თბილისის სპორტის სასახლეში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. სპორტის სასახლეში შეკრებილ აუდიტორიას ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ მიმართა და ტურნირი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.
ანტონიო ურსო (ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): “მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფებით და ევროპის ჩემპიონატი აქ ტარდება. საქართველოს ჰყავს ისეთი ძლიერი ძალოსნები, როგორიც კახი კახიაშვილია. დარწმუნებული ვარ კახიაშვილის ხელმძღვანელობით ტურნირი მაღალ დონეზე ჩაივლის. შეჯიბრში დაახლოებით 300 ძალოსანი მონაწილეობს, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული ტურნირის ჩატარებაში იღებს მონაწილეობას. ნება მიბოძეთ ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გახსნილად გამოვაცხადო”.
კახი კახიაშვილი (სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი): “დიდი გამოწვევაა და ამავდროულად დიდი პატივია ასეთი მაღალი დონის ტურნირის მასპინძლობა. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ტურნირმა უმაღლეს დონეზე ჩაიაროს. ამ დიდი სპორტული ფორუმის ჩატარება მოგვცემს დიდ გამოცდილებას, რაც შემდგომში უფრო მაღალი ტურნირების ჩატარების საშუალებას მოგვცემს. მადლობა ჩვენს მთავრობას და რა თქმა უნდა, ევროპის ძალოსნობის ფედერაციას”.
დავით ნარმანია (თბილისის მერი): “განსაკუთრებული პატივია ჩვენს ქალაქში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება. ბოლო ათეული წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ტურნირს ვმასპინძლობთ, ამიტომ დიდი ყურადღებით მოვეკიდეთ. დარწმუნებული ვარ, სპორტსმენები ღირსეულად გამოვლენ, ყველას წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებ”.
დღის ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყო, ხოლო ქართველი ძალოსანი რამინ შამილიშვილი (56 კგ) ასპარეზობაში 20:00 საათზე ჩაერთვება.
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს თბილისის სპორტის სასახლე 11-დან 18-აპრილამდე უმასპინძლებს. თბილისს 300-მდე ძალოსანი ეწვია. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 სპორტმენით წარსდგება (8 მამაკაცი, 2 ქალი)
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
მამაკაცები
რამინ შამილიშვილი (56 კგ)
გიორგი ლომთაძე (77 კგ)
ირაკლი გაბრიჭიძე (77)
ნიკა ნანაძე (94)
დავით გოგია (105)
გია მაჭავარიანი ( 105)
გიორგი ჩხეიძე (+ 105)
ირაკლი თურმანიძე (+105)
ქალები
თათია ლორთქიფანიძე (63 კგ)
სოფიო მუქათარიძე (69)