ფეხბურთი

19:35 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგის” საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ რუსთავის “მეტალურგის” პრობლემებს დასასრული არ უჩანს. ფინანსური პოლიცია ფეხბურთის ფედერაციის მიერ კლუბისთვის გადარიცხული 178 ათასი ლარით დაინტერესდა. “მეტალურგის” პრეზიდენტი კახა მენთეშაშვილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას გამორიცხავს და მისი თქმით, სამართალდამცველები გუნდში რაიმე სახის დარღვევას ვერ იპოვნიან.

“ჩვენ გადმოგვირიცხეს 178 ათას ხუთასი ლარი, ეს ფული მთლიანად დაიხარჯა მხოლოდ და მხოლოდ ხელფასებში. მერე გადმოგვირიცხეს 52 ათასი, ჭაბუკთა ლიგის ფული, რომელიც შეგვეძლო დაგვეხარჯა ტექნიკური თვალსაზრით და ისიც ხელფასებში დაიხარჯა. არავის ილუზია არ ჰქონდეს, რომ მაგ თანხიდან თუნდაც ერთი ლარი არამიზნობრივადაა დახარჯული”, - განაცხადა მენთეშაშვილმა “ტვ სპორტთან” საუბარში.

თავის მხრივ სფფ-ს პრესსამსახურის წარმომადგენლის, ეკა ელოშვილის თქმით, გუნდების მიერ წარმოდგენილი ხარჯვითი ნაწილის შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ იგი გასაჯაროვდება.

თუ რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ზემოთ აღნიშნული თანხა, ამის შესახებ დასკვნას პროკურატურა რამდენიმე დღეში გამოიტანს.

რუსთავის “მეტალურგის” მომავალი ბეწვის ხიდზე უკვე კარგა ხანიაა, თუმცა ჯერჯერობით კლუბის პრობლემებს საშველი არ უჩანს.

0.117556