ფეხბურთი

15:18 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტრეზეგე “იუვენტუსში” დაბრუნდა

ახლა უკვე ოფიციალურად - დავიდ ტრეზეგე “იუვენტუსში” დაბრუნდა. ახლო წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ტურინული გუნდის “ლეგენდების პრეზიდენტის” რანგში მოგვევლინება. ამის შესახებ “ბებერი ქალბატონის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

“დავიდი კვლავ ჩვენთანაა. ჩვენი ისტორიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლეგიონერებს შორის, “ბიანკონერების” ოჯახში ბრუნდება. იგი იქნება ჩვენი ელჩი მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე მეტად, “იუვენტუსის” ლეგენდების პრეზიდენტი”, - წერია ტურინელთა საიტზე.

“იუვეში” დაბრუნებაზე კომენტარი თავად ტრეზეგემაც გააკეთა:

“შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა დასრულებულია. ეს იყო ლამაზი ისტორია ყოველმხრივ. ახლა მომეცა შანსი ახალი გამოწვევის იმ გუნდში, სადაც გავიზარდე, როგორც დიდი ფეხბურთელი და დიდი ადამიანი. ჩემთვის საამაყოა, რომ “იუვე” ისევ ჩემზე ფიქრობს. ბედნიერი ვარ ჩემს სახლში დაბრუნებით, “იუვეში”. პირველი სამუშაო 4 მაისს იაპონიაში იქნება, სადაც შევხვდები კიუშუს ლეგენდებს და შევარჩევ ამ კუნძულიდან საუკეთესო ფეხბურთელებს”, - ამბობს 1998 წლის მსოფლიოს და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი თავდამსხმელი.

დავიდ ტრეზეგეს კარიერის საუკეთესო პერიოდი “იუვენტუსში” გაუტარებია, რომლის ღირსებასაც 2000-2010 წლებში იცავდა. მან შავ-თეთრების რიგებში 171 გოლის გატანა მოახერხა, რაც გუნდის ისტორიაში უცხოელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

0.11375