რაგბი

18:10 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელების მორიგი შეკრება ალაფამდე

მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის ფარგლებში 20-წლამდელები მორიგ შეკრებას 10-დან 19 აპილამდე „შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გაივლიან. ტურნირამდე რიგით მე-4 მოსამზადებელ ეტაპს სპარინგ-მატჩი და ერთობლივი ვარჯიში დაემატება, რომელსაც 20-წლამდელები ფრანგული “კლერმონის” ესპუარებთან გამართავენ.

ეს უკანასკნელი საქართველოში 12 აპრილს ჩამოვა, შეხვედრები კი 15 და 18 აპრილს იგეგმება. წინა შეკრებებისგან განსხვავებით, სამწვრთნელო შტაბმა ამჯერად ლეგიონერებსაც უხმო, მათ შორის “კლერმონის” ორ მოთამაშეს – ბექა კაკაბაძეს და თორნიკე ზოიძეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის მოსამზადებელ ეტაპზე, ჩვენმა გუნდმა აქამდე 3 შეკრება გაიარა – წლის დასაწყისში მენტალური გამძლეობის შეკრება ჰქონდათ, შემდეგ იყო თბილისური შეკრება, რომლის ფარგლებშიც მათ ახალგაზრდა ძიუდოისტებთან გამართეს 2 ერთობლივი ვარჯიში, ბოლოს კი მარტის შეკრება “შევარდენზე” გაიარეს. 20-წლამდელები ალაფამდე უკანასკნელ – მთავარ შეკრებას 26 აპრილს გეგმავენ.

მომავალი ტურნირი ლისაბონში 12-დან 24 მაისის ჩათვლით გაიმართება. ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” “ა” ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელი პორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.

მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):

12 მაისი: საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ

16 მაისი: საქართველო – ფიჯი 20:00 სთ

20 მაისი: საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ

24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ

www.rugby.ge

0.11647