დღეს, გამთენიისას, კალათბურთში საერთაშორისო სტუდენტური ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილე სტუ მოსკოვში (რუსეთი) გაემგზავრა, სადაც მოსკოვის, ტალინის (ესტონეთი) და დებრეცენის (უნგრეთი) გუნდებთან ერთად ოთხთა ფინალში იასპარეზებს.
ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ მოსკოვში გამგზავრებამდე სტუ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლევან ტყეშელაშვილმა განუცხადა.
„არ გვეყოლება „ოლიმპის“ წევრი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ გოგოძე, რომელიც “ოლიმპთან“ ერთად მომზადებას ესტონეთში გადის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსკოვში იმ 11 კალათბურთელით მივემგზავრებით, რომლებმაც თბილისის ოთხთა ტურნირზე კარგად იასპარეზა და ოთხთა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. სტუდენტური ლიგის წესების გათვალისწინებით, ოთხთა ფინალისთვის კალათბურთელის დამატების უფლება არ მოგვცეს“ - გვითხრა ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოთხთა ფინალის ნახევარფინალში, რომელიც 23 აპრილს შედგება, სტუ ტალინის, ხოლო მოსკოვის გუნდი დებრეცენის კალათბურთელებს დაუპირისპირდება. ერთი დღის შემდეგ, 24 აპრილს, ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები პირველი, ხოლო ხელმოცარულები მესამე ადგილისთვის იასპარეზებენ.







