062