ქართული სარაგბო სამყარო 4 აპრილს დაგეგმილი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალის მოლოდინშია, რომელშიც უმცროსი “ბორჯღალოსნები” მასპინძელ საფრანგეთს შეერკინებიან.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, გადამწყვეტი მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე ტულუზას სტადიონ “ერნესტ ვალონზე” დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
მანამდე კი, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იტალიასთან მატჩის გამოხმაურება გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის ნახევარფინალური მატჩი 6:6 დასრულდა, ე.წ. “შუთ-აუთში” კი ქართველმა მორაგბეებმა 5:4 მოიგეს.
“თითქმის დაუჯერებელია! საქართველო და საფრანგეთი ფინალში არიან, მესამე ადგილისთვის კი ინგლისი და იტალია იბრძოლებენ... ფინალში ვართ! ეს უდავოდ ქართველი მორაგბეების ამდენი თაობის და წლების შრომამ მოიტანა. სისტემა შეიქმნა, ამუშავდა და უხეშად რომ ვთქვათ, პროდუქციის გამოშვება დაიწყო”, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.
დავით ჩავლეიშვილი (18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი): “სიტყვები არ მყოფნის! ბიჭებმა ისეთი რამ გააკეთეს, ისეთი თამაში მოიგეს და ისე იბრძოლეს, რომ ნამდვილი გმირები არიან! უცუდეს ამინდში ყველამ ბოლომდე იბრძოლა ძალიან მძიმე და ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ბიჭებმა, ვინც დაიწყო და ვინც შეცვლაზე შემოვიდა, ყველაფერი დადეს ამ თამაშში, ყველამ მაქსიმუმის მაქსიმუმი გააკეთა. აფერუმ იმ ოჯახებს, ვინც ეს ბიჭები გაზარდა!
რაც მთავარია, სწორი და ძლიერი დაცვით, შევძელით მოწინააღმდეგის ყველა მონახაზისა და გეგმის ჩაშლა. ბიჭები ძალიან მაგრად დაუდგნენ მოწინააღმდეგეს და თამაშამდე მიღებული დავალება ბოლომდე და უშეცდომოდ შეასრულეს. ფინალში ვართ და ახლა გაათასმაგებული მოტივაციითა და შემართებით შევუდგებით მზადებას!
ასმაგად სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ტრიბუნებიდან გვქომაგობდნენ აქ მაცხოვრებელი ქართველები და რაც მთავარია, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები. ამან ბიჭებს მეტი სტიმული მისცა. თამაშის მერე “ბორჯღალოსნები” 18-წლამდელებს შეხვდნენ და დერეფანი მოუწყვეს! მინდა ბიჭების სახელით დიდი მადლობა გადავუხადო სტადიონზე მოსულ ქართველებს და ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს”.
ლაშა ხურციძე (რაგბის კავშირის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე): “ბიჭებმა საოცარი საბრძოლო სულიკვეთება გამოავლინეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში მათთვის უკვე დიდი წარმატება იყო, დამშვიდდნენ და მეორე თამაში, ფაქტიურად, როგორც პროფესიონალებმა ისე ითამაშეს. მათ ამ შედეგს თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიაღწიეს. ვფიქრობ, რომ თუ ვერტიკალზე სწორი მუშაობა გაგრძელდება, მსგავს მოვლენებს მომავალში უფრო ხშირი და სტაბილური სახე მიეცემა. კიდევ უფრო გასახარია, რომ ეს არის ქართული რაგბის მომავალი, რომელმაც მოუგო ირლანდიისა და იტალიის რაგბის მომავალს, ფრანგული რაგბის მომავალს კი ფინალში ერკინება”.