ფეხბურთი

15:48 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობენისთვის სეზონი თითქმის დასრულებულია

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა არიენ რობენმა “გლადბახის” წინააღმდეგ ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩში მკერდის კუნთი გაიწყვიტა. როგორც გერმანული “ბილდი” იუწყება, ფეხბურთელს მინიმუმ 6 კვირა უქმად ყოფნა მოუწევს.

სარეაბილიტაციო პერიოდის ხანგრძლივობა უარეს შემთხვევაში 8 კვირის განმავლობაში შესაძლოა გაგრძელდეს. რობენი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მარტის თვეში გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.

აგრეთვე არიენი “რეკორდმაისტერებს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “პორტუს” ბარიერის დაძლევაში ვერ დაეხმარება. იმ შემთხვევაში თუ “ბაიერნი” ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში გააღწევს, როგორც პირველ (5 ან 6 მაისი), ასევე განმეორებით (12/13 მაისი) თამაშებში ჰოლანდიელის ასპარეზობა საეჭვო იქნება.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშება 23 მაისს სრულდება. შესაძლოა, რობენმა 33-ე (16 მაისი) და 34-ე ტურებში ითამაშოს. “ბაიერნის” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემთხვევაში კი სავარაუდოდ პეპ გარდიოლა რობენს 6 ივნისს სრული დატვირთვით გამოიყენებს.

რობენი ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაშიც ჩამორჩება. ამ ეტაპზე პირველ ადგილზე 19 გატანილი გოლით ალექს მეიერი იმყოფება. გერმანელს ჰოლანდიელი 2 გატანილი გოლით ჩამორჩება.

0.119648